სუსში უკვე დასრულდა ზანურა ტალიბოვას და არკინაზ გულიევას გამოკითხვა, რომლებიც უწყებაში კორონავირუსის თემაზე „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის შემდეგ დაიბარეს. სიუჟეტში არკინაზ გულიევა და ზანურა ტალიბოვა ამტკიცებდნენ, რომ მათ ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 10 ათასი ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ჩაეწერათ.
არკინაზ გულიევას განცხადებით, მისი შვილი ინფარქტის შემდეგ 5 დღის განმავლობაში კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იყო, შემდეგ კი გარდაიცვალა. გულიევას თქმით, მისთვის ფული არავის შემოუთავაზებია.
„სამი თვის წინ დამეღუპა შვილი. სახლში ვიყავი, როდესაც ჩემთან ჟურნალისტი მოვიდა და შვილის გარდაცვალების მიზეზი მკითხა. მე ვუპასუხე, რომ გულით გარდაიცვალა. 8 წელი მკურნალობდა უკრაინასა და საქართველოში, მაგრამ უშედეგოდ. ინფარქტი დაემართა, მოვიდა სასწრაფო, 5 დღე კლინიკაში, უგონოდ იყო, შემდეგ კი გარდაიცვალა. საავადმყოფოში მითხრეს, რომ მიცვალებულის გადმოსვენების საშუალება მხოლოდ მისი კორონავირუსზე შემოწმების შემდეგ მექნებოდა. ანალიზის პასუხი უარყოფითი იყო, ვირუსი არ ჰქონდა. ჩვენთან სახლში არავინ მოსულა და არანაირი თანხა არ შემოუთავაზებია“
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება სსკ-ის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საბოტაჟის ფაქტს გულისხმობს.
კომენტარები