ბოლო ორი წლის განმავლობაში საჯარო უწყებებმა ჯამურად 382 ავტომობილი შეიძინეს. ავტომობილებში გადახდილი ჯამური თანხა კი 18 მილიონ ლარს აღემატება. შეძენილი 382 ავტომობილების უმრავლესობა – 253 ავტომობილი 2018-2019 წლებში გამოშვებული მოდელია.
ამის შესახებ ცნობილი ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის [IDFI] მიერ საჯარო უწყებებში ავტოტრანსპორტის და საწვავის ხარჯების შესახებ ჩატარებული კვლევიდან ხდება ცნობილი.
კვლევის ძირითადი მიგნებების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:
- ბოლო ორი წლის განმავლობაში 31-მა უწყებამ ჯამში 382 ავტომობილი შეისყიდა, საიდანაც 253 ერთეული არის 2018-2019 წლებში გამოშვებული უახლესი მოდელი;
- 2018-2019 წლებში, 31 სსიპ-ს მიერ შესყიდული ავტომობილების ჯამურმა ღირებულებამ 18 მილიონ ლარს გადააჭარბა;
- კვლევის სამიზნე უწყებების თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების უმრავლესობა მაღალი გამავლობის ავტომობილებია, კერძოდ, 133-იდან 75 (56.4%);
- 2019 წლის 27 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 151,574.4 ლარად შეისყიდა Toyota Land Cruiser-ის მოდელის ავტომობილი, რაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებას 10,000 ლარით აღემატება;
- თანამდებობის პირებისთვის დაწესებული ყოველთვიური საწვავის ლიმიტები 140 ლიტრიდან 850 ლიტრამდე მერყეობს. ყველაზე მაღალი ლიმიტით გამოირჩევა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი (თვეში 850 ლიტრი);
- 122 თანამდებობის პირმა 2019 წელს 425,000-მდე ლიტრი საწვავი მოიხმარა, რაც სახელმწიფოს დაახლოებით მილიონი ლარი დაუჯდა;
- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა 2019 წელს ყველაზე მეტი, 10,371 ლიტრი საწვავი მოიხმარა და 50,200 კმ დაფარა;
- 2019 წელს, 10-მა თანამდებობის პირმა ჯამში დაახლოებით 490,000 კილომეტრი გაიარა, თითოეულმა საშუალოდ 49,000 კილომეტრი;
- 2019 წელს 20-მა თანამდებობის პირმა გადააჭარბა დადგენილ საწვავის ლიმიტს;
- იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, ერთი წლის განმავლობაში, საკუთარი თავისთვის დადგენილი ლიმიტი ოთხჯერ გაზარდა, 275 ლიტრიდან 600 ლიტრამდე.”
ტაბულა
კომენტარები