ნათლად გამოჩნდა – წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მთავარი მესიჯი კვლავ „არა ნაცებს“ იქნება. გარდა იმისა, რომ მმართველმა გუნდმა გაასაჯაროვა საქმე, რომელიც სტრასბურგში ყოფილი პატიმრის სასარგებლოდ დასრულდა და მან დავა ა.მ-ს მოუგო, აგერ, ბორკილებდადებული დავით ჭაკუაც ჩამოიყვანეს და მისი სასამართლოც საჩვენებელი იქნება. რაც შეეხება ა.მ-ს, რომელსაც ყოფილმა პატიმარმა სასამართლო დავა მოუგო, ეს გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე გახლავთ, მეტსახელად „ქილერა“. როგორც გვეუბნებიან, მისი ძებნის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ მუხაძეს არჩევნებამდე ჭაკუას მიუსვამს გვერდით. დაკავების შემთხვევაში, მისი ექსტრადირება არანაირი პრობლემა არ იქნება, რადგან გამამტყუნებელი განაჩენი ქართულმა კი არა, სტრასბურგის სასამართლომ დადო.
„მართალია, მმართველი გუნდი არ იმჩნევს, მაგრამ მთავარ მოწინაღმდეგედ ისინი კვლავ ნაციონალურ მოძრაობას თვლიან და ეს არ არის რეალობას მოწყვეტილი მოსაზრება. რეგიონებში ნაციონალური მოძრაობა ყველაზე ძლიერად არის, ამას გარდა, პრაქტიკულად ყველა ახლად შექმნილი თუ ადრე შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია სწორედ ნაციონალების კონტროლქვეშაა და ამ არჩევნებზე ნაცების მთავარი დამრტყმელი ძალაც სწორედ ახალგაზრდობა იქნება – ის ბავშვები, რომლებსაც სააკაშვილმა უკრაინაში პირადად უმასპინძლა და ამოქოქა. მაშინ ნაციონალებმა გვარიანი სახსრები არ დაზოგეს და მიშას უკრაინაში ათასობით ახალგაზრდა ჩაუყვანეს პირადად გასაცნობად. ჰოდა, ახლა, ისინი, საკუთარი ბელადისთვის ყველაფერზე წავლენ“,-გვეუბნება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა აქტივისტების შენახვა ნაციონალებს აშკარად იაფი დაუჯდებათ, რადგან ისინი იდეის გარშემო არიან გაერთიანებული. მიშას „ჰიტლერიუგენდი“ ძალიან, ძალიან ბევრს იშრომებს და ამ ეტაპზე მმართველ გუნდს მასთან დასაპირისპირებლად არაფერი გააჩნია. მიზეზი კი უმარტივესია – „ოცნება“ აქტივისტებს მხოლოდ არჩევნების დროს იხსენებს.
„2012 წლის ძველი გვარდია „ოცნებამ“ გადააგდო ერთხელ, მეორედ, მესამედ და ყველაზე დიდი გადაგდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდა. ანუ, ივანიშვილი პირადად დაპირდა ძველებს, შემოგვიერთდით და თქვენს გვერდით მიგულეთო, რამაც შედეგი მოიტანა, მაგრამ ივანიშვილმა სიტყვა არ შეასრულა. უფრო ზუსტად, მან მითითება გასცა, რომ ძველებისთვის სამუშაო მიეცათ და ეს მითითება არ შესრულდა.” – გვეუბნება ჩვენი წყარო.
დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მოწინავე პოზიციებზე ის ხალხია, ვინც 2012 წელს სწორედ „ოცნების“ აქტივს ებრძოდა და რამდენად სანდოა ეს ხალხი, დრო გვიჩვენებს“
სხვათა შორის, დაზუსტებული ინფორმაციით, თანამდებობებზე მომუშავე ძველ ნაციონალებს სწორედ ნაციონალთა ლიდერები ურეკავენ, კონტაქტზე გადიან, ესაუბრებიან და საბოლოო ჯამში შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ ძველი მეგობრების ხათრით, მოქმედმა მაღალჩინოსნებმა ნაციონალებს შეფარულად მხარი დაუჭირონ და თუ სასწორის პინები გათანაბრდება, მათ მხარეს გადაიხარონ. ამის საშიშროება იმდენად რეალურია, რომ არაერთ მუნიციპალიტეტში გარკვეული გადაადგილებები მოხდა და თანამდებობიდან არაერთი სამსახურის უფროსი გაუშვეს. საქმეში ბოლომდეა ჩართული უსაფრთხოების სამსახური და საკმარისია, ლილუაშვილის უწყებამ უარყოფითი დასკვნა დადოს, ნებისმიერ პირს თანამდებობის დატოვება ნახევარ საათში უწევს. აი, უსაფრთხოების სამსახური მაქსიმალურად „ოცნების“ ერთგული ხალხით არის დაკომპლექტებული (ერთი-ორი სერიოზული გამონაკლისის გარდა) და ეს პირველ რიგში ვახტანგ გომელაურის, ახლა კი გრიგოლ ლილუაშვილის დამსახურებაა. არჩევნების მთელი სიმძიმე სწორედ ამ უწყებაზე გადაივლის. ისინი არ მალავენ, რომ 24-საათიან რეჟიმზე უკვე გადავიდნენ და შტაბების დაკომპლექტების გარდა, მონაწილეობას აგიტატორების შერჩევაშიც აქტიურად მიიღებენ.
ანი დვალიშვილი, ალია №23
კომენტარები