საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა:
„თამამად შეიძლება ითქვას, დღეს, საქართველოს პარლამენტში ისტორიული კენჭისყრა შედგა. დღევანდელი კენჭისყრის საფუძველზე, პირველად, უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც მთელი პარტიული სპექტრი თანხმდება. ამით აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და აქტიური ძალისხმევით გაფორმდა. ეს დღე, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს დღე, ასევე, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კვირის ჩამოსული იყო, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. მადლობას ვუხდით ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, მადლობას ვუხდით გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის უპრეცედენტო აგრესიისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“
კომენტარები