საარჩევნო წამზომი ჩართო. შუშის სასახლეში საიდუმლო სერობები დაიწყო.
“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „ქართული ოცნების კაშკაშა ვარსკვლავები“: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე და ა.შ. უხასიათოდ არიან. 2020 წლის მმართველი გუნდის საპარლამენტო სიას, ოლიგარქის გადაწყვეტილებით თავად ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დაწერს! ე.წ. „კვოტები“, რომელიც 2016 წლის არჩევნებზე კახა კალაძეს, გიორგი კვირიკაშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს ჰქონდათ, აღარ იქნება. ბიძინა ივანიშვილმა დაწინაურებული „კაშკაშა ვარსკვლავების“ ამბიციებს, პოლიტიკურ ვნებებს და გაზრდილ სახელისუფლო მადას ქამრები შემოუჭირა.
“2020NEWS”-მა გაარკვია და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დაადასტურა დღეს, რომ საარჩევნო სიაზე, სავარაუდო მაჟორიტარებზე და ახალ სახეებზე კონსულტაციები დაწყებულია:
,,დაწყებულია შერჩევა, ვინ იქნება მომდევნო მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრი, ზოგი მაჟორიტარი, ზოგი სიით. როდესაც უკვე არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს, უკვე მერე გადაწყდება, ვინ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას“
ვინ მოხვდება „ქართული ოცნების“ სიაში?! – „ქართული ოცნების“ ლიდერი „შუშის სასახლეში“ სიის გადახალისებას „ახალი ვარსკვლავებით“ გეგმავს, თუმცა მან მისი ე.წ. „კლასტერის“ რამდენიმე წარმომადგნელისგან მოითხოვა კონკრეტული კანდიდატების სახელები და გვარები, შემდეგ კი, მისი პოლიტიკური გეგმისა თუ ნდობის ინდიკატორის მიხედვით, მომავალ, ახალ პრემიერთან ერთად, 2020 წლის „ოცნებაში“ „ტრადიციულ ვარსკვლავთცვენას“ მოახდენს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ერთი ,,კლასტერია“, ამ კლასტერშიც არსებობს ე.წ. ქვეკლასტერები, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდის შიგნით არსებობს ცალკეული ჯგუფები. მაგალითად, კალაძე-კობახიძის ჯგუფი, „2012-იანელების“ კლასტერი, სუს-ის და ღარიბაშვილის ჯგუფი და ა.შ. ამ ე.წ. ქვეკლასტერებს კი, „ბიძინას საოცნებო“ სიაში საკუთარი კანდიდატების გაყვანა სურთ.
საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და „ქართული ოცნება“ კოალიციაში იყო, კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას თავისი კვოტა ჰქონდა, რომლის მიხედვითაც იყო განსაზღვრული ვინ, როგორ და რა ფორმით უნდა შესულიყო საკანონმდებლო ორგანოში.
„ოცნების“ ახლ სახეებზე აქტიურად ზრუნავს პარტიის პიარ-კონსულტანტი და ივანიშვილის მადიდებელი ლაშა ნაცვლიშვილი.
ნაცვლიშვილის იმედზე არიან ე.წ. საექსპერტო წრეების წარმომადგენელი „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები: გია აბაშიძე, ვაკა გორგილაძე, ირაკლი ლატარია, ნიკოლოზ მეტრეველი, თამთა მეგრელიშვილი და სხვები. მათთან დაკავშირებული კონსულტაციების შესახებ მედიაში ინფორმაციები უკვე გავრცელებულია.
საექსპერტო წრის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ვლადიმერ ბოჟაძეს კი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ლობირებს. კობახიძის ანგარიშზეა სხვა ახალი სახეების ამორჩევაც, მაგალითად პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციიდან.
კახა კალაძე თავის მხრივ, საკუთარი გუნდის ლობირებით არის დაკავებული. როგორც დედაქალაქის მერთან დაახლოებული პირები აცხადებენ, კალაძე ახალ გუნდს დაგროვილი გამოცდილების მიხედვითაც დააკომპლექტებს. შესაბამისად, იგი „ახალ ვარსკვლავებს“ დედაქალაქის მოქმედ საკრებულოში ეძებს. ამიტომ, არ არის გამორიცხული „ოცნების ცის კამარაზე“ ირაკლი ზარქუას, ბექა დავითულიანის, თამარ ტალიაშვილის და კიდევ სხვა, კალაძესთან დაახლოებული „ოცნებელების“ გვარებმა გაიელვოს.
ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება დედაქალაქის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მამამთავრის, ზურაბ ტყემალაძის შვილის, გიორგი ტყემალაძის მომავალი. უმცროს ტყემალაძესმამის, ზურაბ ტყემალაძის იმედი აქვს, რომელიც ივანიშვილმა დამსახურებულ პოლიტიკურ პენსიაზე კი გაუშვა, მაგრამ სუსი-ის კადრი სიმონ (სიომა) ნოზაძის ხელით პარლამენტში ფრაქცია შეუქმნა და თოფაძე-ტყემალაძის პარტიის კვალიფიციურ სუბიექტად დარჩენა უზრუნველყო.
ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება. მაჟორიტარული ოლქების მოგება „ოცნებისთვის“ პრინციპულად მნიშვნელოვანია.
“2020NEWS”-მა გაარკვია, რომ უკვე გადაწყვეტილია, ვის წარდაგენს „ოცნება“ კახეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოლქის მაჟორიტარად – ეს იქნება კახეთის მოქმედი გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი.
ძალიან უნდა კვლავ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა ყოფილი გუბერნატორის, ბიძინა სონღულაშვილის შვილს, რომელიც მოქმედი დეპუტატია ახლა – დავით სონღულაშვილს.
ეს ის დავით სონღულაშვილია, რომლის მამა, ბიძინა სონღულაშვილი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს კახეთის გუბერნატორი იყო და მას იმ დროის, ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ჩინოვნიკად მოიხსენიებენ.
დავით სონღულაშვილს ცოტა რთულად აქვს საქმე, რადგან, უნდა-არ უნდა, კახური კლანის ლიდერის, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კეთილგანწყობითაც უნდა სარგებლობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში „უბატონო ქიზიყის“ მოგებას ვერ შეძლებს. ღარიბაშვილის გარემოცვასთან დაახლოებული პირები კი აცხადებენ, რომ ღარიბაშვილი ფსონს სონღულაშვილზე არ დებს და იგი საკუთარ კანდიდატს უახლოეს მომავალში წარუდგენს ბიძინა ივანიშვილს.
ქუთაისის მანდატისთვის იბრძოლებს გახარიას მთავრობის კიდევ ერთი გუნერნატირი, ზვიად შალამბერიძე. შალამბერიძე იმერეთის მოქმედი გუბერნატორია და მმართველ გუნდს მისი გამარჯვების დიდი იმედი აქვს.
კიდევ ერთი იმერული მანდატისთვის კიდევ ერთი მოქმედი იბრძოლებს. „გაოცნებელებულ ყოფილ კონსერვატორს“, პაატა კვიჟინაძეს, რომელიც ახლა საჩხერის რაიონის მაჟორიტარია, საზღვრების გაფართოება უნდა და ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის სამაჟორიტარო ოლქის მოგება უნდა. ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის იმედიც აქვს, რომლებიც ამ დრომდე სრულად აკონტროლებენ ზემო იმერეთს.
…და სანამ „ოცნება“ პოლიტიკურ სამზარეულში ფუსფუებს, მავანნი და მავანნი ახალ კადრებს ეძებენ, ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად მისი „ქვეკლასტერის“ ე.წ. ამბოხებულ დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს ხელახალი მაჟორიტარობისთვის გზას უხსნის, მწვანეს უნთებს და სავარაუდოდ, „ამბოხებას“ ამ გზით ,,დაუფასებს“.
საპარლამენტო არჩევნებისთვის ივანიშვილს სამეგრელოს რეგიონში ბევრი რამის გათვლა მოუწევს. ვის ანდობს რეგიონს?! ისევ ჩააბარებს გახარიას?! – სამეგრელოს მოგება მას ძალიან გაუჭირდება, ისევე როგორც აჭარის რეგიონის მთლიანად!
დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები 15 ივნისამდე მოხდება. მალე ვიხილავთ ვის გამოიყვანს ივანიშვილი პოლიტიკურ ავანსცენაზე და ვინ დარჩება მოვლენების მიღმა ან ჩრდილში.
2020ნიუსი
კომენტარები