ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, წლების განმავლობაში, გრიფით „საიდუმლო“ ედო და არა მხოლოდ იმიტომ, სამართალდამცავებს საქმე სერიულ მკვლელთან ჰქონდათ, არამედ იმიტომაც, რომ ამ საქმეს არაერთი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა და უსამართლოდ დაისაჯა. თავად განსაჯეთ – პირველი დანაშაული მანიაკმა მაშინ ჩაიდინა, როცა საბჭოთა კავშირის სათავეში ლეონიდ ბრეჟნევი იდგა. ბრეჟნევის შემდეგ იყო იური ანდროპოვი, შემდეგ – კონსტანტინ ჩერნენკო, შემდეგ – ანდრეი გრომიკო, შემდეგ – მიხეილ გორბაჩოვი და მხოლოდ ამ უკანასკნელის დროს მოხერხდა დამნაშავის დაჭერა და ეს მაშინ, როცა ყველა „გენსეკს“ მკაცრ კონტროლზე ჰქონდა საქმე აყვანილი და მის გამოძიებას ძალოვანებს უმკაცრესად სთხოვდა.
სვერდლოვსკში (ამჟამინდელი ეკატერინბურგი), მთელი საბჭოთა კავშირიდან მიავლინეს გამოცდილი მაძებრები, მაგრამ მათაც ვერაფერი გააწყვეს. არადა, იმ დროს, ურალის ოლქის (რომლის დედაქალაქიც სვერდლოვსკი იყო) რაიკომის პირველი მდივანი, მომავალში რუსეთის პრეზიდენტი, ბორის ელცინი იყო და შეიძლება ითქვას, მაგიდაზე მუშტის ბრახუნით ითხოვდა საქმის გამოძიებას, თუმცა ამაოდ. სვერდლოვსკში საქართველოდან ოთხი გამოცდილი გამომძიებელი იყო მივლენილი, თუმცა უშედეგოდ. ეს იმიტომ, რომ მათ რამდენიმე თვით უშვებდნენ, ისინი საქმეს სწავლობდნენ, ვერსიებს აყალიბებდნენ… ამასობაში, „კამანდიროვკა“ სრულდებოდა და ადგილზე ახალი გამომძიებელი ჩადიოდა. ოთხს შორის იყო პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი, რომელიც ასევე უშედეგოდ ეძებდა მანიაკს, თუმცა მისი გახსნის შემდეგ, საქმის დეტალები ბოლომდე შეისწავლა და აღნიშნულ ისტორიასაც სწორედ ის გვიამბობს.
1982 წელს, სვერდლოვსკის ცენტრალურ სკვერში, მეეზოვემ პატარა ბილიკზე სკოლის მოსწავლის დახეული რვეულები იპოვა. იქვე ეგდო ჩანთაც, ცოტა უფრო წინ, ბუჩქებზე – ბავშვის სკოლის ფორმის წინსაფარი. მეეზოვემ ბუჩქები მოჩხრიკა და გაშეშდა – ბუჩქებში, დაახლოებით, მეოთხე-მეხუთე კლასელი გოგონას შიშველი სხეული ესვენა. რა თქმა უნდა, მან მაშინვე მილიციას დაურეკა და ძიებაც დაიწყო. ყველაზე შოკისმომგვრელი ექსპერტების დასკვნა გახლდათ – გოგონა ჯერ გაგუდეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. მთელი ქალაქი ფეხზე დადგა, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, საქმე ცხელ კვალზე გაეხსნათ და ვინმე, გიორგი ხაბაროვი დააკავეს. ეს 35 წლის კაცი გოგონას მეზობლად ცხოვრობდა, ადრე ქურდობისთვის იყო ნასამართლევი და ორი მოწმეც გამოჩნდა, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ გაიარა სწორედ იმ ბილიკზე ხაბაროვმა, მკვლელობის მომენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. თავად დაკავებული ამბობდა, რომ იმ ბილიკით მთელი სამეზობლო სარგებლობდა, რადგან სახლამდე ასე უფრო მალე მივიდოდა, თუმცა არ დაუჯერეს.
დაკითხვები ექვსი თვე გაგრძელდა, საბოლოო ჯამში კი, ხაბაროვმა მკვლელობა აღიარა. ქალაქმა შვებით ამოისუნთქა, სკვერის ტერიტორიიდან პატრულირება მოიხსნა და განაჩენის გამოტანიდან ორ კვირაში, ხაბაროვი დახვრიტეს. მხოლოდ ორი ადამიანი ამბობდა, რომ ბრალდებული მკვლელი არ იყო – დედა და მილიციის რიგითი თანამშრომელი, ვინმე იური კოკოვიხინი. დედა ამტკიცებდა, მკვლელობის მომენტში, შვილი სახლში იყო და ასეთი სასტიკი დანაშაული რომ ჩაედინა, აუცილებლად შევამჩნევდიო.
მილიციის თანამშრომელი კი გაიძახოდა, დაკითხვის დროს, როგორც მას სცემდნენ, მეც რომ ისე ვეცემე, მკვლელობას მეც ვაღიარებდიო.
დახვრეტიდან ორ კვირაში, სამართალდამცავებმა ქალის გვამი იპოვეს – იგივე ხელწერა, ისევ გაუპატიურება. არადა, დამნაშავე დაკავებული და დახვრეტილია. სამართალდამცავები საგონებელში ჩავარდნენ და სასწრაფო წესით, გარდაცვლილი ქალის კავალერი, ვინმე ტიტოვი დააკავეს. მეორე დღეს, საგამოძიებო იზოლატორიდან, სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, ტიტოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. ძალოვნებმა მკვლელობა გარდაცვლილს შესტენეს, ხაბაროვის დახვრეტაც გაამართლეს, სხვადასხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმეო და დამშვიდდნენ.
ორი თვის შემდეგ, ქალაქში კიდევ ერთი გოგონა გაუჩინარდა. რამდენიმე დღეში, მის უსიცოცხლო სხეულს ტყეში მიაგნეს. გოგონა გაგუდული და შემდეგ გაუპატიურებული იყო. ცხადი გახდა, რომ ვითომ დამნაშავე ორი გარდაცვლილი, არაფერ შუაში იყო და სამართალდამცავებს საქმე მანიაკთან ჰქონდათ. გამოჩნდა მოწმე, რომელმაც თქვა, რომ გარდაცვლილი გოგონას გვერდით, თავისი მეზობელი, ვინმე ივან ანტროპოვი შენიშნა. ანტროპოვი ოპერატიულად დააკავეს, მან აღიარა, რომ გოგონას ნამდვილად შეხვდა, გამოელაპარაკა, მაგრამ რადგან ნასვამი იყო, გოგონამ მასთან საუბარი არ ისურვა და ისიც სახლში წავიდა. ანტროპოვი დაკითხვებზე სასტიკად სცემეს, მაგრამ მან მკვლელობა არ აღიარა. რადგან მილიციას სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავდა, ანტროპოვი ციხეში გადაიყვანეს, ძიება გაგრძელდა და გამომძიებლებმა სამხილების ძებნა დაიწყეს.
„სწორედ ამის შემდეგ გაგვიშვეს საქართველოდან. საქმეს რომ გავეცანი, იმ ოპერმუშაკის, კოკოვიხინის ნახვა მოვისურვე. მოიყვანეს სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ აშკარად ნიჭიერი ბიჭი, დავსვი და ყველა საქმე წავაკითხე, რას ფიქრობ-მეთქი? ჰოდა, პირველად, სწორედ მან მიაქცია ყურადღება ექსპერტის დასკვნას – სამივე შემთხვევაში, ექსპერტი წერდა, რომ გვამებს რაღაც საღებავის მაგვარი ეცხოთ, უფრო კონკრეტულად კი, ამ საღებავით მკვლელის ხელები უნდა ყოფილიყო გაჯერებული. კოკოვიხინმა ისიც თქვა, ანტროპოვი ტყუილად ჰყავთ დაკავებული, მკვლელი სხვა არისო. მართალიც აღმოჩნდა, ორიოდე თვის შემდეგ, ტყეში მორიგი ქალის გვამი იპოვეს, ანტროპოვი კი ამ დროს ციხეში იჯდა. კოკოვიხინმა შეცდომა დაუშვა, მინისტრის სახელზე დაწერა წერილი, აქაოდა, რამდენი ხანია ვამტკიცებ, მანიაკთან გვაქვს საქმე, ადგილობრივი მილიცია არ მიჯერებსო. მოსკოვიდან სვერდლოვსკელ სამართალდამცავებს თითი მკაცრად დაუქნიეს და მათაც გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღეს – კოკოვიხინი დააკავეს. ბრალდება – ბოლო მსხვერპლის მოკვლა იმის დასამტკიცებლად, რომ მისი ვერსია სწორი იყო და ამის საფუძველზე, მას დააწინაურებდნენ“, – იხსენებს ბატონი თენგიზი.
ყველაფერი ეს იმდენად აბსურდული იყო, რომ მოსკოვიდან მინისტრის მოადგილე ჩამოვიდა და კოკოვიხინის გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა სვერდლოვსკელმა მაღალჩინოსნებმა იმდენი მაინც მოახერხეს, ის საქმეს ჩამოაცილეს და გამოძიების დასრულებამდე, უფლებამოსილება შეუჩერეს.
მოსახლეობა შიშით გარეთ ვეღარ გადიოდა. სვერდლოვსკში ცნობისმოყვარე ადამიანებმა მოუხშირეს სიარულს, მაგრამ მათ მილიცია ებრძოდა. მანიაკის კვალი კვლავ გაქრა და ძალოვნებს ხელში მხოლოდ ერთი სამხილი შერჩათ – ყველა გარდაცვლილის სხეულზე აღმოჩენილი საღებავი.
„მკვლელობებს შორის საკმაოდ დიდი ინტერვალი იყო, რაც ფსიქიატრებმა იმით ახსნეს, რომ მკვლელს შეტევები და აშლილობა პერიოდულად ემართებოდა. სხვაგვარად, ის სრულიად ჯანმრთელი იყო და აშლილობის დროს, მხოლოდ მკვლელობებითა და მოკლულის გაუპატიურებით წყნარდებოდა. შეამოწმეს ყველა, ვინც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, აღრიცხვაზე იმყოფებოდა, მაგრამ საეჭვოდ ვერავინ მიიჩნიეს. ცენტრიდან კი ბრძანება მოვიდა – დაიჭირეთ ვინც გინდათ, პასუხი აგებინეთ, როგორც გინდათ, ოღონდ მკვლელობა თუ კიდევ მოხდება, გისოსებს მიღმა გამომძიებლები აღმოჩნდებიან, ამიტომ მილიცია ტყუილად, ვეღარავის დაჭერას ბედავდა“, – გვიყვება ბატონი თენგიზი.
1988 წლის მაისში, იმავე სკვერში, სადაც პირველი გვამი იპოვეს, მორიგე მილიციელმა შეამჩნია კაცი, რომელიც ქალთან ერთად სკამზე იჯდა, ბინდდებოდა, მაგრამ სამართალდამცავმა დაინახა, რომ ქალს თავი უცნაურად ჰქონდა გადავარდნილი და წყვილს მიუახლოვდა. კაცმა აუხსნა, ცოლმა კაფეში ორი ჭიქა კონიაკი დალია, დათვრა და სახლში მიმყავსო, თუმცა როცა მილიციის თანამშრომელმა ქალს მაჯაზე ხელი დაადო, პულსი არ ისინჯებოდა, ის გარდაცვლილი იყო. მილიციელმა სასტვენს ჩაბერა და რამდენიმე წამში, ადგილზე კიდევ ორი სამართალდამცავი გაჩნდა, მათ მამაკაცი დააკავეს, რომელიც ვინმე, ნიკოლაი ფიფილოვი აღმოჩნდა – სტამბის მუშა, რომელსაც გაზეთის საღებავი მყარად ჰქონდა ჩამჯდარი ხელებში. პირველივე დაკითხვაზე, მან ჩუმად ჩაილაპარაკა:
– დავიღალე.
და დაიწყო.
„იმის მიუხედავად, რომ ცოლ-შვილი მყავს და თითქოს ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, პერიოდულად, ქალების მიმართ აგრესია მიჩნდება. ჩემი პირველი მსხვერპლი, სკოლის მოსწავლე, რომელიც მოვკალი, შემთხვევით გადამეყარა, ბილიკზე მხარი გამკრა, მიხტუნაობდა, რაღაცას მღეროდა. პიონერის ყელსახვევით გავგუდე და თითქოს დავმშვიდდი, მაგრამ რაღაც მაინც არ მასვენებდა, ამიტომ ინსტიქტურად ტანსაცმელი შემოვახიე, მერე გავაუპატიურე და დავმშვიდდი. მეორე ჯერზე, უკვე ვიცოდი, რაც უნდა მექნა. არ მინდოდა, ჯავრი ცოლზე მეყარა და ის მომეკლა, ამიტომ მსხვერპლს ქუჩაში ვეძებდი. თუ აგრესია არ მქონდა, მოკვლის სურვილი არ მიჩნდებოდა და შესაბამისად, პერიოდს ვერ ვსაზღვრავდი, თვითონ ჩემი გონება მეუბნებოდა, როდის და როგორ. ბოლო მსხვერპლის დროს, სიფრთხილე შეგნებულად არ გამოვიჩინე, მართლა მინდოდა, რომ დაგეჭირეთ და დაგეჭირეთ ფაქტზე“, – ასეთი იყო მოკლე შინაარსი იმისა, რაც ფიფილოვმა თქვა.
ყველაფრის მიუხედავად, სასამართლო არ შედგა. ფიფილოვი ცალკე საკანში ჰყავდათ, მაგრამ ერთ დღეს, მისი დასახიჩრებული და უსულო სხეული იპოვეს. ცხადი იყო, მანიაკი სიკვდილის წინ სცემეს და რეალურად, ცემაში ამოხადეს სული. მას თავის ქალაზე არცერთი ძვალი არ ჰქონდა მთელი, მხოლოდ ორი ნეკნი იყო გაბზარული, დანარჩენი ყველა დამტვრეული ჰქონდა. გამოძიებას თავი არ შეუწუხებია გარემოებების დადგენით და ეს არც არავის მოუთხოვია. მერე თქვეს, რომ ფიფილოვის საკანში მთელი ღამით შეშვების სანაცვლოდ, ციხის ადმინისტრაციას ორმა „კანონიერმა ქურდმა“ ათი ათასი მანეთი გადაუხადა.
ზოგი იმასაც ამბობდა, არაფერი გადაუხდიათ, ადმინისტრაციამ ისე შეუშვაო. ფაქტი კი ის გახლავთ, რომ სამარტოო საკანში მყოფ მანიაკ მკვლელს, უსასტიკესად გაუსწორდნენ.
წყარო: გაზეთი „ვერსია“
კომენტარები