პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ხულორდავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს, თამარ ჩუგოშვილის გამო დაუპირისპირდა:
როგორც ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხულორდავა მას შემდეგ დაუპირისპირდა რაც არამოსამართლე წევრმა მისი კოლეგა ჩუგოშვილი დაადანაშაულა იმაში, რომ მოსამართლეების საქმეზე გაჩუმებას სთხოვდა.
ჯანეზაშვილისთვის ხულორდავას ბრალდებები გაუგებარია.
“პარლამენტის მოქმედი წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ქვემოთ მის მეგობარ ჩუგოშვლთან დაკავშირებით ერთ-ერთ პოსტზე ასე მეხმაურება. რა არ მოსწონს ჩემს საქმიანობაში, მართლა ვერ გავიგე”, – წერს ჯანეზაშვილი.
როგორც აღმოჩნდა, ხულორდავას ჯანეზაშვილის ქმედებებით გულდაწყვეტილია და თამარ ჩუგოშვილზე თავდასხმა მისთვის მორიგი იმედგაცრუებაა.
„არა ნაზი, აქედან ეს არ ჩანს. ჩემთვისაც ძალიან გულდასაწყვეტია შენი საქციელი. თამუნას პოზიციები სასამართლო რეფორმაზე და როგორც შენ ამბობ „ხმაურის“ საჭიროებაზე ძალიან კარგად ვიცი. მე გულწრფელად მჯეროდა შენი და შენი ეს თავდასხმა თამუნაზე და ცრუ ბრალდება, უბრალოდ კიდევ ერთი იმედგაცრუებაა ჩემთვის“, – წერს ხულორდავა.
ამ კომენტარზე თავის მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დეპუტატს გამოეხმაურა და ეს თანამდებობის პირისგან „დაქალის გამოქომაგებად“ შეაფასა.
„თამუნა, დიდი მადლობა ყურადღებისათვის! ვერ დამთავრდა ამ ქვეყანაში დაქალების გამოქომაგება თანამდებობის პირებისგან. შენი ეს გამოხმაურება ამაზე მეტყველებს, თორემ რა გჭირდა ახლა?
რა გამახსენდა იცი, შენც იმ პარლამენტის წევრების რიგებში ხარ, რომლებმაც 20 ივნისის შემდეგ გახარიას პრემიერ-მინისტრობას მხარი დაუჭირა, მაშინ რატომ არ დაგწყდა გული? საინტერესოა!“, – უპასუხა ჯანეზაშვილმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სკანდალური მოსამართლეების საქმეებზე მას ურეკავდა და გაჩუმებას თხოვდა.
კომენტარები