ცოტა ხნის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ბეჟან გუნავა პოლიციამ დააკავა. შესაბამის ვიდეოს ტელეკომპანია „ფორმულა“ აქვეყნებს.
კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველებმა ბეჟან გუნავა ქუჩაში დააკავეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს
როგორც ირკვევა, ის პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლა.
გუნავამ პირველი კომენტარიც გააკეთა: “ჩემს დაკავებას წინ უძღოდა დარტყმა წელის არეში და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 100 მეტრი მათრიეს ხელბორკილდადებული. მომაყენეს დაზიანებები. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩატარებული შემოწმებისას. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში აუცილებლად გავმართლდები, თუმცა ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც ჩემზე იძალადეს”
შსს-ს ინფორმაციით, ბეჟან გუნავა ყაზბეგის გამზირზე ავტომობილს დაეჯახა. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ, ის სიტყვიერად დაუპირისპირდა სამართალდამცველებს და ასევე ავარიაში მონაწილე მეორე ავტომობილის მძღოლს, რის შედეგადაც პოლიციამ დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით დაიწყო.
კომენტარები