სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნანა ტოშკუა, წერს:
“მთელი ცხოვრება გადასახადებს ვიხდი. ყოველი თეთრი ბევრ შრომას მოითხოვს.
სიმწრით მოპოვებული რეკლამებიდან, პროექტებიდან და კონკურსებიდან მიღებული შემოსავლებით ქვეყნის ბიუჯეტშიც შემაქვს წვლილი.
ჰოდა, ამ ჩემი ნაკოწიწები თანხებიდან გადახდილი გადასახადებით, ან სხვის ბიზნესებს ახალისებენ-აცოცხლებენ, ან მილიონობით ვალს ჩამოწერენ, ან პრემია დანამატებს გასცემენ ისე, თითქოს ბაბუას დანატოვარი სკივრი იპოვეს. თუმცა, იმ სკივრსაც უნდა გაუფრთხილდეს გონიერი კაცი.
თუ სიკეთეა საყოველთაოდ ხელშესახები უნდა იყოს. თუ დახმარებაა, ყველას დაეხმარო.
შემნახველ სალაროში შენახული თანხები ხომ ყველას ერთნაირად აწაპნეს, რა თქმა უნდა ამწაპვნელების გარდა, რომლებმაც დიდძალი ფულით ხელშეუხებლობაც დაიკანონეს. მათ კი ვისაც დოვლათი ჰქონდათ დღეს, წამლის და კვების ფული არ აქვთ.
სოციალური უსამართლობის დასრულება მემარცხენეობა ან მარჯვენეობა არაა. მისი დასრულება ყველა სამშობლოს მოყვარულის ვალია. სოციალური უთანასწორობა ყველაზე დიდი ცოდვა და მანკიერებაა.
მიმაჩნია, რომ სამართლიანობის დამკვიდრება ღირსეული ადამიანების დღის წესრიგია. წუწუნის ნაცვლად მოქმედებაა საჭირო. არც ერთ თეთრად არ უნდა დათმო საკუთარი ღირსება, არც თეთრად და მით უფრო ,,ჯიგრულ ამბად” , რადგან ჯიგრობა წესიერებაა. სხვათა დანამუსება, მათსავე დასათრგუნად ან დაუმსახურებელი უპირატესობის მოსაპოვებლად უზნეობა უფროა ვიდრე სხვა რამ.
მაპატიეთ, თუ წაიკითხეთ და სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ გული გამიწვრილდა აფთიაქებში, მაღაზიებში, ქუჩაში იმდენად თვალში საცემია სიღატაკე და უთანასწორობა. ძალიან რთულია გაუმკლავდე ამ გამოწვევებს!”
კომენტარები