საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტში დისტანციურ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ საპარლამენტო არჩევნებსა და კორონავირუსთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს:
„ევროპელ კოლეგებთან დღეს გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები და გამოცდილება. გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, რათა საპარლამენტო არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. ამისთვის კანონმდებლობაში უკვე შესულია ცვლილებები. საპარლამენტო არჩევნები იქნება დემოკრატიული და თავისუფალი, ამასთანავე, პანდემიის პირობებში იქნება უსაფრთხო.
წესები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში დავამტკიცეთ, ითვალისწინებს უსაფრთხოების ნორმების განხორციელებას, რისი შესრულებაც მოქალაქეებისთვის არჩევნების დღეს სავალდებულო იქნება. ეს არის პირბადის გამოყენება, დეზინფექციის საშუალებები, რომელიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, უსაფრთხოების წესები თავად საარჩევნო უბნის შიგნით. კარანტინში მყოფი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სპეციალური ზომები, რათა ფარულად და უსაფრთხოდ მისცენ ხმა მათთვის სასურველ პარტიას.
ასევე, გადავწყვიტეთ საკანონმდებლო ჭრილში, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში კარანტინში მყოფმა პირებმა, აგრეთვე თანამემამულეებმა, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, რადგან შესაძლოა, ამა თუ იმ ქვეყანაში, ოქტომბერში კვლავ იყოს ისეთი ეპიდსიტუაცია, რომელმაც ხელი შეუშალოს არჩევნების ჩატარებას. ყველა ამ საკითხზე პარლამენტმა იმსჯელა და ჯანდაცვის სამსახურებთან და ცესკო-სთან ერთად ოქტომბერში ვუზრუნველყოფთ უსაფრთხოების აღსრულებას“
კომენტარები