სოციალური ქსელის მომხმარებელი, მიშა გეგეშიძე, წერს:
“პანდემია
აქამდე გვეგონა, რომ კაცობრიობის უმთავრესი მტერი საერთაშორისო ტერორიზმი იყო. რადიკალი ისლამისტები, ოსამა ბინ ლადენი, თავისი ალ-ყაიდათი და ისლამური სახელმწიფო, ვინმე ალ-ბაღდადის მეთაურობით. ერთი პერიოდი ავღანელი თალიბები და ჩეჩენი ტერორისტებიც ამათ რიგში გადიოდნენ, მაგრამ როგორც ბოლო დროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, თურმე ტერორისტებსაც შეძლებიათ მეტამორფოზა და მუტაცია გრიპის ვირუსის მსგავსად. ჯერ კიდევ კოვიდ 19-ის პანდემიის დაწყებამდე ალ-ყაიდა და ისლამური სახელმწიფო დავიწყებას მიეცნენ, თალიბები სისხლმსმელი ფანატიკოსებიდან მშვიდობის მტრედებად გადაიქცნენ, ჩეჩენი ტერორისტები კი პუტინის „პეხოტაში“ ჩაეწერნენ და რუსეთის გმირები გახდნენ.
2020 წლის იანვარში, ჩინური კალენდრის მიხედვით აგრესიული ვირთხის წელიწადში, ამერიკელებმა თავიანთი ყოფილი მოკავშირე და ისლამური სახელმწიფოს რისხვა, ირანელი გენერალი სულეიმანი გაისტუმრეს საიქიოში. ძველი მეგობრები და მტრები, პუტინი და ერდოღანი კი სირიასა და ლიბიაში დაეტაკნენ ერთმანეთს. სხვადასხვა ჯურის ექსპერტები მესამე მსოფლიო ომზე ალაპარაკდნენ. გაზის და ნავთობის ბაზარზე ჰეგემონიისთვის ბრძოლაში საუდის არაბეთმა და რუსეთმა ახალი ცივი ომი წამოიწყეს. ტრამპი შეერთებულ შტატებში სამოქალაქო დაპირსპირების ფონზე ჩინეთთან სავაჭრო ომში გამარჯვებას ზეიმობდა და სწორედ ასეთ დროს, როდესაც ყველა ვიღაცას ეომებოდა, თუ საომრად ემზადებოდა, მსოფლიოს მოევლინა გრიპის ახალი კორონა ვირუსი.
კორონა ვირუსის გამო მსოფლიო და მათ შორის პატარა საქართველოც ორ ნაწილად გაიყო. კოვიდ 19-ის მორწმუნეებად და ურწმუნოებად. ერთ მხარეს აღმოჩნდნენ ისინი ვისაც სჯერა ოფიციალური ინფორმაციის და ვინც ზედმიწევნით იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ეს ადამიანები თვლიან რომ ვირუსი მართლაც ბუნებრივი გზით გავრცელდა, ჩინეთის უზარმაზარი მეგაპოლისის ვუჰანის ბაზრიდან გაუმაძღარი ღამურაჭამიების გამოისობით, რომლებიც საშინელი ანტისანიტარიის პირობებში მიირთმევენ ყოველგვარ სულდგმულს. ამ ადამიანებს სჯერათ ვირუსისგან მომავალი სასიკვდილო საფრთხის, რაც საქართველოში აღდგომის წინა დღეებში ფეისბუქზე ატეხილმა ისტერიამ კარგად გამოაჩინა. მეორე მხარეს კი ისინი არიან ვინც მიიჩნევს, რომ მსოფლიო შეთქმულებასთან გვაქვს საქმე, არავითარი მომაკვდინებელი კორონა ვირუსი არ არსებობს და ეს ყველაფერი სამყაროს ნამდვილმა ბატონებმა ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად მოიგონეს. ამ ხალხის აზრით ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი ამერიკელების ან ჩინელების მიერ და ვუჰანის ლაბორატორიიდან მისი გაჟონვა შემთხვევით, ან წინასწარგანზრახვით მოხდა, რასაც არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ამ იდეების მიმდევრები თვლიან, რომ კაცობრიობა დიდი ხანია დაყოფილია ორ ნაწილად, მეთვალყურეების დამკვირვებლების, თუ მოთვალთვალე დარაჯების ელიტარულ დაჯგუფებად, რომლებიც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონების მცირერიცხოვან კასტას განეკუთვნებიან და ჩვეულებრივ მოკვდავთა აბსოლუტურ უმრავლესობად ვისაც გამუდმებით აკვირდებიან, უთვალთვალებენ და დარაჯობენ. შეთქმულების თეორიის მიმდევრები მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის ანძებს ანადგურებენ და საყოველთაო ჩიპიზაციის წინააღმდეგნი არიან, რაც მათი აზრით მასობრივი ვაქციანაციის მეშვეობით უნდა მოხდეს. დაახლობით ამგვარი ვითარება სუფევდა მსოფლიოში, როდესაც ამერიკაში თეთრკანიანმა პოლიციელებმა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გამოასალმეს სიცოცხლეს. ამ დანაშაულს შეერთებულ შტატებში იმგვარი რეაქცია მოჰყვა, რომ კორონა ვირუსი უკვე აღარავის ახსოვს. ამერიკის ქალაქები ბრძოლის ველად გადაიქცა, სადაც მოსახლეობის სამართლიანი პროტესტი სულ მალე გადაიზარდა საყოველთაო ქაოსსა და დესტაბილიზაციაში.
დასავლეთი და ლიბერალიზმის ფლაგმანი ამერიკის შეერთებული შტატები კორპორატიული ინტერესებით იმართება და მისი ისტებლიშმენტი დღემდე დარწმუნებული იყო, რომ შეერთებულ შტატებში შეუძლებელია ხელისუფლების სათავეში ქარიზმატული დიქტატორის მოსვლა, თუმცა ტრამპის გამარჯვებამ ეს მითი გააქარწყლა. ამერიკაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში მასმედიას უდიდესი გავლენა აქვს მმართველობის სისტემაზე, თუმცა დგება, რაღაც მომენტი, როდესაც გარკვეული იდეების პროპაგანდას უკუშედეგი მოაქვს. როდესაც მმართველი წრეები მასებზე კონტროლის დაწესებას დეზინფორმაციით და ილუზიების გაღვივების საშუალებით ცდილობენ, ისინი თავად ხდებიან ამ ილუზიების მსხვერპლნი. ასე მოუვიდათ ამერიკულ საინფორმაციო საშუალებებს კლინტონის და ტრამპის წინასაარჩვნო კამპანიის დროს. მათ თავად დაიჯერეს საკუთარი მითების ჭეშმარიტება და სიფხიზლის მოდუნების გამო ტრამპს გამარჯვების შანსი მისცეს. დღეს ამერიკაში ფუნდამენტური ცვლილება მოხდა, რადგან ლიბერალიზმის გამეფების შემდეგ, პირველად დასავლეთში, მასების უმრავლესობას შეერყა რწმენა საკუთარი ელიტის კეთილსინდისიერებაში. აქამდე დასავლეთში მავანი ინტელექტუალი შესაძლოა აცნობიერებდა, რომ მთავრობაში მთლად უცოდველი კრავები არ ისხდნენ. ჭკვიანი ხალხი ხედავდა, ჯორჯ ბუშის და ტონი ბლერის დამანგრეველი პოლიტიკის შედეგებს, მაგრამ გულის სიღრმეში ისინი ამას უცოდინრობას, გამოუცდელობას, ან არაკომპეტენტურობას მიაწერდნენ. ამერიკელი, ან ევროპელი ობივატელისთვის დღემდე წარმოუდგენელი იყო, რომ დასავლეთშიც ხელისუფლების სათავეში, აზიის, ლათინური ამერიკის, აფრიკის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად შესაძლოა პოლიტიკური კრიმინალები ყოფილიყვნენ.
სტალინმა ერთხელ საოცარი რამ თქვა, როდესაც კომუნისტური პარტია მითიურ ანთეოსს, გეას ვაჟს შეადარა, რომელიც ძალას მიწიდან იღებდა. მიწა, სტალინის წარმოდგენაში ხალხის მასებთან იყო გაიგივებული. ჰერაკლემ კი ის მიწას მოწყვიტა, ხელში აიტაცა და დაახრჩო. ამიტომ პარტია, რომელიც ხალხს მოსწყდება დასაღუპადაა განწირული, რადგან პარტია ლიბერალიზმის პრინციპებზეა აგებული.
დღეს ამერიკული ელიტა მოსწყდა საკუთარ ხალხს. ისევე როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში, მოსახლეობის უმეტესობას აღარ სჯერა საკუთარი წინამძღოლების. ასეა საფრანგეთშიც, სადაც მილიონობით ადამიანი გამოდის საპროტესტო დემონსტრაციებზე, მაგრამ მათი ხმა არავის ესმის, ასეა ბრიტანეთში სადაც ბრექსიტმა, კარგად წარმოაჩინა ხალხის დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, ასევეა ამერიკაში, სადაც ტრამპმა შეავიწროვა ამერიკული ისტებლიშმენტის გლობალისტური ფრთა. ამერიკაში დროებით გაიმარჯვეს ამერიკელმა იმპერიალისტებმა, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების წარსული დიდების დაბრუნება სურთ. ლიბერალური ბანაკი და მისი ციტადელი, რომელიც მსოფლიოს მართავს 1945 წლიდან, ახლა ორადაა გაყოფილი და მათ შორის დაჯახება გარდაუვალია.
პროვინციულ საქართველოში ტრამპს ხშირად კლოუნ ჟირინოვსკის ადარებდნენ, იმდენად თამამ და პოლიტკორექტულობისთვის სრულიად მიუღებელ განცხადებებს აკეთებდა ამერიკელი ოლიგარქი, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ქართველები, სადღაც მართალნიც იყვნენ ამ შედარებაში, რადგან ჟირინოვსკი ხშირად კრემლის მისწრაფებების რადიკალურ გამხმოვანებლად გამოდის. ის ამბობს იმას, რასაც კრემლი ფარულად აკეთებს. აბა კარგად დავუკვირდეთ ტრამპის რიტორიკას არალეგალი იმიგრანტების მიმართ. რას აკეთებდა ობამას ადმინისტრაცია ამ დროს? ბევრისთვის მოულოდნელი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ობამას პრეზიდენტობის დროს ყველაზე მეტი არალეგალი გააძევეს შეერთებული შტატებიდან, – 15 მილიონი. ობამა, რომელიც ძალიან ჰგავს გორბაჩოვს, მოვიდა იმ დაპირებით, რომ დახურავდა გუანტანამოს ციხეს და შეწყვეტდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ პატიმრების სასტიკ წამებას არალეგალურ ციხეებში. სამწუხაროდ ის გადაიქცა იმ პრეზიდენტად, რომლის ბრძანებით და პირადი ხელმოწერით, უპილოტო საფრენი აპარატების, „დრონების“ გამოყენებით გაანადგურეს ათასობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
ბარაქ ობამა პრეზიდენტობის დაწყებისთანავე ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა, ერაყიდან ჯარის გამოყვანის დაპირების გამო, მაგრამ მისი პოლიტიკის წყალობით მთელი ახლო აღმოსავლეთი გადაიქცა დაუნდობელი სისხლისმღვრელი ომების ასპარეზად. ლიბია, ეგვიპტე, იემენი, ლიბანი, სირია, ერაყი, ავღანეთი, სომალი. ამ ომებში ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ერთმანეთს ებრძვიან მსოფლიოს დიდი და მცირე იმპერიები. ისლამური სახელმწიფოს წარმოქმნა ობამას პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ობამას პოლიტიკა სირიის მიმართ იყო კლასიკური თვალთმაქცობის საუკეთესო მაგალითი. როდესაც ობამა, პუტინის რუსეთთან, ირანელ აიათოლებთან, ასადის დაქირავებულ მკვლელებთან და „ხეზბოლას“ ტერორისტებთან ფარულ ალიანსში გამოდიოდა სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ. რასაც ტრამპი ამბობდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსეთის პრეზიდენტთან ალიანსის აუცილებლობის შესახებ, ამას ფარულად აკეთებდა ობამას ადმინისტრაცია სირიაში. ზოგიერთი პოლიტოლოგი თვლის, რომ ეს არის ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი მართვადი ქაოსი, მაგრამ სინამდვილეში ქაოსი არასოდეს არ არის მართვადი. ერთპოლუსიანი ან მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ნაცვლად მივიღეთ სიტუაცია, როდესაც მსოფლიო დარჩა პოლიტიკური პოლუსის გარეშე. ეს არ არის მარტო ელიტების მიერ დაშვებული შეცდომების შედეგი.
პოლიტიკური თეოლოგიის მიხედვით სამყაროში განვითარებული მოვლენები ტრანსცენდენტური საწყისიდან იღებს სათავეს. ისევე როგორც ადამიანის ცხოვრება, კაცობრიობის ისტორიაც ფინალურია. რასაც აქვს დასაწყისი მას აქვს დასასრულიც. დასასრული აქვს ლიბერალიზმსაც, ისევე როგორც კომუნიზმს, ლიბერალურ დემოკრატიასაც არ უწერია დიდი დღე.
ევროპელი ტრადიციონალისტების, რენე გენონის და იულიუს ევოლას ფილოსოფიის მიხედვით ლიბერალური დემოკრატია ჩანასახშივე შეიცავს საკუთარი განადგურების იარაღს. ის როგორც მატერიალისტური მსოფლმხედველობის მატარებელი მოვლენა წინა პლანზე აყენებს რაოდენობას და არა ხარისხს. უმრავლესობის ნება გადამწყვეტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის საუკეთესო იქნება.
გარდა ამისა დემოკრატია მასებს უქმნის ილუზიას, რომ ისინი სახელმწიფოს მართვაში იღებენ მონაწილეობას. დემოკრატიის პირობებში ჩვეულებრივი ადამიანი ხედავს, რომ სახელმწიფო მოკლებულია ყოველგვარ საკრალურ საწყისს, ხელმწიფის ნაცვლად ქვეყანას მართავს ვიღაც ტაკიმასხარა პრეზიდენტი. ობივატელიც ფიქრობს, რომ რახან მავანი იდიოტი ქვეყნის მმართველი გახდა, რატომ მას არა შეუძლია იგივე პრეტენზია ქონდეს?
საქართველო იმყოფება დასავლეთის, რუსეთის, და თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, მილიტარისტული და კულტურული ჰეგემონიის ქვეშ. საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო იდეოლოგია, მომავალი განვითარების რაიმე პროექტი. აქ არც ლიბერალური დემოკრატიის იდეა ხარობს, არც ტრადიციონალიზმის სული ტრიალებს, არც რადიკალიზმის ნიშნები ჩანს. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კინკლაობა სინამდვილეში მხოლოდ მერკანტილიური მიზნებით არის განპირობებული, რაც პირველ რიგში საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ზრუნვაში გამოიხატება. განათლების სისტემის განადგურების ფონზე, საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე პირველად დარჩა სულიერი და კულტურული წინამძღოლის გარეშე. ბოლშევიკების მიერ ტრადიციული არისტოკრატიის ძირფესვიანად ამოძირკვის შემდეგ მისი ფუნქცია დროებით ინტელიგენციამ შეითავსა. მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, 90-იანი წლების შემდეგ, ინტელიგენციის სრული დისკრედიტაცია მოხდა საქართველოში, სამღვდელოებამ კი ბოლომდე ვერ ჩაანაცვლა მისი ადგილი, რათა ერის სულიერი მესაჭის ფუნქცია საკუთარ თავზე აეღო. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ განადგურდა მუშათა კლასი და გლეხობა. საქართველო გადაიქცა უმუშევარი ლუმპენების საზოგადოებად, რომელსაც კორუმპირებული ბიუროკრატია, მევახშე ბანკირების კორპორაცია და კომპრადორული პოლიტიკური ელიტა მართავს.
დღეს, როდესაც ქართველი ახალგაზრდების ერთი ნაწილი თავისუფლებას ნარკომანიასა და სექსუალურ აღვირახსნილობაში ეძებს, მეორეს კი სამშობლოს სიყვარული ნეონაცისტების ბოდვითი იდეების გადმომღერება გონია, სულ უფრო ბუნდოვანი ხდება იმ სახელმწიფოს მომავალი, რომლის სათავეში სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილები არიან წამოსკუპებულნი. სრულიად ნათელია რომ ქართველი ხალხი ბედის ანაბარაა მიტოვებული 21-ე საუკუნის უმძიმესი გამოწვევების წინაშე. პანდემიას მოვერიეთ, მაგრამ საკუთარ თავზე გამარჯვება ჯერ კიდევ შორსაა.”
კომენტარები