ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს, ყოფილ სპეცრაზმელს, ზურაბ ფოფხაძესა და მოქალაქეს ვახტანგ ბურძენიძეს ბრალი დაუმძიმდათ.
აღნიშნულის შესახებ წურწუმიას ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.
როგორც ლონდარიძე განმარტავს, დაკავებულების ბრალს კიდევ ერთი მუხლი დაემატა – თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჯგუფურად. ადვოკატის თქმით, საქმის წარმოება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კუთხით მიმდინარეობს. ლონდარიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის შედეგები ცნობილი გახდება, გამორიცხული არ არის ბრალდებულებს ბრალი კიდევ ერთხელ დაუმძიმდეთ.
„ერთი გარემოება იყო შეფასების გარეშე დარჩენილი, რასთან დაკავშირებითაც, ადვოკატებს პრეტენზია გვქონდა. მურად წურწუმია შემთხვევის ადგილიდან საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, ის მთელი ღამის განმავლობაში ჰყავდათ სახლში, სადაც ორი ბრალდებული იმყოფებოდა. ცნობილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დილით ზურაბ ფოფხაძემ ბინა დატოვა და სამსახურში წავიდა. მეორე ბრალდებულმა როცა შეატყო მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი შედეგი იყო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას დაურეკა. სწორედ ეს გარემოება იყო შეფასების გარეშე დარჩენილი.
დადგენილი იყო სისხლის სამართლის 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა, ამ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამებოდა მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ვინაიდან ამ ყველაფერს თავისი გარემოებები ჰქონდა. მსჯელობის შედეგად მოხდა მუხლის კიდევ დამძიმება – თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჯგუფურად. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის და არც ისაა გამორიცხული, რომ კვალიფიკაციის საკითხში კიდევ მივიღოთ გარკვეული ცვლილება“, – განაცადა ლონდარიძემ.
წყარო: ინტერპესნიუსი
კომენტარები