“ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის შესახებ წერილს ავრცელებს. წერილში მომხმარებელი განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს:
“ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ის, რასაც ახლა ქვემოთ წაიკითხავთ, მაგრამ მაინც ჯობია დაიწეროს. წეღან წავიკითხე 2 წლის ანიტა ფაცაციას ახალი ინფექცია განუვითარდაო. მერე ვნახე ბავშვის დედის წერილი, სადაც დედა წერს, ვერ ვითმენ, ბავშვი რეანიმაციაში რომ არ ვნახო, ხან ვიპარები, ხან ძალით შევდივარო. გული მომიკვდა.
იმედია, პატარა გამოჯანმრთელდება, მაგრამ არის რაღაც დეტალები, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვისთვის გულის გადანერგვაზე უარი თქვა სამმა ევროპულმა სახელმწიფომ, ანიტა წაიყვანეს ინდოეთში, სადაც მისთვის, პირველადი ინფორმაციით, გული უნდა გადაენერგათ. თუმცა, იქ ჩასულ ახლობლებს კლინიკამ განუცხადა, რომ ჯერ უნდა უმკურნალონ. ასეთ შემთხვევაში, ძალიან უცნაური და გაუგებარია ევროპის კლინიკების საქციელი – თუ ბავშვს უბრალოდ მკურნალობა უშველიდა და გულის გადანერგვა არ იყო აუცილებელი, ან რაღაც ეტაპი იყო გასავლელი და დროც ჰქონდათ გულის შოვნამდე, რატომ არ უმკურნალეს იქ, სადაც ჩაყვანილი ჰყავდათ?
თუმცა, ფაქტია, რომ არც ინდოეთის კლინიკას მიუცია გულის გადანერგვის გარანტია ოჯახისთვის. როგორც ანიტას ჯგუფის პოსტებიდან ჩანს, ინდოეთის ამ კლინიკაში, წინასწარ დაუდგენელ, უვადო რეჟიმში, მკურნალობენ ბავშვს და იმის გარანტიასაც არ აძლევენ, რომ ეს მკურნალობა გულის გადანერგვამდე მიიყვანს. ბავშვს სულ ახალი და ახალი პრობლემები აქვს. ოჯახმა დაწერა, რომ კლინიკაში მკურნალობა უჯდებათ ძალიან ძვირი. კიდევ კარგი, გამოჩნდა ვიღაც ინდოელი ბიზნესმენი, რომელიც აფინანსებს მგონი. ამ ბიზნესმენს დახმარება საქართველოს ელჩმა სთხოვა. მაგრამ ერთს უმკურნალებენ, მეორე ეწყება, მეორეს უმკურნალებენ – მესამე.
თვითონ მაგ კლინიკას სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდიც კი არ აქვს, აქვს პროფილი, სადაც სულ რამდენიმე პოსტი უდევთ, მცირე რაოდენობის გამოხმაურებებით. ერთადერთი მრავალრიცხოვან გამოხმაურებებიანი პოსტი არის ანიტაზე, სადაც სულ ქართველების რეაქციებია. ინდოეთის კლინიკა აგრძელებს ბავშვის მკურნალობას, იღებს ფულს და აკეთებს უცნაურ, გაუგებარ პროგნოზებს, როგორც ახლობლების გავრცელებული ინფორმაციებიდან ჩანს.
გასაგებია, რომ მშობლებს ვერაფერს ვერ მოსთხოვ – შვილი ამ მდგომარეობაში ჰყავთ (ჯაბა ბოჯგუას დედა 10 წელია კომაში მყოფი შვილის გვერდითაა), მაგრამ ამდენი ხალხია მათ გარშემო და მათაც დაკარგული აქვთ ადეკვატურობა? ხალხში იმ კეთილ, გულუბრყვილო ემიგრანტ დეიდებს არ ვგულისხმობ, ფეისბუქზე “უფალო, უშველე ანიტას” რომ წერენ და ჰგონიათ, ამით უშველიან, ან ეკლესიაში მიდიან და სანთელს ანთებენ, ჩვენი ლოცვა შეეწევაო… მათ საახლობლოს ვგულისხმობ და კიდევ ჩვენს ხელისუფლებასაც, რომელიც ამ ბავშვს მგონი უკვე პიარისთვის იყენებს, რაც წარმოუდგენლად ამაზრზენი “ბეზპრეძელია”. რა ვიცი, ამაზე მეტი ფსკერი რაღა შეიძლება იყოს.
მილიარდნახევრიანი ინდოეთი, არეული, უკონტროლო ქვეყანაა, სადაც არანაირი ადამიანის უფლება არ არსებობს. ეს ქვეყანა ჯანმრთელი ადამიანისთვისაც საშიშია ინფექციების გამო და მეორე, დედა ვეღარ აკონტროლებს თავს და ვერ ხვდება, რომ რეანიმაციაში ძალით არ უნდა შევიდეს შვილთან და ამ ყველაფრის ფონზე, არ აჯობებდა, რომ თუ მკურნალობით შესაძლებელია გულის გადანერგვამდე ლოდინი, სადმე ევროპის ქვეყანაში ემკურნალათ ისევ? მარტო ავსტრია და იტალია ხომ არ არის. ან აშშ-ში გაეგზავნათ ბავშვი, ან კანადაში, ან სადმე ნორმალურ ქვეყანაში, სადაც მკურნალობის მეტი საშუალებებია და პაციენტის უფლებები დაცული. დრო აღარ ითმენს” – წერს მომხმარებელი.
წყარო – პრესა.ჯი
კომენტარები