“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:
„ამ განსაკუთრებული გამოწვევის დროს ივანიშვილის გუნდი და მთავრობა აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას მის შიგნითა და გარეთ. იმის მაგივრად, რომ ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს ჩვენი მოქალაქეებისთვის წნეხი დაეწია, როცა ევროკავშირმა გაგვიხსნა საზღვრები, რომ შანსი მიეცათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, სიღარიბეში არ გადავარდნილიყვნენ, არ გაკოტრებულიყო ბიზნესები და შემოსავალი დრამატულად არ შემცირებულიყო და კონკურენციაში ვყოფილიყავით, ჩვენ ვხედავთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნისთვის პირდაპირი ზიანის მომტანია.
ეს არის მკაფიო გზავნილი აშშ-ის მხრიდან, რომლითაც ვაშინგტონი საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
იმის მაგივრად, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი გაჭირვების დროს ვლობირებდეთ თავისუფალ ვაჭრობას შეერთებულ შტატებთან და ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით დახმარებას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი გვაქვს, ისეთი როგორიც არ გვქონია 2003 წლის შემდეგ, შევარდნაძის ეპოქაში იყო ბოლოს ამ ტიპის გზავნილი. დღეს ივანიშვილის ნაბიჯებით შეშფოთება ღრმაა, რომელსაც ის დგამს ჩვენს ქვეყანაში და რომლითაც მან ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა“
ცნობისთვის, ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს ყინავს. კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციების გატარება დაიწყო და ქვეყანას დაფინანსება 15%-ით შეუმცირა.
კომენტარები