დღეიდან, 1-ივნისიდან ორთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ყველა სახის მაღაზია, მათ შორის სავაჭრო მოლები გაიხსნა.
თუმცა, ვიდრე საოცნებო ფეხსაცმლამდე მიხვალთ, მანამდე პანდემიისეული კორიდორის გავლა მოგიწევთ. დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, ხელი უნდა დაიმუშავოთ შესაბამისი ხსნარით და ხელთათმანებიც უნდა გაიკეთოთ, რომელსაც ადგილზე მაღაზიები გახვედრებენ.
„პრაიმტაიმმა“ გადაიღო თბილისსა და რეგიონებში არსებული სხვადასხვა სახის სავაჭრო ობიექტები.
„პირბადე აუცილებად უნდა ეკეთოს მომხარებელს სხვანაირად ვერ მოვემსახურებით“, – ამბობენ ქუთაისში მდებარე „კოტონის“ მაღაზიაში. მათი თქმით, ამ დრომდე მათ მაღაზიაში 10 გასახდელი იყო, თუმცა ახლა მხოლოდ 5 მათგანი მუშაობს.
გარდა ამისა, ტანსაცმელი, რომელსაც მომხმარებელი მოიზომავს, 24-საათიან კარანტინში უნდა მოხვდეს. „ჯერ უნდა დაუთოვდეს და შემდეგ 24-საათიან კარანტინში მოხვდება“, – ამბობენ მაღაზია „მოლსში“.
რამდენად იმოქმედებს ეს მოთხოვნები ფასზე, ქუთაისის ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილში ამბობენ, რომ ჯერ არ იციან ამის შესახებ, ხოლო ნაწილში ამბობენ, რომ რეგულაციები ფასზეც აისახება.
ფასები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე არ გაზრდილა ზუგდიდის ბაზრობებზეც. თუმცა ქალაქში მდებარე ერთ-ერთი ბაზრობა არ გაიხსნა, რადგან არ არის ღია ტიპის.
კომენტარები