ჟურნალისტის მოგონებები
2006 წლის 2 მაისს, თბილისში, სანაპიროზე, „დინამოს“ კორტებთან შსს–ს კრიმინალური პოლიციის მიერ განხორციელებული სპეცოპარაციისას, სამართალდამცავებმა ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი, და ბუბა ფუთურიძე ჩაცხრილეს. ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ადგილზე გარდაიცვალნენ. ავტომობილი „ბმვ“ ზურა ვაზაგაშვილს ეკუთვნოდა. სამართალდამცავებმა 840 ტყვია ესროლეს ავტომობილს. შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები ირწმუნებოდნენ, რომ სამეული ბინის დასაყაჩაღებლად მიდიოდა, მათ პოლიციის მანქანა აედევნა. ვაზაგაშვილმა და მისმა მეგობრებმა შენიშნეს პოლიციელები და მანქანიდან სროლა აუტეხეს. თუმცა, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ „ბმვ“–დან არავის უსვრია (ეს ფაქტი ფოტომასალის დამუშავებისას „ალიამ“ აღმოაჩინა და დავწერეთ, რაც მოგვიანებით, ოფიციალურად დაადასტურეს). ბიჭებს იარაღი საერთოდ არ ჰქონიათ. ისინი დახოცეს და მერე მანქანაში 3 სხვა და სხვა ტიპის, 4 პისტოლეტი ჩადეს.
ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი 11 წელი იძიებდა ამ საქმეს, დღეს და ღამეს ასწორებდა, არც დრო და ენერგია დანანებია, არც ფული, არც არაფერი და იქამდე მივიდა, რომ სულ ზეპირად იცოდა არა მხოლოდ იმ სპეცოპერაციის ხელმძღვანელთა და მონაწილეთა ვინაობა, რომელი პოლიციელი და სპეცრაზმელი სად იდგნენ და რომელი იარაღით ესროდნენ მანქანას, ესეც კი. იცოდა პოლიციის რომელმა მაღალჩინოსანმა რა სახის ბრძანება გასცა. რომელმა პროკურორმა და გამომძიებელმა რა სიყალბე ჩაიდინეს, ვინ აჭიანურებდა საქმის გამოძიებას და მკვლელთა დასჯას. ცხადია, ინფორმაციის დიდი ნაწილი შიგნიდან, პოლიციიდან და პროკურატურიდან მოიპოვა. ის ასახელებდა კონკრეტულ გვარებს – ირაკლი ფარხალავას, ირაკლი ქადაგიძეს, გიორგი ხიზანიშვილს, გიორგი ცააძეს… სიკვდილამდე 1 კვირით ადრე ინტერვიუ ავიღე იური ვაზაგაშვილისგან და პოლიციისა და პროკურატურის 25 ყოფილი და იმჟამად მოქმედი მაღალჩინოსანი ჩამომითვალა, რომლებიც „კორტების სპეცოპერაციის“ საქმის გახსნას ბლოკავდნენ.
იური ვაზაგაშვილი არა მხოლოდ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სახელმწიფო სისტემას დაუპირისპირდა – „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ მმართველობას. ის საფრთხეს არაერთ მაღალჩინოსანს და პოლიტიკოსს უქმნიდა. ჯერ დაემუქრნენ, მოგკლავთ და უკვე მკვდარი ვარ და მეორედ თუ მომკლავთ, არ მადარდებს, ჩემს ზურასთან წავალო, შეუთვალა ბატონმა იურიმ. მერე, მეორე ბიჭს და მეუღლესაც მოგიკლავთო, დაემუქრნენ და რაც ღმერთის ნებაა, ის მოხდესო. გარიგება შესთავაზეს და ცხადია, ახლოს არ მიიკარა შუამავლები, ტელეფონით შეუთვალა, მაგაზე მეორედ აღარ დამელაპარაკოთო. სტრასბურგის სასამართლოში მოუგო საქმე სახელმწიფოს, მაგრამ იური ვაზაგაშვილი არ გაჩერდა, რადგან მისი შვილის მკვლელები დაუსჯელები იყვნენ და ბევრი მათგანი, კიდეც დააწინაურეს.
2015 წლის 20 იანვარს, იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, ზურას საფლავზე ააფეთქეს. ნაღმი საყვავილეში იყო ჩამონტაჟებული. შვილის საფლავზე გასულმა იურიმ, საყვავილედან ძველი ყვავილები ამოიღო, ახლები რომ ჩაეწყო და ნაღმი ამ დროს ამოქმედდა, როდესაც ყვავილები ამოსწია. შვილის საფლავზევე გარდაიცვალა. ვიცნობდი იური ვაზაგაშვილს და მის დაკრძალვაზე „ალიას“ გავრცელების სამსახურის უფროსმა, ილია ჭაქვაძემ წამიყვანა მანქანით. სპეციალურად ადრე წავედით, რომ მის ნათესავებს, მეზობლებს, მის სოფლელებს გავსაუბრებოდი, მის მკვლელობაზე „ალიაში“ მე ვწერდი და ამ საქმის ბოლომდე მიყვანა დამევალა. ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავალ, ერთ დეტალზე მინდა შევჩერდე. კონკრეტული მიზეზის გამო, ახალგაზრდობაში, მიცვალებულის მიმართ შიში გამიჩნდა. პანაშვიდების დროს, იმ ოთახში არ შევდივარ, ან მაქსიმალურად ვერიდები შესვლას, სადაც მიცვალებული ასვენია. გასვენებისას კი სასახლეს სულ ბოლო მივყვები. იური ვაზაგაშვილი რომ ესვენა, იმ ოთახში შესვლისა და მისი ოჯახის წევრების, ახლობლებისთვის მისამძიმრების სურვილი გამიჩნდა. კი გამიკვირდა, მაგრამ შევედი პატარა ოთახაში, კუბოსთან გავჩერდი და სახე და ხელები დეტალურად დავუთვალიერე ცხონებულს. მეტიც, სახესა და თითოეული ხელის მტევანზე რამდენი ნაიარევი ჰქონდა, ისინიც დავთვალე. მერე ეს დეტალები გაზეთში გამოვაქვეყნე. დღესაც არ ვიცი, რა ძალამ შემაჩერა და დამათვლევინა ნაიარევები, როდესაც მიცვალებულს რომ ვხედავ, ლამის კილომეტრზე გავრბივარ. ვფიქრობ, პროფესიულმა ჟინმა აჯობა ჩემში ჩაბუდებულ შიშს და დროებით გაანეიტრალა.
იური ვაზაგაშვილი დაკრძალეს. ხეირიანი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, რომელიც ბატონ იურის მკვლელობის საქმის გამოძიებაში წინ წამწევდა. პრინციპში, არც დრო და ადგილი იყო სამაგისო. სასაფლაოდან ვბრუნდებოდით, რომ ჩემი კასპელი კურსელი დავინახე. მგონი 15 წელი არ მყავდა ნანახი. ეტყობა, ჩემი მზერა შეამჩნია და თავადაც გამოიხედა ჩემსკენ. მოვიდა, გადამკოცნა და გავაბით საუბარი. არ გაკვირვებია ჩემი იქ ყოფნა, რადგან „ალიას“ მკითხველია. იცოდა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ყველა საიდუმლო მაინტერესებდა. ვკითხე კიდეც, რაიმე ხომ არ იცი, მკვლელობის შესახებ–მეთქი. გვერდზე გამიყვანა და ისე გავაგრძელეთ გზა. ჩუმად მითხრა, ახლა ვერაფერს გეტყვი, ამ დღეებში ჩამოდი კასპში, შევხვდეთ და სერიოზულ ინფორმაციას მოგცემო. 15 იავნარს, სამშაბათს ააფეთქეს და 20 იანვარს, კვირას დაკრძალეს იური ვაზაგაშვილი. მეორე დღესვე, 21 იანვარს დავურეკე ჩემს კურსელს და ჩავედი კასპში.
კაფეში დავსხედით და იქ მითხრა. იური ვაზაგაშვილის მკვლელი კასპელია, დღესაც აქ ცხოვრობს, ყოფილი ან ამჟამინდელი ძალოვანია და თავის დროზე შსს–ს ყოფილ მაღალჩინოსანთან ირაკლი ფირცხალავასთან ერთად მუშაობდაო. კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ საქმეზე რაც მითხრა, მხოლოდ ეს იყო. თუ ჩემი კურსელი, ჩემი წყარო არ ტყუოდა, მაშინ სრულიად შესაძლებელი იყო მიმეგნო ვაზაგაშვილის მკვლელისთვის. ეჭვმიტანილთა წრე ძალიან დავიწროვდა, კასპში ბევრი ადამიანი ისედაც არ ცხოვრობს და განა რამდენი მოქმედი და ვეტერანი ძალოვანი იქნებოდა იმ პატარა ქალაქში? თან, აუცილებლად ირაკლი ფირცხალავასთან ნამუშევარი? გეგმა იქვე შევიმუშავე. ჯერ იმ მოქმედი ძალოვანების ვინაობა უნდა გამერკვია, რომლებიც ფირცხალავას თანამშრომლები იყვნენ ადრე, მერე – ვეტერანი ძალოვანებისა. მერე აღმოჩნდა, რომ სწორი გზით ვაპირებდი წასვლას, მოქმედი ძალოვანებიდან უნდა დამეწყო მკვლელის ძიება.
ჩამოვედი კასპიდან. მეორე დღეს მივედი რედაქციაში, დავწერე მორიგი წერილი. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ახალი დეტალების შესახებ, ჩემმა კურსელმა, ამ საქმის შესახებ, სხვაც მითხრა მნიშვნელოვანი, მაგრამ მთავარი, ყველაზე მეტად ყურადსაღები რაც იყო, უკვე მოგახსენეთ. სტატია მზად მქონდა და მთავარ პროკურატურის პრეს–ცენტრის უფროსს, ნათია სუხიაშვილს დავურეკე. ვკითხე, მაქვს ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელი, კასპის მკვიდრია, ყოფილი ან მოქმედი ძალოვანი და წარსულში ირაკლი ფირცხალავასთან მუშაობდა. მაინტერესებს, გამოძიებას ამის შესახებ თუ აქვს ინფორმაცია, ამ მიმართულებით თუ მუშაობს–მეთქი. საიდან იგონებთ ასეთ აბსურდებს ჟურნალისტები, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ უკვე მეოცე ვერსიას ვისმენო, მითხრა სუხიაშვილმა. თუმცა, მერე მითხრა, საგამოძიებო სამსახურს ვკითხავ და მათი პასუხი დაწერე ოფიციალურ კომენტარადო.
ნახევარ საათში გადავურეკე და ყველაფერი უარყო. ამ ეტაპზე გამოძიებას ეჭვმიტანილი არ ჰყავს, ექპერტიზები ტარდება, სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა როდესაც საჭიროდ ჩათვლის, საზოგადოებას ამის შესახებ ვაცნობებთო. სხვაგვარ პასუხს არც ველოდი დავემშვიდობე, ეს კომენტარი დავურთე მასალას და მეორე დღეს, 22 თებერვალს გამოქვეყნდა „ალიაში“. ამ მასალის გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს გია სოსანაშვილი, კასპის მკვიდრი, წალკის რაიონის პოლიციის თანამშრომელი. გია სოსანაშვილი 2005–2006 წლებში თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. ამ პერიოდში კი, ირაკლი ფირცხალავა შსს–ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. გია სოსანაშვილის არა მხოლოდ თანამშრომელი, უშუალო უფროსი და მეტიც.
სწორედ ფირცხალავამ მიიყვანა კრიმინალურ პოლიციაში სოსანაშვილი. ერთი ერთში მოვარტყი ყველაფერი. ეს ინფორმაცია მოვისმინე „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში და ჯერ გამიხარდა, რომ წყაროს მოწოდებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, მერე, ამ თვითკმაყოფილებამ გამიარა და კინაღამ გადავირიე. ცოტა რომ მეჩქარა, გია სოსანაშვილის, როგორც იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელის ვინაობას, პროკურატურაზე ადრე დავასახელებდი. თუმცა, მე, შს სამინისტრო, სუს–ი და მთავარი პროკურატურა ერთი გზით მივდიოდით და დამასწრეს. ამხელა სტრუქტურები ერთ ჟურნალისტს რომ გაჯობებენ, ტრაგედია არ არის, მაგრამ რეალური შანსი მქონდა, დამედო სრულყოფილი გამოძიება და სავარაუდო მკვლელი დამესახელებინა. ეს შანსი კი ხელიდან გავუშვი და დღემდე ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის. არ ვიჩქარე, ჩემი ბრალია. რატომღაც ვფიქრობდი, რომ პროკურატურა ამ საქმეს ან საერთოდ არ გამოიძიებდა, ან ჩვეულებისამებრ გაწელავდა დროში. ამჯერად მართლა მწარედ შევცდი. თუმცა, რაც შევძელი, ვფიქრობ, ცოტა არ იყო.
გია სოსანაშვილს იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის 20 წელი ციხე მიუსაჯეს.
სტატიის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ თვეში, დაშიფრული ნომრიდან დამირეკეს. ახალგაზრდა კაცის ხმას ჰგავდა. ვინაობა არ გაუმხელია. შენობით მომმართა, მომესალმა, მითხრა, რომ ჩემი და „ალიას“ გულშემატკივარი იყო და ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა სათქმელი. გისმენთ–მეთქი, ვუთხარი. იცი, რომ „ალიაში“ შენი გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ გავიდა გამოძიება, პროკურატურა და სუს–ი გია სოსანაშვილის კვალზეო? იური ვაზაგაშვილის მკვლელზე საუბრობთ–მეთქი? კი, აბა, ვისზე ვსაუბრობ, შენ წერდი „ალიაში“, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი არის კასპელი, მოქმედი ან ყოფილი ძალოვანი, რომელიც ირაკლი ფირცხალავასთან ერთად მუშაობდა კრიმინალურ პოლიციაშიო. მთელი ციტატა მითხრა „ალიაში“ გამოქვეყნებული სტატიიდან. ვკითხე, პროკურატურიდან ან სუს–იდან ხომ არ რეკავთ–მეთქი და გაეცინა და თან გამეხუმრა, რა მნიშვნელობა აქვს სად ვმუშაობ, „მისტერ ექსკლუზივ“, რაც მთავარია, ათიანში გაარტყი და შენ რომ არა, ამ საქმეს ან გახსნიდნენ ეს ჩემისები და ან არაო. ეს მითხრა და გამითიშა ტელეფონი.
არც მიცდია იმის გარკვევა, ვინ და საიდან დამირეკა. ნაშრომი და ნაწვალები ვიღაცამ დამიფასა და ძალიან გამიხარდა. მართლა მე დავაყენე თუ არა გამოძიება სწორ გზაზე, ამის გარკვევას აზრი არ ჰქონდა. რომელი გამომძიებელი აღიარებს, რომ კონკრეტულმა ჟურნალისტმა რაღაც ეტაპზე აჯობა და გამოძიების პროცესში გაუსწრო? არც ერთი! მით უმეტეს, იმას არავინ აღიარებს, რომ ჟურნალისტმა გაიყვანა გამოძიება სწორ კვალზე და და ეჭვმიტანილთა წრე ძალიან შეავიწოვა, ეჭვმიტანილთა ვინაობა მინიმუმამდე დაიყვანა და გამოძიებას დიდი დრო და რესურსი დაუზოგა.
იური ვაზაგაშვილი ვერ მოესწრო შვილის მკვლელთა დასჯას. თუმცა, სამართალი მაინც აღსრულდა. 2015 წლის 30 ოქტომბერს, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე ბრალდებულ გიორგი ცააძეს და ირაკლი ფირცხალავას 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, კახაბერ ნაკანს- 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლევან ბეროძეს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, გრიგოლ კვინიკაძეს კი დაუსწრებლად – 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა
ლევან ჯავახიშვილი, ალია №22
.
კომენტარები