უფლებადამცველი ანა არგანაშვილი 11 წლის შვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინში იმყოფება. დედის თქმით, კარანტინში ბავშვისთვის არც შესაბამისი სივრცე და არც შესაბამისი კვებაა, რის გამოც თვითიზოლაციაში გადაყვანას მოითხოვს. მან სასამართლოს უკვე მიმართა.
როგორც ის On.ge-სთან ყვება, აშშ-დან საქართველოში 27 ივნისს დაბრუნდა, მანამდე კი თვითიზოლაციაზე შესაბამისი მოთხოვნა დაწერა, თუმცა არ გაითვალისწინეს:
“ოთახში არ მაქვს რაიმეს გაკეთების საშუალება. ფაფა რომ მოვუხარშო, მაგის საშუალებაც არ მაქვს. ხომ არ შეიძლება, ბავშვმა 14 დღე ჭამოს ძეხვი და სოსისი, დავუშვათ ხო? ბავშვს უნდა ფაფა. და კიდევ უარესი — სარეცხს ვერ ვრეცხავ. ხელსაბანში ვერ გავრეცხავ სარეცხს, პატარაა. ელემენტარულად, ხო შეუძლიათ შეიმუშავონ სტანდარტი, რომ, როდესაც არის ბავშვი, ამ ასაკამდე სჭირდებათ სივრცე. მე ასეთი არჩევანი დამიყენეს, რომ სამ ადამიანზე ან ორი საწოლი და აივანი, ან სამი საწოლი. ეს არ არის არჩევანი. ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ბავშვები არ აინტერესებთ.
თვითიზოლაციაში გადაყვანისთვის მან ჯანდაცვის მინისტრს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო და არც ის დაუსაბუთეს, რატომ რჩებოდა კარანტინში. რამდენიმე საათის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, 1505-ზე რეკავდა, თუმცა იქაც არავინ უპასუხა.
არსებულ პირობებთან დაკავშირებით მან ფეისბუქზე სტატუსი დაწერა, რასაც საკვების ფოტო დაურთო. როგორც იგი ამბობს, კარანტინის ერთ-ერთი თანამშრომელი მასთან მივიდა და უთხრა, რომ სამინისტროდან დარეკეს და ფოტოს წაშლა მოსთხოვეს.
“დღეს, სამწუხაროდ, ხარვეზი დამიდგინდა — მომთხოვეს დამესაბუთებინა, რომელი აქტით შემეზღუდა [თავისუფლება]. ეს არ ვიცი, რადგან კარანტინში ასეთი საბუთები ჩემთვის არავის ჩაუბარებია. არავინ აღმიქვამს, როგორც სუბიექტს, როგორც ბავშვის დედას ან წარმომადგენელს. არანაირი აქტი არ მაქვს. მივწერე სასამართლოს და იმედი მაქვს, რომ დააკმაყოფილებს. ამავე დროს, მაქვს ინფორმაცია, რომ არიან ვიღაცები თვითიზოლაციაში, იგივე ბავშვიანები, ანუ რას ნიშნავს, კანონი ყველასთვის ერთი არ არის?”
კომენტარები