„ალიას“ ესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე:
-ეპიდემიამ და კორონავისურმა გარკვეულწილად გადაფარა დავით გარეჯის თემა, თუმცა, სწორედ ეპიდემიის დროს გამოქვეყნდა სუს-ის ყოველწლიური ანგარიში, სადაც საუბარია ეროვნულ ძალებზე, რომლებიც, ანგარიშის მიხედვით, დავით გარეჯის ამ მეთოდით დაცვით, არასახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებენ. ამ ეტაპზე თქვენ ლამის ერთადერთი ხართ, რომელიც, ყოველ დღე, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რამდენიმე წერილს მაინც წერს დავით გარეჯზე…
-სუს-მა თავის ანგარიშში ლამის მოღალატეებად გამოაცხადა ის ხალხი, ვინც დავით გარეჯისთვის ვიბრძვით, ეროვნულ საფარქვეშ, საფრთხეს აყენებს აზერბაიჯანის და საქართველოს საუკუნოვან მეგობრობას – რაზე უნდა ილაპარაკო, როცა ასეთი გამყიდველი უწყება გეყოლება? დღეს შსს და სუს-ი მუშაობენ აზერბაიჯანზე, როგორ შეიძლება ქვეყნის უშიშროების სამსახურმა დადოს ანგარიში, რომ გარეჯისთვის ბრძოლა მიუღებელიაო.
დემარკაცია არ მომხდარა, არ გვიშვებენ ტერიტორიაზე, არ სრულდება გახარიას და ალიევის მოლაპარაკება, რომლის საფუძველზე მღვდლები უნდა შესულიყვნენ დავით გარეჯში… კარგი, აზერბაიჯანს თუ ვერ უმკლავდები, დააყენე გაეროში, დააყენე ევროპაში საკითხი, უთხარი ვინმეს მაინც და დაიხმარე.
საარჩევნო საკითხებს რომ უცხოეთს უთანხმებენ და ყველა წვრილმანზე დარბიან – ტერიტორიებს რომ კარგავ, ხმა არ უნდა ამოიღო? ესენი არიან ფილიპე მახარაძის და სერგო ორჯონიკიძის მოდგმა, როგორც ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე იქნა ამოღებული მიწიდან, ასეთი ბედი ელით მაგათ.
იჩუკაიძე რომ დაიჭირეს ტყუილუბრალოდ და კაცი გიჟად გამოაცხადეს (საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქართველ მესაზღვრეებთან ე.წ. კონფლიქტის გამო დააკავეს, თუმცა, თავად იჩუკაიძე აცხადებს, რომ მესაზღვრეებთან მივიდა რომ მათთვის დავით გარეჯის დაცვაში დახმარება შეეთავაზებინა, იგივეს უყვებოდა „ალიას“ ადგილობრივი მოქალაქეები – თ.კ.) – ცხოვრებაში არ ყოფილა ფსიქიატრიულში აღრიცხვაზე და შეეშინდათ სხვა განაჩენის და დაუნიშნეს იძულებითი მკურნალობა სამი წლით ფსიქიატრიულში. ასე იძახდნენ ზვიად გამსახურდიაზეც, გიჟი არისო – ესენი არიან კომუნისტური „კაგებეშნიკები“… დისიდენტებს ებრძოდნენ ამით, გიჟებად აცხადებენ…
აზერბაიჯანი მარტო დავით გარეჯის მითვისებას კი არ ცდილობს, ქვემო ქართლშიც ცდილობენ სეპარატიზმის გაღვივებას, გამოვიდა მუსლიმთა კავშირის წევრი მასადოვი და თქვა, რომ პატრიარქმა სხვა ეპისკოპოსი გამოგვიგზავნოს, რელიგიურ შუღლს აღვივებს და ჯვრებს აღმართავსო… ასე მოხდა ჰერეთში ზუსტად და მერე მოჰყვა ამას იმ ნარიმან ნარიმანოვის თამადობით ჯარის შემოსვლა, რომლის ძეგლის აღებასაც ვითხოვთ. ის რაც გააკეთა რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ იყო სამარცხვინო, ანძა გაანათეს აზერბაიჯანის დროშის ფერებში და დიდიან-პატარიანად ულოცავდნენ აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღეს… მაინტერესებს, ვინმე გაბედავს ანძა რუსეთის დროშის ფერებში გაანათოს? თუ რუსეთი ოკუპანტია, აზერბაიჯანი რატომ არ არის ოკუპანტი, დავით გარეჯის მიტაცება უნდა, ჰერეთი წაგართვა, 30 ათასი ქართველი ჰერეთში 7 ათასზე ჩამოიყვანა, ტაძრები წაბილწულია, ერეკლეს სასახლის აღდგენას დაგვპირდნენ და არ აასრულეს – კაციშვილი ხმას არ იღებს. ჰერეთს ჩაგრავენ, პროვოკაციებს გიწყობენ, გარეჯს გართმევენ და რას ულოცავ? მაშინ თქვი რომ მონები და ჩმორები ვართ. 4 ივლისი მოდის – გარეჯობაა და რითი უნდა შეხვდეს ამ გარეჯობას, მაინტერესებს.
ამას ყველაფერს აკეთებს უშიშროება და შს სამინისტრო…
-დამოუკიდებლად?
-რა თქმა უნდა, ხელისუფლების ნაწილია ორივე, ადრე თუ წვრილი მილით მოსდიოდათ ნავთობი, ახლა დიდი მილით მოსდით, ხვდებით? ბიზნესზე ლაპარაკობენ და დავით გარეჯზე არ ლაპარაკობენ, ვინ მისცა ამათ უფლება, რომ გარეჯი დათმონ? აბა, ვინმეს რომ სახლში შეუვარდე და ერთი ოთახი დაუტოვო, სხვა კი წაართვა, ან მანქანა დაისაკუთრო, ხომ ატეხენ მთელ ამბავს? ასე გარეჯიც, უმეტეს ნაწილზე აღარ გიშვებენ უკვე…
-საპატრიარქოც იშვიათად საუბრობს გარეჯზე, სამწუხაროდ…
-როგორც ვიცი, ეუბნებიან, აბა, ომი დავუწყოთ? – რა შუაშია, გადავუფორმოთ მაშინ რუსეთსაც აფხაზეთი და ოსეთი… საპატრიარქოში, პატრიარქს ეუბნებიან, რომ ომი იქნება და ხომ არ გვინდა ომი, კომისია მუშაობას და ნუ დავძაბავთ – კომისია 30 წელია მუშაობს და რა შეიცვალა? მეტი და მეტი ადგილი წაიღეს, ბოლოს პარლამენტის თავზე ააფრიალებენ აზერბაიჯანის დროშას.
საპატრიარქოზე რომ ვსაუბრობ, უნდა ვთქვა, რომ საპატრიარქომ ატეხა ხმაური, ამათ უნდოდათ რაღაც ხელშეკრულების გაფორმება და მერე, როგორც ვიცი, ვეღარ გაბედეს. 1919 წლის პარიზის კონფერენციის რუკა დავდე, სადაც აზერბაიჯანი ითხოვდა სამცხე-ჯავახეთს, აჭარას, ქვემო ქართლს და კიდევ სხვა ტერიტორიებს, წარმოიდგინეთ, რამხელა მადა ჰქონდათ – აი, რანაირი მეგობარია? მეგობარი ვიცი, როცა ორმხრივად არის მეგობრობა.
-დავკარგეთ დავით გარეჯი?
-არაფერი ჩვენ არ დაგვიკარგავს, დავით-გარეჯთან დაკავშირებით კი არა, ჰერეთზეც შეგვიძლია დავა სამართლებრივად, მაგრამ ეს ხელისუფლება ძეგლს ვერ იღებს და რისი გამკეთებელია? ვერც სამაჩაბლოში, ვერც აფხაზეთში და ვერც დავით გარეჯში ესენი ვერაფერს გააკეთებენ. თუ ვინმემ მართლაც მოაწერა რამე ხელშეკრულებას ხელი, ეს აუცილებლად დახვდებათ წინ, მომავალი თაობა პასუხს გასცემს.
-რას ვუზამთ, ამოვთხრით? მეეჭვება ეგ ადარდებდეთ, ახლა თუ არ გავიღეთ ხმა და შევაჩერეთ…
-ხოდა, რომ არ იღებს ხმას არავინ, არც გაყიდული მედია, არც უვარგისი ხელისუფლება, მაგაშია საქმე. ალიევს როგორც დაჰყავს მედია ფორუმებზე ბაქოში, ყველა ვიცი სახელი და გვარები. შენ თუ სახელმწიფოებრივად აზროვნებ, პროსახელისუფლებო მედიაზე ვამბობ, თორემ, ნაცების აზრი ვიცი და არც ვთხოვ, მაგრამ პროსახელისუფლებო მედია რომ გქვია, ერთხელ ხომ შეიძლება ხმა ამოიღო დავით გარეჯზე? ჰერელების ჩაგვრაზე რომ გააკეთო სიუჟეტი, არ შეიძლება? ესე იგი ფული გაქვს აღებული, ეს ფული შხამად ხომ შეგერგება? 10 ორგანიზაციამ შევიტანეთ განაცხადი ნარიმანოვის ძეგლის აღებაზე – „ობიექტივი“ მოვიდა მარტო, „ფორმულა“ მოვიდა, დახედა რელიზს და წავიდა, „ევრონიუსმა“ დარეკა და აღარც მოსულა.
-ქვემო ქართლს ჰერეთს ადარებთ?
-ამ საკითხს ვსწავლობ რა ხანია, სოფლების 85 პროცენტს ქართული სახელები გადაარქვეს, ჯვრის აღმართვას გიკრძალავენ, უკანონოდ აშენებენ ყველგან მეჩეთებს, მეტი რაღა არის ჰერეთი? 89 წელს გამოყოფას ითხოვდნენ მარნეულში და მერე დაიჭირეს ვიღაცები ამის გამო… ახლა ისევ ამოქმედდნენ სეპარატისტები. აფხაზეთშიც არ ხდებოდა ასეთი რამ… ჰერეთის ზუსტად ასე დავკარგეთ, გეუბნებით. სუსმა, ამ ნაძირალა უწყებამ, რატომ არ მისცა პასუხისგებაში ის ხალხი, ვინც მოითხოვა ჯვრები არ აღმართოთო, სუს-ი არის ალიევის ნახმარი უწყება, ასე დაწერეთ ზუსტად… მგონია, რომ ამ სუს-ში ქართველები არ მუშაობენ, ესენი არიან საქართველოს მტრები…
არასამთავრობო, გამყიდველი ორგანიზაციები ბევრს რომ ლაპარაკობენ, ესენი არიან გამყიდველები, თამარ მეფე ასეთ ხალხს სარებზე აცმევდა და ძალიანაც კარგს აკეთებდა. ბოლშევიკური სიმბოლოები არ შეიძლებაო, ამბობენ და ბოლშევიკურ სიმბოლოებს თუ ებრძვი, ბოლშევიკ ნარიმანოვს რატომ იცავ, მაინტერესებს. ვითხოვდი, რომ ვასილ მჟავანაძის სახელი რქმეოდა ერთ ქუჩას. მანიაკ ხრუშჩოვს უნდოდა მთელი საქართველოს გადასახლება შუა აზიაში და ამ კაცმა მოახერხა ის, რომ ბრეჟნევთან ერთად გადააგდეს ხრუშჩოვი, რაც კი რამეა, დიდი მსხვილი ობიექტი, მეტრო, ქარხნები, ენგურჰესი, ქალაქები, რამე თუ არსებობს სტრატეგიული ობიექტი, ვასილ მჟავანაძის დამსახურებაა. მისი სახელი ქუჩას არ დაარქვეს, კომუნისტურ პარტიაში იყოო და ნარიმანოვს იცავენ.
-ქვემო ქართლიდან ხელისუფლებას ყოველთვის ყველაზე მეტი ხმა მოაქვს, რის სანაცვლოდ მოაქვს ხმები?
-ესენი ისეთი უნიათოები არიან, ეს ხელისუფლება ამდენ ხმას ვერ წამოიღებს, ვერც წინა არჩევნებზე წამოიღეს, ნაცებს გაუყვეს, იმიტომ რომ ნაცები კარგად მუშაობენ ახლა იქ, ამ არჩევნებზეც ვერ წამოიღებენ ძალიან ბევრ ხმას. ზვიად გამსახურდიას მერე ჩვენ არ გვყოლია ეროვნული ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიამ გარკვეული ეროვნული ძვრები დაიწყო, მერე შევარდნაძე მოვიდა და 500 ჰექტარი აჩუქა წითელ ხიდთან აზერბაიჯანს, ამას წინათ მამუკა არეშიძემაც კი აღიარა ეს ფაქტი. ხომ შეიძლება უთხრა ალიევს, 500 ჰექტარი რომ გაჩუქე ბიჭო, ათი ჰექტარიც არ იქნება ის ტერიტორია, რატომ მართმევ გარეჯს, რანაირი მეგობრობაა ეს. მე იმ მშრომელ აზერბაიჯანელებზე არ ვსაუბრობ და არც ერს ვგულისხმობ, როცა აზერბაიჯანზე ვსაუბრობ. ვერ დავუკარგავ და არც დავუკარგავ აზერბაიჯანელ ერს კარგ თვისებებს, მე ვსაუბრობ აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე და იმაზე, სეპარატისტები რომ იყენებენ მოსახლეობას, მით უფრო, როცა სუს-ი აგერ მახათს იყრის ერთ ადგილას. ვიღაცები ურევენ სიტუაციას და ჩვენი მხრიდან გამკითხავი არაა.
-და იქნებ თავად სუს-ია ჩართული სიტუაციის არევაში?
-არც ეგაა გამორიცხული, ჩაინერგა ამ უწყებაში მოღალატეები, ანგარიშს რომ დადებ, გარეჯისთვის ვინც იბრძვის, მტერიაო, რაზე უნდა ილაპარაკო? ვერავინ, ვინც არასახელმწიფოებრივად მოქმედებს, ვერ გაიხარეს და ვერც მათი შვილები გაიხარებენ. მაგათ ჰგონიათ, ამ კაგებეშნიკური მეთოდებით ვიღაცას შეაშინებენ და მე პირიქით, გამიხარდება, თუ ამ საქმისთვის მოვკვდები. სახელმწიფო უწყებასთან დაკავშირებულმა ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, გარეჯს ვინც იცავს, სომხეთის წისქვილზე ასხამს წყალსო – სომხეთს გაუხარდება, რა თქმა უნდა, თუკი ჩვენ და აზერბაიჯანელები ერთმანეთს დავჭამთ და შეიძლება სურვილიც აქვთ მაგის, მაგრამ მე რა ვქნა ახლა, სომხეთს რა გაუხარდება და რა არა, იმაზე ვიფიქრო და ამის გამო დავთმო გარეჯი?
ზაქათალიდან ერთმა დეპუტატმა იკითხა მაშინ, რატომ დათმეთ ჰერეთი, რატომ ხმა არ გაიღეთო – მე ახლა ვფიქრობდი, რომ დამდგარიყო უკვე ჰერეთის საკითხი დღის წესრიგში და თურმე კიდევ უნდათ მიწები. დღევანდელი აზერბაიჯანის ხელისუფლება ურდოა, ჯაყოსავით არის, მოდის და ჩვენი ხელისუფლება განასახიერებს თემურს, ცოლი გაუუპატიურეს, მიწა წაართვეს და ეს დაფრინავს ზეცაში და ნავარდობს.
მოვითხოვ ამ ხელისუფლებისგან, რაღაცაში პრინციპულობა გამოუჩინოს, ბოზი ქალივით ყველას ხომ არ უნდა დაუწვე, არა? ყველას ყველაფერი როგორ შეიძლება მისცეს? არც ერთი ხელისუფლება ასე არ აკეთებდა, როგორც ესენი აკეთებენ.
აზერბაიჯანს ჰყავს მოკავშირე რუსეთი და თურქეთი, ჩვენ მოკავშირე არავინ არა გვყავს, მონახონ ამათაც მოკავშირეები, შეშფოთება და განცხადებები გვიშველის ჩვენ?
მარტო აზერბაიჯანის ოკუპაცია ხომ არაა? აფხაზეთის, სამაჩაბლო და მიუხედავად იმისა, რომ 8 წელია ამბობენ, დავიწყებთ საუბარს რუსეთთანო, რუსეთთანაც ვერ დაიწყეს პირდაპირ საუბარი.
მეტიც, ქვეყნის შიგნითაც ცდილობენ დააბნელონ – „ალიასთან“ შემიძლია თქმა და კიდევ რამდენიმესთან, თორემ გადახედეთ ქართულ მედიას, ვინმე ზის „ნაცების“ და „ოცნების“ გარდა? სარკე არ უნდა იყოს საზოგადოების მედია? თეთრზე გეუბნებიან, შავიაო. ნაცმოძრაობაა გამომხატველი? ნაცმოძრაობას რომ რესურსი ჰქონდეს, ეს ხელისუფლება ჩამოგდებული უნდა იყოს. 700 ათასს რომ უწერენ, 700 ათასი თუ გიჭერს მხარს, 20 ათასი ვერ უნდა გამოიყვანო ქუჩაში? ნაცები და ბოკერია დღე და ღამე ტელევიზორშია და ვერ შეიყვარა ხალხმა. თუკი არ უყვარხარ ხალხს, ბევრჯერ რომ გამოჩნდები, შეგიყვარებს? არც ერთს არა აქვს წონა, არც იმას, არც ამას, მაინც სულ ამაზეა საუბარი, მიჯირყნა „ნაცები“, მიჯირყნა „ოცნება“ – სხვა თემის განხილვა არ მიდის…
-ივანიშვილს დავით გარეჯი ფორმალურადაც კი არ უხსენებია, მართალია, ფორმალურად არ არის მმართველობის სათავეში, მაგრამ რაც ხდება, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხომ მაინც ისაა?
-ივანიშვილი საერთოდ არაფერზე არ ლაპარაკობს, კია პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ამათ აქვთ მინდობილი ეს საკითხი, არც ის გამიკვირდება, ხალხი რომ აღშფოთდება, გამოვიდეს და თქვას – რატომ მიიყვანეთ ხალხი აქამდეო… „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელია და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობაც მასზეა.
-რისი შეცვლის იმედი შეიძლება გვქონდეს ამ ხელისუფლებისგან?
-ძეგლს ვერ იღებენ ქართველის მტერის და მუზეუმს ვერ აუქმებენ და რა შეიძლება შეიცვალოს, რა უნდა გააკეთოს?
-მაგრამ, იძახიან 55 პროცენტი ისევ ჩვენ გვაძლევს ხმას და ისევ ჩვენ მოვდივართო და…
-„ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის კომფორტულად იქნებიან… ნაცმოძრაობის მიჯირყვნა ახლა კი არ არის ვაჟკაცობა, რომ უხარიათ, მიჯირყვნა და ერთი ადგილის მიჩენა იყო გმირობა 2012 წლამდე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ხალხს ხოცავდნენ, დღევანდელი პარლამენტის წვერები, ბუჩქებში იყვნენ მაშინ შემძვრალნი, ახლა გამზადებულ სუფრასთან ყველა მაგარია. ეს ხელისუფლება ერთი სენატორის სიტყვაზე ჩმორებივით გახდნენ… ხალხი ნაცების წინააღმდეგია, მაგრამ ამერიკამ თუ დაუქნია თითი, რაღაცა დოზით შეიცვლება სიტუაცია. ნაცები შეიძლება ვერ მოვიდნენ უმრავლესობაში, მაგრამ თუ „ლელო“ შევიდა, „ევროპული საქართველო“ და სხვები, შეიძლება კი იყვნენ უმრავლესობაში. აქეთ ფლანგზე ვინ არის? „ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“. გორდის კვლევები რომ ჩაატარეს, „პატრიოტთა ალიანსს“ ნათელაშვილზე ნაკლები პროცენტი აქვს. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პარტნიორი, რიგ საკითხებში პარტნიორი, „პატრიოტთა ალიანსიც“ კი გაწირა თავისი კვლევებით…
-გამოსავალი სადღაც ხომ უნდა არსებობდეს? ეროვნული ხელისუფლებაო ვამბობთ, მაგრამ არც აქეთკენ ჩანს სასიკეთო ძვრები, არ ჩანს რეალური მესამე ძალა….
-არც იქნება, დავით გარეჯის დაცვის კომიტეტი რომ შევქმენი, სახელმწიფო უწყებებმა ხელი შემიშალეს. უამრავი პატიოსანი, განათლებული, ეროვნული ადამიანია, ხმა რომ გაიღოს, იძულებულს გახდიან, ქვეყნიდან გაიქცეს, სულს ამოხდიან. მარტო ნაცებს აძლევენ მწვანე შუქს – ამიტომაც ვერ მოდის, ეროვნული ხელისუფლება. როგორ შეიძლება, ასეთ პატარა ქვეყანაში ეროვნული ხელისუფლება არ იყოს?
ქართველ კაცში არის დვრიტა, რომელიც არ იცი როდის აბობოქრდება. ქართველი კაცი შიმშილის გამო არ გამოდის ქუჩაში. ერთ დღესაც შეიძლება იხუვლოს ამ ხალხმა და ვერავინ ვერ გაასწროს მერე ამ ქვეყნიდან ცოცხალმა.
ისტორიას გადახედონ, ჩმორი ერი რომ ვიყოთ, აქამდე ხომ ვერ მოვიდოდით. მთელი ჩვენი ცხოვრება არის ბრძოლა, ერთი საუკუნეც არ დაგვისვენია. ვიღაცას ჰგონია, ეს ქვეყანა უკვე მიაჩმორა და ხმას ვეღარ ამოიღებენ. ასე არ არის.
-ახალ სახეებს ველოდებით „ოცნების“ სიაში, შეიძლება რომელიმესთვის ეროვნული ღირებულებები მნიშვნელოვანი იყოს და რამე სასიკეთო ძვრებს ველოდოთ?
-რა სისულელეა, ვისი ახალი სახეები? ერთი და იგივე გობიდან მოჰყავთ ეგენიც. ახალი სახეა როცა რაღაცა სიახლეს შემოიტანს, თორემ, გვარი თუა მხოლოდ განსხვავებული ეგ ახალი სახეა? პარლამენტში რომ არ ყოფილა, მაგრამ შემძრომები რომ არიან ის ექსპერტები და აქამდე ყველას ემსახურებოდნენ, ის რანაირად შეიძლება იყოს ახალი სახე? ახალი სახე აქ არ იქნება, იქნება სხვა სახელის და გვარის, მაგრამ იგივე იდეოლოგიის მატარებელი იქნება. რომ დაასახელეს სავარაუდო შემადგენლობა, იმათთან შედარებით ესენი ჩერჩილები არიან და რუზველტები. თუ მართლა უნდათ რამის შეცვლა, მოიყვანონ ის ხალხი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია. ლიბერასტების პოლიტიკაა ასეთი, უნდა იყოს უპრეტენზიო, არ უნდა ჰქონდეს სახელი, არ უნდა იყოს გამორჩეული ლიდერი, გადახედეთ ხელისუფლებას, ვინმეზე იტყვი კაშკაშა ვარსკვლავიაო? პოლიტიკაა ესეთი, მთავრობაში უნდა იყოს ჩმორი, უინიციატივო, თავში რომ ჩაარტყამენ, უნდა ჩახაროს თავი…
-რისი იმედი უნდა გვქონდეს მაშინ?
_ ღმერთის იმედი მაქვს, ვიღაცა კი გაიცინებს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, მან ვინც წყვეტს ყველაფერს, შეიძლება ვერც გაიღვიძოს, ხო? უამრავი მილიარდელი იყო ამ ქვეყანაზე და წავიდა ამ ქვეყნიდან – წაიღეს რამე? ამათ ჰგონიათ ამოძირკვეს ქართული სული, მაგრამ ეს ქვეყანა არ დარჩება ასე.
მართლა მეშინია, ქვემო ქართლი არ დავკარგოთ ასეთი პროცესებით… მაინც იმედი მაქვს, რომ ხალხი იხუვლებს… ხალხი ჯერ ელოდება ლიდერებისგან სიტყვას, მაგრამ ყველა გაყიდულია, პოლიტიკოსი, ექსპერტი, მედია – ქართველი ხალხის ერთგული აღარავინ დარჩა, ქართული ძალა აღარ დარჩა.
თამო კეშელავა, ალია №19
კომენტარები