„ალიას“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტი, ცნობილი ჟურნალისტი, გაზეთ „შანსის“ ყოფილი რედაქტორი ბონდო ქურდაძე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს კარგა ხნის წინ გაექცა და, თუ როგორ ჩააღწია საფრანგეთამდე, რა გოლგოთის გზა გაიარა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, თუ როგორ აამუშავა მის წინააღმდეგ ჯალათმა სააკაშვილმა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, ამ თავბრუდამხვევ სენსაციებზე ის თავად გვიამბობს.
– ბონდო, მალე 60 წლის ხდები. ბოლო სამი ათეული წელია საქართველოს ისტორიის ყველა ეტაპის უშუალო მონაწილე ხარ. ახლა საფრანგეთში ცხოვრობ თითქმის „შეუმჩნევლად“. მიუხედავად ამისა, ბონდო ქურდაძე მასშტაბური და გაბედული ჟურნალისტია. დისტანციურად გილოცავთ შენი კოლეგები სახელოვან იუბილეს და გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს. ახლა კი ინტერვიუზე გადავიდეთ. რუსთაველზე ჯერ კიდევ „კარვების ქალაქამდე“ გაზეთ „შანსს“ ერთი კარავი უკვე ჰქონდა გაშლილი და „ქუჩის გაზეთს“ უშვებდი, რადგან სააკაშვილის კრიმინალურმა ბანდამ დილის 5 საათზე გამომცემლობა „სამშობლოდან“ გაზეთ „შანსთან“ ერთად ასწლოვანი ჟურნალ-გაზეთების რედაქციები და თანამშრომლები ბარბაროსულად გამოყარა. მაშინ გაზეთი „შანსი“ ნამდვილი მებრძოლი ტრიბუნი იყო. კარგად მახსოვს, გაზეთის გამოსაცემი სახსრები არ გქონდათ და კეთილი ადამიანების დახმარებით ახერხებდით მის გამოცემას. ეროვნული ნიშნით შერჩეული ჟურნალისტები თქვენ ბინაში იკრიბებოდნენ და ასე გამოდიოდა გაზეთი. როდესაც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ პარლამენტის შენობასთან პირველად ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა, მაშინ თქვენ და თქვენი ჟურნალისტები წინა ხაზზე იდექით. სპეცნაზმმა დაარბია მომიტინგეები. „შანსი“ წერდა, „წინაც საქართველოა და უკანაც საქართველოაო“. დიდ წინააღმდეგობას უწევდით სისხლიან რეჟიმს. მერე იძულებული გაგხადეს, რომ დაგეტოვებინათ ქვეყანა. თქვენი წასვლა ძალზე სკანდალური იყო…
– პირველად გაზეთ „შანსიდან“ გაისმა „მიშა, წადი“. არადა, მიშასთან ძალიან ახლოს ვიყავი. ერთხელ მე, ჩემი მეგობარი, გაზეთ „ალიას“ დამფუძნებელი გიორგი ბრეგვაძე, რომელსაც ლომის წილი აქვს მიღებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლაში, მიშასთან ერთად წავედით გუდაურში. სასტუმროს ერთ ნომერში ვიყავით. მაშინ მას სასამართლო რეფორმებზე ჰქონდა საუბარი. მერე ერთად დავლიეთ. ამას იმიტომ ვყვები, რომ მასთან ახლოს ვიყავი და ნამდვილად იმედით შევყურებდი. ამის უარყოფა არ შემიძლია, მაგრამ ამ შეხვედრიდან სულ მალე მან ყველაზე მთავარი დაანგრია, ის, რისთვისაც ეს სამყარო შეიქმნა, ეს იყო ადამიანი. მან გვამებზე დაიწყო სიარული. ვიცი, ბევრი საწინააღმდეგოს იტყვის, მან ხომ ბევრი რამ გააკეთაო, მაგრამ ვის სჭირდება ასეთი საქართველო? მე ახლა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ადამიანი არის ყევლაზე მნიშვნელოვანი, ნომერ პირველი. ამის გამო საფრანგეთში ოთხი რევოლუცია მოხდა. სააკაშვილმა კი მალევე გადაუხვია გზას და სხვა ხაზი აირჩია. როგორ შეიძლება მათი მობრუნება! მათ კაცობრიობის წინაშე ჩაიდინეს დანაშაული. ჩემმა მეგობარმა ჟურნალისტებმა შემომთავაზეს, რომ „შანსი“ აღვადგინო. მე ვალმოხდილი ვარ. ახლა გულზე სამი შუნტი მაქვს ჩადგმული. ჯანმრთელობა დავკარგე და სააკაშვილის რეჟიმმა ინვალიდი გამხადა და სახლში ვზივარ.
– გაზეთი „შანსი“ ჯერ კიდევ საბჭოთა წყობის დროს გამოეყო გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტს“. ეს როგორ შეძელით?
– „შანსი“ „ახკომის“ დამატება უნდა ყოფილიყო. ბოლოს დამოუკიდებელი გაზეთი გახდა, ცეკა-ტეკას გამოეყო. 1989 წელს კონკურსი გამოვაცხადეთ გაზეთის სახელის ასარჩევად. სხვადასხვა სახელები განიხილებოდა. 500 მანეთი იყო დაწესებული, ვინც კარგ სახელს მოიფიქრებდა. ისე დაღამდა, რომ ვერაფერი მოვიფიქრეთ. ერთ-ერთი ჟურნალისტი შემოვიდა და თქვა, ახლა შანსი არ არის, რამე მოვიფიქროთო. ეს სიტყვა დავიჭირე და დაუფიქრებლად გადავწყვიტე, რომ „შანსი“ დამერქმია გაზეთისთვის. მაშინ ცეკაში ნუგზარ ფოფხაძე იყო იდეოლოგიის ხელმძღვანელი. ის ნიშნავდა რედაქტორებს. ერთ დღეს „ახკომის“ რედაქტორთან მერაბ ბალარჯიშვილთან ვიყავი კაბინეტში. ამ დროს შემოვიდა ზვიად გამსახურდია. მან ნახევარგვერდიანი ტექსტი მოიტანა დასაბეჭდად. ბალარჯიშვილმა ფერი დაკარგა. თუ არ დაბეჭდავთ, ერის მოღალატედ გამოგაცხადებთო, – უთხრა ზვიადმა. მერაბმა, – ვერ დავბეჭდავთო, – უპასუხა კატეგორიულად. მეორე დღეს მერაბი და ზვიადი მიტინგს ატარებდნენ და იქ წავედი. პირდაპირ ზვიადთან მივედი და სიტყვით გამოსვლა ვთხოვე. ზვიადმა გამოაცხადა, სიტყვას ვაძლევ „ახალგაზრდა კომუნისტის“ ჟურნალისტს ბონდო ქურდაძესო. მაშინ ჯერ კიდევ „ახალგაზრდა კომუნისტის“ ჟურნალისტად ვითვლებოდი. მომიტინგეების ხმაურიანი ტაში დიდხანს ისმოდა. იქვე მერაბ კოსტავა ჩამეხუტა. ყველას უკვირდა, რომ „ახალგაზრდა კომუნისტის“ ჟურნალისტი გამოვიდა მიტინგზე, თუმცა ამ ფაქტის შესახებ რატომღაც არავინ დაწერა. ციხე შიგნიდან ტყდება-მეთქი, საჯაროდ გამოვაცხადე, ჩემს კოლეგა ჟურნალისტებს კი მოვუწოდე, გამომყოლოდნენ გამომცემლობის შენობასთან. რუსთაველი გადაჭედილი იყო ხალხით. 2000-მდე მომიტინგე გამომყვა. მივედით შენობასთან, მე და ჩემი კოლეგები გამომცემლობის დიდ დარბაზში ავედით. ხალხი ქვემოთ გველოდებოდა. კრება ჩავატარეთ. დავუძახეთ გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორს ნიკა ჩერქეზიშვილს, რომელსაც ვუთხარი, რომ უნდა დაებეჭდა ეს ყველაფერი, რაც ხდებოდა გარეთ. მან მიპასუხა, ჩვენ რას დავბეჭდავთ, ეს თქვენი საქმე არ არისო. მაშინ თქვენ ვერ გამოხვალთ-მეთქი, ვუპასუხე. იმ დღეს გაზეთი „კომუნისტი“ არ გამოსულა და აღარც „ახკომი“. ეს იყო დიდი სკანდალი. ყველაფერი დაიბეჭდა გაზეთ „შანსში“. „ახკომის“ რედაქტორმა მერაბ ბალარჯიშვილმა მითხრა, ყველაფრისთვის მზად უნდა იყოო. და ასეც იყო. მე ნოდარ ტაბიძის სკოლის წარმომადგენელი ვიყავი. შიში არ მქონდა. შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: ნუგზარ ფოფხაძე ცეკადან მოვიდა გაზეთ „ახკომში“, ხელები აბრახუნა მაგიდაზე, თქვენ გგონიათ, კომუნისტები მიდიანო? ბოლოს იკითხა, ბონდო ქურდაძე რომელი ხართო და კიდევ ერთხელ დაარტყა მაგიდაზე მუშტი. თვალები გამისწორა და მითხრა, შენ რა უფლება გქონდა, გაზეთი „კომუნისტი“ რომ დაშალეო. მეც დავარტყი ხელი მაგიდაზე და ვუპასუხე, თქვენს ადგილზე უნიჭოებს რატომ ტოვებთ-მეთქი? ამით გავაკეთე ასეთი სვლა: შენ კი ნიჭიერი ხარ, მაგრამ შენს გვერდით ნიკა ჩერქეზიშვილი დგას და იმას გადავკარი-მეთქი. ფოფხაძეს გამბედაობა ჰქონდა. ერთხელ ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ კაკო სიხარულიძემ მითხრა, სიურპრიზს მოგიწყობო, რესტორანში დამპატიჟა და იქ ფოფხაძე მოიყვანა. ფოფხაძემ მითხრა, თურმე ქირით ცხოვრობო (უკვე გარკვეული ჰქონდა, როგორ ვცხოვრობდი). იცი, რატომ არ დაგიჭირეთ? თქვენგან არ გვინდოდა, გმირი შეგვექმნაო. მე იმიტომ ვყვები დღეს ამას, რომ ეს მინდა ყველამ წაიკითხოს. 89 წლის 2 დეკემბერს გამოვიდა „შანსის“ პირველი ნომერი და გაზეთის რედაქტორი გავხდი.
მე და ჩემი მეგობარი ჟურნალისტები წავედით აფხაზეთის ომში. გენერალმა გენო ადამიამ მოგვათავსა ისეთ სასტუმროში, სადაც შევარდნაძე მესამე სართულზე იყო და ჩვენ – მეორეზე. ერთხელ რომ დაბომბეს სოხუმი, გამოვარდა რუსი პოლკოვნიკი და გაოცებულმა იკითხა, სად ისვრიანო? ამან შოკში ჩამაგდო, ალბათ, ხვდებით, ქართველები აძლევდნენ მითითებებს. ჩვენ დავწერეთ სტატია „შანსი“ ფრონტის ხაზზე“. ამის შემდეგ შევარდნაძემ ხელი მოაწერა სოჭის ხელშეკრულებას. მან დაგვარწმუნა ყველა და დამაჯერებლად აგვიხსნა, რომ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. ჟიული შარტავამ ტროლეიბუსების ხაზის აღდგენა დაიწყო. მეც ვფიქრობდი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, შეწყდა ომი. მთელი რედაქცია წამოვედით და ტექნიკის წამოსაღებად ორი ადამიანი დარჩა სოხუმში. ჩვენი წამოსვლა იყო და სოხუმი დაეცა. ასე მოატყუა შევარდნაძემ ყველანი. შევტრიალდი, რომ ჩვენი ბიჭები გამოგვეყვანა. გემი უკვე ოჩამჩირიდან შესული იყო. არადა, სოხუმიდან წამოსვლის დროს ორი კონიაკი მიწაში ჩავფალით, ყველაფერი კარგად რომ დამთავრდებოდა, მაშინ უნდა გაგვეხსნა ეს კონიაკები. სოხუმის დაცემის შემდეგ ახალი სამხედრო გაზეთი გავხსენი, სახელწოდებით „ჩემი ბიჭი ჯარშია“. 30 გვერდი გამოდიოდა. უკვე სააკაშვილის რეჟიმი იყო ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, სამხედრო გაზეთის თანამშრომლები კეზერაშვილმა არ შეგვიშვა ცხინვალში. ომი უკვე დაწყებული იყო. 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ჩემი გარკვეული აზრი მაქვს. სააკაშვილის სურვილი იყო ცხინვალზე სპეცოპერაციის დაწყების და მას თანხმობა რომ არ ჰქონოდა ორი დიდი სახელმწიფოსგან, ვერ გაბედავდა ამის გაკეთებას. ომამდე კონდოლიზა რაისს ბათუმში შეხვდა სააკაშვილი და ჩვენც იმიტომ არ შეგვიშვეს ცხინვალში. ეს ეჭვი ყოველთვის იქნება. ომის წაგების შემდეგ საქართველოს მხარემ 4 მილიარდნახევარი მიიღო. ამით მაშინ ვითომ დევნილთა სახლებს აშენებდნენ, რომელსაც ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მთელი ეს თანხა მათ ჯიბეში წავიდა.
რუსთაველზე საკნების ქალაქი აიღეს და ჩემი ერთი კარავი, რომელიც მანამდეც იდგა, დატოვეს. რა მიზანს ემსახურებოდა ამ კარვის დატოვება, ახლავე აგიხსნით. იმ პერიოდში ჩამოდიოდა აშშ-დან ბაიდენი და მისთვის უნდოდათ ეჩვენებინათ, აი, როგორი დემოკრატიაა საქართველოში, ოპოზიციურ გაზეთს კარავი აქვს გაშლილიო. მე და ჩემმა მეგობრებმა: თამაზ ჭეიშვილმა და მამუკა ვაშაკიძემ გადავწყვიტეთ, ერთი სპეციალური ნომერი გამოგვეშვა ინგლისურ ენაზე, სადაც ყველაფერი უნდა ყოფილიყო აღწერილი, რასაც სჩადიოდნენ სააკაშვილის რეჟიმის მამები. როდესაც ბაიდენი ჩვენს კარავთან მოვიდა, მას მოჰყვებოდა უცხოელი ჟურნალისტების მთელი ამალა და ჩვენ ეს გაზეთები სათითაოდ დავურიგეთ მათ. როდესაც წაიკითხეს, გაოცებას ვერ მალავდნენ. სააკაშვილი, რომელიც დემოკრატიით იწონებდა თავს, ამ დროს აზრზე არ იყო, რა ეწერა იმ სპეცნომერში. თამაზ ჭეიშვილს მისმა პაციენტმა პოლკოვნიკმა ჩუმად შეატყობინა, სასწრაფოდ უნდა დატოვოს ბონდო ქურდაძემ საქართველო, თორემ მის შვილს ემუქრებიანო. სხვა სიგნალებიც მოდიოდა. ლიტვის საკონსულოში ნაცნობობით, ვალერი გელაშვილის შუამდგომლობით გავაკეთეთ ვიზა ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ ერთმა დეპუტატმა გამაფრთხილა, აუცილებლად გაგაჩერებენ და დიდი პრობლემები შეგექმნება, გააუქმე ლიტვის ვიზაო. გადავწყვიტე, ოჯახთან ერთად უკრაინაში წავსულიყავი. აეროპორტში მაცილებდნენ გიგლა გობეჩია, მამუკა ვაშაკიძე, ზურაბ კირკიტაძე, გია გაბრიჭიძე, დათო მხეიძე, ტელეკამერებს „ბიბისი“ მიაკრეს, რომ ეჭვი გაეფანტათ.
ზურაბ კირკიტაძემ გამომიტანა ზურგჩანთა და გამაფრთხილა, თვითმფრინავში გახსენიო. მეც თვითმფრინავში გავხსენი და ვხედავ, „დიდების ზღაპრის“ გმირი სააკაშვილის თოჯინა გამოუტანებია. გავგიჟდი, ამას გამოვექეცი და ახლა ეს მინდა მეთქი? ჩემი გოგონა ბარბარე 3 წლს იყო და ისე მოეწონა სააკაშვილის თოჯინა, რომ უკრაინაში ჩასვლამდე ხელიდან არ გაუგდია. ამაზე და საერთოდ, ჩემს ცხოვრებაზე, სცენარი მაქვს დაწერილი და, იმედია, „ალია“ მას დაბეჭდავს. უკრაინაში ჩავფრინდით. მე იქ არავინ დამხვდებოდა. ტაქსი ვიქირავე, ეს თოჯინა ავიღე და ნაგავში ჩავაგდე. მაგრამ ბავშვმა ისეთი ტირილი დაიწყო რომ იძულებული გავხდი, ნაგვიდან ამომეღო სააკაშვილის თოჯინა. როცა ნაქირავებ ბინაში მივედით, სააკაშვილის თოჯინა ვაბანავე, ისეთი ჭუჭყიანი იყო. მეგობარმა ჟურნალისტებმა გამაფრთხილეს, რომ იქაც საფრთხე მემუქრებოდა. სააკაშვილმა აამოქმედა ყველა სპეცსამსახური. კიევში დამიწყეს ძებნა. თავშესაფარი უნდა მომეთხოვა, მაგრამ ამის დრო არ იყო. სააკაშვილის ძმა მუშაობდა უკრაინის საელჩოში და ჩართული იყო ყველა სამსახური.
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავით მე და ჩემი ოჯახის წევრები. უკრაინა უნდა დამეტოვებინა და დასავლეთისკენ წავსულიყავით. დავიქირავეთ მანქანა და მივედით მდინარემდე, რომლის სახელიც არ მახსენდება, უნგრეთსა და კიევს ყოფს შუაზე. ამ მდინარით უნდა გადავსულიყავით უნგრეთამდე. გასაბერი ნავი ვიყიდე, ასევე ჟილეტები და ყველაფერი, რაც მდინარის გადასაცურად იყო საჭირო. ჩვენდა საუბედუროდ, მდინარე ისე იყო ადიდებული, კიდევ კარგი, ჩემი ვაჟი სპორტსმენია და მისი წყალობით, სასწაულად გადავრჩით. მთელი ოჯახი ვიღუპებოდით. მე ამის გადმოცემა მიჭირს. ვერცერთ მძაფრსიუჟეტიან ფილმში ასეთ ეპიზოდს ვერ ნახავთ. ასეთ მდგომარეობაში ვიყავით, როდესაც ნიკამ, ჩემმა ვაჟმა იყვირა, მიწა, მიწაო!. მიწაზე ფეხი დავდგით და წამოვედით სულ ჭაობ-ჭაობ. იქვე, ახლოს, ვნახე საბჭოთა მეომრების საფლავები. ვეძებდით ტაქსს, რომ გავსულიყავით ამ ჭაობებიდან. იქაურ პოლიციას მივადექით დახმარებისთვის. მათ დახმარების ნაცვლად პასპორტები ჩამოგვართვეს და წაგვიყვანეს დახურულ ბანაკში. ჩვენ თავშესაფარს ვითხოვდით, მაგრამ ამაზე უარს გვეუბნებოდნენ, კატეგორიულად გვითხრეს, საქართველოში უნდა დაბრუნდეთო. ასე დაკავებულები ვიყავით კარგა ხანს. იქ ჩვენს მდგომარეობაში სხვებიც იყვნენ და ერთად მოვილაპარაკეთ, რომ ღამე გამოვქცეულიყავით ბანაკიდან. სულ თოთხმეტი ვიყავით. გაქცევა მოვახერხეთ და აღმოვჩნდით ბუდაპეშტში, ავსტრიის საზღვართან. იქ ნათესავებმა ფული გამოგვიგზავნეს, რითიც მანქანა ვიქირავეთ და ბუდაპეშტიდან პარიზში ჩამოვედით. პარიზში 10 ევრო და 10 ლიტრი ბენზინი მქონდა. შანზ-ელიზეზე ვიყავით და ერთი სული გვქონდა, რომ ჩავბარებულიყავით. მივედით პოლიციაში და მოვითხოვეთ თავშესაფარი, მაგრამ იქიდან გამოგვყარეს. ჩემზე ადრე იქ ოქრუაშვილი იყო გამოქცეული, მაგრამ საემიგრაციო სამსახურში უარი უთხრეს. შემდეგ ადვოკატების დახმარებით მოხვდა საემიგრაციო სამსახურში. ჩვენ ამ დროს უკვე პოლიტიკური სტატუსი მოგვცეს. იმ პერიოდში სალომე ზურაბიშვილს შემთხვევით შევხვდი ლევილის სასაფლაოზე. გაგიჟდა, რომ დამინახა. მას მიტინგებიდან ვახსოვდი. მე მომცეს საცხოვრებელი სახლი შიგ პარიზში და ასე დავიწყეთ აქ ცხოვრება.
– თქვენი ბავშვები რამდენი წლის არიან და რას საქმიანობენ?
– უფროსი ვაჟი ნიკა ქურდაძე კინორეჟისორია. მან ლონდონში პრიზი აიღო. კანის ფესტივალზეც თავი ისახელა. მეუღლე მუშაობს. შუათანა გოგონა გათხოვდა, მისი მეუღლე სასტუმროს მენეჯერია. ფრანგი ქმარი ჰყავს, მაგრამ გარეგნობით ქართველს ჰგავს. 13 წლის ბარბარე სკოლაში დადის. ყველა კარგად ფლობს ფრანგულს.
– ბონდო, ქართველი ხალხი 1992 წლიდან ცხოვრობს სოციალურ ჯოჯოხეთში. რას ფიქრობ, როგორ უნდა გამოვიდეს ამ ჯოჯოხეთიდან ქვეყანა?
– ტელევიზიებს თვალს ვადევნებ, მაგრამ ის ან ერთის ხელშია, ან მეორის ხელში. ჩვეულებრივ ადამიანებს ეთერს არავინ უთმობს. ერთი სიტყვით, ორი პოლუსია. შუაში არავინ არ დგას, რადგან თვითონ არ აწყობთ მესამე ძალა. სანამ ესენი არ დაუთმობენ სხვას, არაფერი ეშველება ქვეყანას, ხალხი იგნორირებულია.
– ბონდო, რასაც საქართველოში ვერ ისწავლიდი, რა ისწავლე ისეთი საფრანგეთში, რამდენად გაიზარდე შემოქმედებითად? რა დონეზეა განვითარებული საფრანგეთში პრესა და, საერთოდ, მედიასაშუალებები?
– საფრანგეთში რაც მომწონს, ეს არის ის, რომ სოციალური სამსახური ყველაზე კარგად მუშაობს. თუ შუქის ფული ვერ გადაიხადე, ვერ დაფარე დროულად, შუქს არავინ გამოგირთავს, სოციალური სამსახურის მუშაკი მოდის და გეკითხება, რატომ ვერ იხდი, რა პრობლემა გაქვს, რადგან ადამიანი არის ნომერ პირველი. ჩემს შვილს სკოლაში წასვლა უხარია, ისეთი გარემოა. საქართველოდან კი მესმის, რომ ბავშვებს სკოლაში სიარული საერთოდ არ უნდათ. რაც შეეხება იმას, რომ მედიასაშუალებები, პრესა ასრულებს თუ არა თავის მოვალეობას, ნამდვილად ასრულებს. ნაპოლეონი ამბობდა, ორი რამის მეშინია და ერთი გაზეთიაო. საფრანგეთში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პრესას. საფრანგეთის კულტურა ქართულ კულტურასთან ძალიან ახლოსაა. ქართველმა ხალხმა უფრო კარგად იცის ფრანგული ლიტერატურა, ვიდრე თვითონ ფრანგებმა.
– როგორ აფასებ ბიძინა ივანიშვილის როლს ქვეყნის ცხოვრებაში?
– ივანიშვილი არის გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე. ნებისმიერ ქვეყანაში გამარჯვებული პარტია ნიშნავს თანამდებობის პირებს. რაც შეეხება მის ქველმოქმედებას, ერთი ადამიანი მაინც დამისახელეთ, რომელმაც სამი მილიარდი გაიღო ქვეყნისთვის. ნაცებს მიჰქონდათ ყველაფერი ქვეყნიდან და გაჰქონდათ ქვეყნის გარეთ. ივანიშვილს საკუთარი სახლიდან მოაქვს და გარედანაც შემოაქვს ქვეყნისთვის მილიარდები. არ არის განსხვავება? რა თქმა უნდა, ხალხი უკმაყოფილოა, რადგან იზოლაციაში არ არიან დამნაშავე „ნაცები“, რომლებიც თავიანთი საცეცებით ჩამოკიდებულები არიან ამერიკისა და ევროპის პარლამენტარებსა და კონგრესმენებზე. ასევე უნგრეთის სახალხო პარტიაზე, რომლებიც მოქრთამული ჰყავთ „ნაცებს“, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ბოკერიებს და მის ბანდას ქვეყანას ვერ გადააყოლებდა.
– ბონდო, როდის აპირებ საქართველოში დაბრუნებას?
– გაისად ვბრუნდებით მე და ჩემი მეუღლე. შვილები ჯერჯერობით იქ ცხოვრობენ, იქ დაიმკვიდრეს ადგილი, თუმცა საბოლოოდ ისინიც დაბრუნდებიან. ჩემი უფროსი ვაჟი და ქალიშვილი საფრანგეთის მოქალაქეები არიან. მე კატეგორიული უარი განვაცხადე საფრანგეთის მოქალაქეობაზე. მე საქართველოს მოქალაქე ვიყავი და ვრჩები. პრეზიდენტმა სააკაშვილმა დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. მე კი რედაქტორი ვიყავი, მაგრამ საქართველოს მოქალაქედ ვრჩები.
(გაგრძელება იქნება)
ნანა სულავა, ალია №21
კომენტარები