ჟურნალისტი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის ყოფილი დირექტორი, აჭარის სკაუტური ორგანიზაციის დამფუძნებელი, მედეა ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ეს დღეები გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიის გამო გულმოკლული და განადგურებული ვარ, თითქმის ყველა პუბლიკაციას, ყველა სიუჟეტს, ყველა გადაცემას და ყველა ინტერვიუს ვნახულობ ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმესთან დაკავშირებით და შოკირებული ვარ!
ჯერ ერთი, რა მასშტაბური დაბადების დღის აღნიშვნა მოუნდა იუბილარ გოგონას ამ პანდემიის დროს, როცა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება და ჯარიმდება! უნდა დაჯარიმდეს, როგორც აგარაკის გამქირავებელი, ასევე – ის, ვინც ეს 40 კაციანი თავყრილობა მოაწყო!!!
მეორე – სად ჯანდაბაში იყვნენ იუბილარის მშობლები, რომლებმაც არ იფიქრეს განსხვავებული შეხედულების, ასაკის, ზნის, ჩვეულების, ხასიათის ახალგაზრდები რომ ერთად შეიკრიბებიან დასალევად და დროის გასატარებლად იმათ ელემენტარული ყურადღება სჭირდებათ!
მესამე – როდის უნდა დამთავრდეს საქმის გარჩევა და “დამხმარე ბრიგადის” გამოძახება, რომელიც რეალურად საქმეს კი არ აგვარებს, ამშვიდებს და აწყნარებს, არამედ, პირიქით ამძაფრებს, ძაბავს, აგრესიულს ხდის და მოწინააღმდეგე მხარეს ცივი იარაღით ან რკინის ხელკეტებით უსწორდება?!
მეოთხე – ეს ძველი ბიჭობა, სამართალდამცველებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, დუმილის უფლების გამოყენება, სირაქლემას პოზაში ყოფნა, როდემდე უნდა აღიქმებოდეს “კაი ტიპობად!?!?”
მეხუთე – საქმეში ბევრი ბუნდოვანებაა, რომელსაც პასუხს ექსპერტიზა გასცემს, მაგრამ წინასწარი საგამოძიებო მასალებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ: ტყუილად და მოსაფერებლად იქ არავინ ჩასულა, ნაცემია ათამდე ახალგაზრდა, სასტიკად გაუსწორდნენ ავტობანზე მყოფ ახალგაზრდებს, ე.წ. ოქროს მოწმე მიდის სახლში და მხოლოდ 5 საათის მერე რეკავს გიორგის ოჯახში…
ფოტოგრაფი, რომელიც რეალური მოწმე შეიძლება იყოს – დუმს…
გიორგი გარბის და გამორიცხულია ხიდიდან გადახტეს, რადგან არც ცურვა იცის და პანიკურად ეშინია წყლისა და სიბნელის…რომც გადაჩეხილიყო, ხევში აღმოჩნდებოდა, რადგან მდინარემდე დაახლოებით 50 მეტრია…ამ ყველაფრიდან გამომდინარე საქმე მკვლელობასთან გვაქვს და ძაფები იქეთკენ მიდის!
რატომ ადამიანებო, რატომ გვიკლავდნ ასე უცერემონიოდ, უაზროდ საუკეთესო, ღირსეულ, საამაყო შვილებს, ძმებს, მეგობრებს, ახლობლებს??? რატომ!!! ყველა ვინც რაიმე შემხებლობაშია გიორგის საქმესთან და დუმს არის ჩვეულებრივ ამ დანაშაულის თანამონაწილე!!! როდემდე უნდა მოგვკლან და გაგვანადგურონ?!.რა ეშველება საამაყო, უკეთილშობილესი გიორგის ოჯახს?! არ არსებობს სიტყვები ამ ტკივილს რომ აღწერს…
ერთი რამ მინდა ვთქვა ყველა იმ ადამიანის გასაგონად, რომელიც თვლის, – სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო: ნუ გეშინიათ მტრებისა, უარეს შემთხვევაში მათ შეიძლება მოგკლან, ნუ გეშინიათ მეგობრებისა, – უარეს შემთხვევაში მათ შეიძლება გიღალატონ, გეშინოდეთ გულგრილებისა, რომლებიც არც მკვლელები არიან და არც მოღალატენი, მაგრამ მათი მდუმარე თანხმობით ხდება მკვლელობაც და ღალატიც, გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილები”