ჟურნალისტის მოგონებები
2005 წლის 1-ლ თებერვალს, გორში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან ტერაქტი მოხდა. პოლიციის შენობასთან აფეთქდა „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც 80–100 კილოგრამი ტროტილი და პლასტიკური მოწყობილობა იყო და აფეთქება დისტანციურად განხორციელდა. ტერორისტების მიზანი, სამხრეო პოლიციის უფროსის, ალექსანდრე სუხიტაშვილი მოკვლა იყო და დამატებით თუ კიდევ იქნებოდა მსხვერპლი, ეს ტერორისტებისთვის უკეთესი იქნებოდა. „ჟიგული“, პოლიციის შენობასთან, ზუსტად იმ ადგილას იყო გაჩერებული, საითკენაც გზას სუხიტაშვილი კაბინეტის ფანჯრები გადმოჰყურებდა. სუხიტაშვილი მსუბუქად დაზიანდა, გადარჩა, მაგრამ ტერაქტს სამი პოლიციელი ემსხვერპლა, გიორგი მთვარელიძე, სოსო მინდიაშვილი და იოსებ იაკობიძე. 30–მდე ადამიანი დაიჭრა. ტერაქტი ხუთ თვეში გახსნეს ჩვენმა სამართალდამცავებმა და ტერაქტის შემსრულებლები ციხეში გაისტუმრეს. თუმცა, ტერაქტის დამკვეთები და ორგანიზატორები, რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ და ცხადია, შემკვეთი არ დასჯილა.
იმ დროს უკვე „ალიაში“ ვმუშაობდი. ადრე მომივიდა სამსახურში წასვლა და დროის მოსაკლავად, კაფეში შევიარე. პეკინის ქუჩაზე, „აკადემიკოსების სახლის“ ძირში, მაშინ ასეთი კაფე იყო – „პრინცი“ დავჯექი და ყავა შევუკვეთე, თან გზად ნაყიდ გაზეთს ვკითხულობ. ჯერ ყავა არ ჰქონდათ მოტანილი, რომ „ალიას“ ადმინისტრატორმა, მარინა ანდღულაძემ დამირეკა. ღმერთმა აცხონოს, მარინა დეიდას ჩემზე ცოტა ამაგი არ აქვს და მისი ბევრი რჩევა და ჭკუის დარიგება გამომდგომია ცხოვრებაშიც და პროფესიულ საქმიანობაშიც. „ალიაში“ დაარსების დღიდან მუშაობდა. მარინა ანდღულაძე „ალიას“ ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის დედა გახლავთ. ვუპასუხე ტელეფონს და მარინა დეიდამ (დიდი და პატარა, ყველა ასე ვეძახდით) გამარჯობის თქმაც არ დამაცადა, უცებ მომაყარა: ახლა გადმოსცეს რადიოში, რომ გორში ტერაქტი მოხდა, სასწრაფოდ შენ და ირაკლი უნდა წახვიდეთო. კი, ბატონო, ირაკლის სპორტის სასახლესთან. გაჩერებასთან დაველოდები, უკვე მივდივარ–მეთქი. აღარაფერი უთქვამს, გამითიშა ტელეფონი. გადავიხადე დაულეველი ყავის ფული და გავვარდი კაფედან. გადავედი პეკინის მერე მხარეს და მალევე ირაკლი გედენიძეც მოვიდა თავისი „ოპელით“. მანქანის სისწრაფის შიში არ მაქვს, მიხაელ შუმახერს ჩავუჯდები თავის, მაგრამ ირაკლის ისე სწრაფად მიჰყავდა, ვუთხარი, ასე თუ იარე, ჩვენ გორში ვერ ჩავაღწევთ–მეთქი. ნუ გეშინიაო, მითხრა ირაკლიმ და კიდევ უფრო მიაჭირა გაზს ფეხი.
არ ვიცი, რამდენი დრო დაგვჭირდა გორში ჩასასვლელად, მაგრამ ძალიან მალე ჩავედით. გზად, რადიოთი გავიგეთ, რომ ტერაქტი პოლიციის სამხარეო შენობასთან მოხდა და პირდაპირ ტერაქტის ადგილზე მივედით. მე და ირაკლი გადმოვხტით მანქანებიდან, ირაკლიმ ფოტოების გადაღება დაიწყო, მე – ინფორმაციის შეგროვება. გამოვკითხე დაზაფრული პოლიციელები, ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც ტერაქტის ადგილას იყვნენ შეგროვებული, იმ ქუჩაზე გამვლელები, შევედი პოლიციის შენობაში, ვნახე აფეთქებული და ჩამოქცეული ოთახები, დავათვალიერე „ჟიგული“, რომლისგანაც აღარაფერი იყო დარჩენილი, მისი ნარჩენები თუ ნაფლეთები ათეულ მეტრში იყო მიმოფანტული. ისინიც ვნახე და დავათვალიერე. ჩვენი ადგილზე მისვლიდან 5 წუთში, გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი მოვიდა, 10 წუთში კი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი. მას მოჰყვნენ სხვა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენელი. ირაკლი მოვიდა და მეუბნება, მეტი რა გინდა, ხედავ, რა ხალხს დავასწარით ჩამოსვლაო?
კი, კარგი გრძნობაა, როდესაც ჟურნალისტი ხარ და ტერაქტის ადგილას მისვლას გენპროკურორსა და შს მინისტრს დაასწრებ. ვანო მერაბიშვილი რომ მოვიდა, მისი ბრძანებით, ყვითელი ლენტებით შემოღობეს ტერაქტის ტერიტორია – აფეთქების ადგილიდან 30 მეტრის რადიუსში. დაცვა დააყენეს პოლიციის შენობასთან და შიგნით იქ მომუშავე პოლიციელებსაც არ უშვებდნენ. მხოლოდ ანტიტერორისტული ჯგუფის ექსპერტები და გამომძიებლები იყვნენ შემოღობილ ტერიტორიაზე. პოლიციის შენობასთან ახლოს მაცხოვრებელი ადამიანები აიძულეს სახლებში შესულიყვნენ, აუკრძალეს მედიასთან კონტაქტი. ცხადია, პოლიციელებსაც დაავალეს სრული დუმილი. მხოლოდ მე მქონდა ტერაქტის შესახებ ფასეული ინფორმაციები, პოლიციელთა და თვითმხილველთა მონაყოლები, შემთხვევის ადგილისა და პოლიციის შენობის სრულყოფილად დათვალიერებაც მარტო მე შევძელი. ცხადია, რაც გადასაღები იყო, ირაკლიმაც გადაიღო. ჩვენ შემდეგ მოსულ ჟურნალისტებს მხოლოდ გურამ დონაძე აწვდიდა ინფორმაციას. ცხადია, გაფილტრულს, რისი გახმაურებაც ძალოვანებს მიაჩნდათ საჭიროდ.
შემეძლო, პოლიციის ან პროკურატურის რომელიმე მაღალჩინოსნის სტანდარტული, ასეთი ვითარების შესაბამისი, თითქმის არაფრისმთქმელი კომენტარი ჩამეწერა და სუფთა სინდისით წავსულიყავი თბილისში, რადგან ბევრი იყო თუ ცოტა, ძალზედ მნიშვნელოვანი თუ ნაკლებ მნიშვნელოვანი, ის ინფორმაციები მქონდა, რომლებიც არც ერთ სხვა ჟურნალისტს არ ჰქონდა – ეს არის ექსკლუზივი. თუმცა, ტერაქტია, ქვეყანა ამაზე ლაპარაკობს, მათ შორის მთელი საერთაშორისო მედია და რაღა უმნიშვნელო, ვფიქრობ, ძალიან ღირებული ინფორმაციები მქონდა. მარტო პოლიციელთა და თვითმხილველთა კომენტარები რად ღირს, რომელთაც მერე ლაპარაკი აუკრძალეს.
თუმცა, რაღაც არ მასვენებდა, რაღაც მაკლდა. მერე მივხვდი, რომ ალექსანდრე სუხიტაშვილის კომენტარი მინდოდა. არადა, სუხიტაშვილი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. სახეზე და ტანზე მსუბუქი ჭრილობები ჰქონდა. გავარკვიე, რომ კუდ–ის თანამშრომლები ახლოს არავის აკარებდნენ. აზრი არ ჰქონდა საავადმყოფოში მისვლას. თუმცა, იმედი მქონდა, რომ მოვახერხებდი მისგან კომენტარის აღებას.
რედაქციაში დავრეკე, „ალიას“ რედაქტორს, თამაზ ბესტავაშვილს ველაპარაკე, მოვუყევი, რა ინფორმაციები მქონდა. მერე, წამოდით შენ და ირაკლი, მანდ რაღაც აკეთებთო. ავუხსენი, სუხიტაშვილს მინდა დაველაპარაკო, საავადმყოფოშია ახლა და მერე იქნებ მოვახერხო–მეთქი. თამაზმა იცოდა ჩემი ხასიათი. თუ ინფორმაციის მოპოვების უმნიშვნელოვანესი შანსი მქონდა, ყველანაირად ვეცდებოდი, მომეპოვებინა. კიდევ ერთხელ მენდო და დარჩიო, მითხრა. ირაკლის ვუთხარი, ვრჩები და შენ წადი მეთქი. ირაკლი წავიდა თბილისში, მე ფეხით გავედი გორის ცენტრში, დავჯექი კაფეში და დავწერე რეპორტაჟი. ჰო, ზურაბ ადეიშვილმა რამდენიმე სიტყვა მითხრა ტერაქტის შესახებ და ეს კომენტარიც მქონდა.
სადღაც, 3 საათში დავბრუნდი ტერაქტის ადგილას. იმჟამად შიდა ქართული გუბერნატორი, მიშა ქარელი იყო. ტერაქტის ადგილას კი შევნიშნე, მაგრამ მასთან გამოლაპარაკება, ვერ მოვახერხე. ხან მერაბიშვილს დასდევდა, ხან ადეიშვილს, ხან ორივეს ერთად. მე და მიშა ქარელს რაღაცნაირი ურთიერთობა გვქონდა. ხშირად გამინაწყენდებოდა და მებუტებოდა. გავაკრიტიკებდი გაზეთში მას, მის რომელიმე მოადგილეს, მისი გუბერნიის რომელიმე თანამშრომელს თუ სამსახურს, დამირეკავდა ნაწყენი და მიმტკიცებდა, რომ ვცდებოდი და საქმის ვითარება სხვაგვარი იყო. მიშას ამ კომენტარებს კი ვაქვეყნებდი „ალიას“ მომდევნო ნომერში, მაგრამ ეს არ ყოფნიდა. მერე, გარკვეული პერიოდი ჩემს სატელეფონი ზარებს მაინც არ პასუხობდა. მისი პრესცენტრიდანაც მეუბნებოდნენ, ნაწყენია შენზე და იმიტომ არ გეკონტაქტებაო. მერე გადაუვლიდა წყენა და შემირიგდებოდა.
იმ დროს ახალი შერიგებულები ვიყავით და მას შემდეგ, აღარც გვიჩხუბია. მოკლედ, ტერაქტის ადგილას მეორედ რომ მივედი, მიშა ქარელი დამხვდა, ადეიშვილი და მერაბიშვილი წასულები იყვნენ. მივედი, გადავკოცნე და მითხრა, აქ დაგინახე წეღან, ვეღარ მოვიცალე შენთან დასალაპარაკებლადო და ბოდიში მომიხადა. მერე მითხრა, რაიმე ხომ არ გინდაო. კი, შენი კომენტარი მჭირდება–მეთქი, ჩავწერე მიშა ქარელის კომენტარი და მერე ვუთხარი, მიშა, ერთ საქმეში უნდა დამეხმარო–მეთქი. გისმენო. სუხიტაშვილი ვახსენე და ეგრევე ხელები გასაავსავა, არა, ალეკო კომენტარს არ გააკეთებს, ვანო მერაბიშვილმა უბრძანა და მინისტრს თავზე ვერ გადაახტება, ჩვენს თვალწინ ელაპარაკა ტელეფონზე ვანომ, ვიდრე საავადმყოფოში ნახავდა. რომც ვთხოვო, უარს იტყვისო. არ წავალ მაგის კომენტარის გარეშე–მეთქი. რაც გინდა ის ქენიო, მიპასუხა.
ბევრი ჯიუტი ადამიანი მინახავს, მაგრამ მიშა ქარელისთანა იშვიათად. თუმცა, მეც ქართლელი ვარ და ზოგჯერ მეც დამრევს–ხოლმე ხელს ქართლური სიჯიუტე. ერთი ეგეთი მაშინ დამემართა – გავჭედე. მეგობარ ჟურნალისტს ველაპარაკებოდი, გავიხედე და ქარელი არ არის. მის მოადგილეს, მარლენ ნადირაძეს ვკითხე, მიშა სად წავიდა–მეთქი? სახლში, მთელი დღეა მშიერია, წაიხემსებს და მოვაო. გავაჩერე ტაქსი და მივადექი მიშას სახლში. არ გაკვირვებია დიდად, სახეზე შევატყე. დიდება შენ მობრძანებასო, მითხრა და სუფრასთან მიმიწვია. დავჯექი. მთელი დღის უჭმელი ვარ და ლუკმა ვერ ჩავიდე პირში. ყავა ვთხოვე, მომიდუღეს. მიშამ მითხრა, ლევან, არაფერი გამოვა მაგ საქმიდან, ტყულად მეჩალიჩები. მე და შენ კარგა ხანია აღარ გვიჩხუბია და ვატყობ, დღეს უნდა ვიჩხუბოთო. კი, ბატონო, ვიჩხუბოთ, პირველი არ იქნება–მეთქი. მოვრჩით პურის ჭამას, ავდექით და მიშამ მითხრა, თუ გინდა გაგიყვან ავტოსადგურზე და წადი თბილისში, თუ სხვა გეგმები გაქვს, დარჩი და რაშიც გინდა დაგეხმარები, ოღონდ ალეკო სუხიტაშვილი აღარ მიხსენოო. კარგი, გამიყვანე ავტოსადგურზე–მეთქი. თვითონ დაჯდა საჭესთან და გამიყვანა. გზად იმის გაგება მოვახერხე, რომ მიშა ტელეკომპანია „თრიალეთში“ იყო მიწეული და ავტოსადგურიდან იქ აპირებდა მისვლას. დამტოვა ავტოსადგომზე და წავიდა.
დაღამდა, აცივდა. შევედი კაფეში, ისევ ყავა დავლიე. არ ვიცვლი ფეხს გორიდან. გავიდა საათზე მეტი, ჩავჯექი ტაქსში და წავედი „თრიალეთში“. შევედი ტელევიზიის ოფისში, ჩართულია ტელევიზორი, სხედან მიშა ქარელი და ჟურნალისტი და ლაპარაკობენ. მოკლედ, 3 საათიანი ეთერი იყო, ღამის 11 საათზე ჩამოვიდა მიშა. ჩამოვიდა, დამინახა და იქვე გაქვავდა. ხელები გაშალა, ეს რა შარში ვარო. მიშა, არც შენ, არც ალეკო სუხიტაშვილს დიდი არაფერი დაგიშავდებათ, თუ ალეკო კომენტარს მომცემს, მოდი, შენ ჩემი ხათრით აიტანე საყვედური და შენი ხათრით, ალეკომ–აიტანოს–მეთქი. მიყურებს და შენ ახლა გგონია, ოქრო სიტყვა თქვი, ოქროო, გამეღადავა. რა ვქნა, რა გიყოო?–მომიბრუნდა. ხმა არ ამოვიღე.
ჰა, ჯანდაბას, წავიდეთ ალეკოსთან, თუ გამოვა რამე, ვნახოთო. ახლა უკვე მძღოლიც ახლდა. თვითონ წინ დაჯდა, მე უკან დავჯექი. მივედით ალეკო სუხუტაშვილთან სახლში. იქ მისულმა მიშამ დაურეკა და არ იღებს ტელეფონს. რამდენჯერმე კიდევ დაურეკა და ისევ არ უპასუხა. თურმე ღრმად სძინავს. კაცს ტერაქტი მოუწყეს, დაიჭრა, მერე საავადმყოფოში ეს ჭრილობები დაუმუშავეს, ექიმებგამოვლილია. ამის შემდეგ ჯერ პოლიციის, მერე კუდ–ის გამომძიებელმა დაკითხა. საავადმყოფოში კონსულტაცია ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან და გადაიღლებოდა, რასაკვირველია. სახლში მისულს ისე დაეძინა, ტელეფონის ზარმაც ვერ გააღვიძა. მიშამ გარედან დაიწყო ყვირილი – ალეკო, ალეკოოო… ვიღაცამ შუქი აანთო ოთახში, ცოტა ხანში სპორტულ პიჟამოებში და ფლოსტებში სამხარეო პოლიციის უფროსი ჩამოვიდა ეზოში. გაგვიღო კარი, მივესალმე, მოვიკითხე. 3 მაგარი ბიჭი მომიკლეს და რამდენია მძიმედ დაჭრილი, ჩემს თავს აღარ ვჩივიო. მერე შეგვიძღვა სახლში და დავსხედით სასტუმრო ოთახში. მიშამ უთხრა რაშიც იყო საქმე.
მიშა, ვანოს ეწყინება და გურამ დონაძე კიდევ ტვინს გამომჭამს, ხომ იცი, ამიკრძალეს ჟურნალისტებთან ტერაქტზე ლაპარაკიო. მიშამ სთხოვა, მე ვიღებ ჩემს თავზე, მე დამაბრალე, ორივეს უთხარი, რომ არ მოგეშვიო. იფიქრა ცოტა ხანს ბატონმა ალეკომ და მე მომიბრუნდა – ჩართე დიქტოფონიო. ჩავწერე საკმაოდ ვრცელი კომენტარი. მთავარი, რაც მაინტერესებდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა ვინაობა იყო, ვინც შესაძლოა, ტერაქტის შემსრულებლები იყვნენ. სუხიტაშვილი ფლობდა ცხინვალის რეგიონში საკმაოდ ღირებულ ინფორმაციებს. მითხრა, რუსეთის თავდაცის სამინისტროს სამხედრო დაზვერვამ, რამდენიმე თვის წინ, ვინმე ანატოლი სისოევი გამოგზავნა ცხინვალში. ეს კაცი ტერაქტებისა და დივერსიული აქტების სპეციალისტია, ოსებს ამზადებს ამ საქმეებში და ტერაქტი მაგის გარეშე არ მომზადდებოდა, ეგ უნდა იყოს ორგანიზატორიო. ტერაქტის რამდენიმე სავარაუდო შემსრულებლის გვარ–სახელი მითხრა, მათ შორის იყვნენ ცხინვალელები ვლადიმერ ფუხაევი, ალექსანდრე ცხოვრებოვი, გია ზასიევი და გია ვალიევი. გვიან ღამით, ტაქსით ჩამოვედი თბილისში. მივედი რედაქციაში, დავამატე მიშა ქარელისა და ალეკო სუხიტაშვილის კომენტარი მასალას და მშვენიერი ექსკლუზივი გამოვიდა.
5 თვის შემდეგ, როდესაც ტერაქტი გახნეს, ორგანიზატორად ოფიციალურად დასახელდა ანატოლი სისოევი, ტერაქტის ორი შემსრულებელი დააკავეს, გია ზასიევი და გია ვალიევი, ექვს ტერორისტზე კი ძებნა გამოცხადდა, მათ შორის კი ვლადიმერ ფუხაევი და ალექსანდრე ცხოვრებოვი იყვნენ. „ალიაში“, თანამშრომლები მეხუმრებოდნენ, ერთ დღეში გახსენი ტერაქტი, რა მაგარი ხარო. ერთ დღეში ტერაქტი, ფაქტობრივად, ალეკო სუხიტაშვილმა გახსნა, მე კი ეჭვმიტანილთა ვინაობა გამოვაქვეყნე, რომლებიც ინტერვიუში დაასახელა პოლიციის უფროსმა. თუმცა, ფაქტია, მაშინ ეს ინფორმაცია „ალიას“ გარდა არავის ქონდა. ახლა იმაზე ვფიქრობ, მაშინ რა შემიჯდა, გორიდან ფეხი რომ არ მომაცვლევინა და სუხიტაშვილის კომენტარი ავიჩემე? ამის გამო, კინაღამ მეოთხედ ვეჩხუბე მიშა ქარელს? არადა, მისი კომენტარის გარეშეც მშვენიერი მასალა იყო. მე ხომ არ ვიცოდი, რომ ტერაქტის? ორგანიზატორსა და ოთხ შემსრულებელს დაასახელებდა? შესაძლოა, ბევრი არაფრის მთქმელი ინტერვიუ მოეცა, რომელიც ჩემთვის მხოლოდ იმიტომ იქნებოდა საინტერესო, რომ „ალიაში“ დაიბეჭდებოდა, ექსკლუზივი მე მექნებოდა და სხვა არავის?
ახლა ვაცნობიერებ, რომ სტანდარტულ ინტერვიუზე მეტს ველოდებოდი ალეკო სუხიტაშვილისგან, რაღაც სხვა ინფორმაციას და იმიტომ გავჯიუტდი ასე და ეს ინფორმაცია მივიღე. ზოგი ამას ქვეცნობიერს ეძახის, ზოგი მეექვსე გრძნობას… რაც უნდათ ის დაარქვან, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის ჟურნალისტური ალღო, რომლის წყალობითაც დავმკვიდრდი ქართულ ჟურნალისტიკაში. ეს, პროფესიული ალღო მაქვს მომეტებული, თორემ სხვა თვისებები, რომლებიც ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს, ან „ნორმალური დოზით“ მაქვს, ან „ნორმაზე დაბალი“
ლევან ჯავახიშვილი, ალია, №21
.
კომენტარები