გიორგი რურუას ადვოკატების განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ევროპარლამენტარებს წერილით მიმართა. მათივე ინფორმაციით, წერილს ხელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა აწერს და მასში საუბარია 1993-1994 წლებზე და მხედრიონზე.
შალვა შავგულიძე:
“ეს არის პასკვილი, ცილისწამება საკუთარ მოქალაქეზე და რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ერთი მხრივ, ასეთი განცხადებით, ქართული ოცნება ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ევროპარლამენტარები, რათა გაამართლოს მის მიერ 8 მარტის ხელშეკრულების შეუსრულებლობა პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების ნაწილში. მეორე მხრივ, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების პირდაპირი მესიჯი სასამართლოსადმი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ბრალდების საქმის განხილვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ითხოვს სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს”
ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი:
“საქართველოში რა მკვლელობაც მომხდარა, ალბათ ყველაფერი დაბრალებულია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, გიორგი რურუაზე. არგუმენტების გარეშე მიუთითებს ხელისუფლება გიორგის ბრალეულობაზე, მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგინეთ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის არ არის ნასამართლევი და შესაბამისად, საუბარი მის რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით არის უბრალოდ ცილისწამება. […] ეს არის უტყუარი დადასტურება გიორგი რურუას პოლიტიკური დევნის. აქ უკვე გამოიკვეთა, რომ რეალურად გიორგი რურუასთან პრობლემა პროკურატურას კი არ აქვს, არამედ ქართულ ოცნებას და ზუსტად ამიტომ იმყოფება ის საპატიმროში.
ქართული ოცნების წერილში მითითებულია, რომ რურუამ მთავარი არხის წილი “განზრახ, მოჩვენებითად” შეიძინა და მასში 2500 ლარი გადაიხადა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მიხედვით წილის ნასყიდობა ნამდვილად 2500 ლარია, თუმცა ამავე დოკუმენტში გაწერილია ინვესტიცია კომპანიაში 25 000 დოლარის ოდენობით. ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ჯამში საუბარია 50 000 დოლარის ინვესტიციაზე, თუმცა წილის ნახევარი გარდაცვლილი ნიკა რურუას შვილზეა გადაფორმებული.
დიმიტრი საძაგლიშვილის აზრით, სავარაუდოდ, ქართული ოცნება ამ წერილით ევროპარლამენტარების წინაშე გიორგი რურუას პატიმრობის გამართლებას ცდილობს. მისი ინფორმაციით, წერილი რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა.
კომენტარები