„ალიას“ ესაუბრება საქართველოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონი დავით, ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის შეიყვანა, სადაც მოგზაურობა, სხვებთან შედარებით, უსაფრთხოა. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ საჰაერო მიმოსვლა ისევ არ გახსნა. მართლა ეშინიათ თუ რამე სხვა მიზეზია?
– ჩვენს ქვეყანაში, როგორც ყოველთვის, პოლიტიკური ინტერესები უფრო მაღლა დგას ვიდრე ჩვენი საზოგადოების ინტერესები. აქედან გამომდინარე, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში. ნებისმიერი ახალი ძალა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, მათ იმ ადგილს მოუჩენს, რომელსაც იმსახურებენ. მათ ხალხი მოატყუეს, ქვეყანა გაძარცვეს, ქვეყნის პრივატიზაცია მოახდინეს. პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო უწყების პრივატიზაცია მოახდინეს. არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ არანაირად არ აწყობს, რომ საზოგადოება უფრო გახსნილი იყოს. თქვენ გახსოვთ, როდის ვიყავით ჩაკეტილები – საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ არ გვიშვებდნენ არსად. ამ ხელისუფლებას მოეწონა, ასეთ ჩაკეტილ გარემოში რომ აცხოვრებს ხალხს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ არ გვქონდეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება, არ გვქონდეს შემოსავლის მიღების საშუალება მათგან დამოუკიდებლად, ეს მათი ცხოვრებისეული ამოცანაა. იმ მათხოვრული დაპირებების ფონზე, რომელთაც ხალხს აძლევენ და იმასაც არ უსრულებენ, სხვა გზა აღარ აქვთ, ამით უნდა გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა. ჭკუათმყოფელი ადამიანი, რასაც ესენი აკეთებენ, იმას როგორ გააკეთებს? ევროპა, ცივილიზებული სამყარო გაიხსნა. ესენი იძახიან, მე იმ ევროპის და იმ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვარო. კი, ბატონო, გეუბნებიან ისინიც, რომ ხარ და შეზღუდვები მოგიხსნეს, კარი გაგიღეს, შემოდიო და ესენი უარს ამბობენ, ფრენები არ განაახლეს. ჩვენ რომ ასეთი დადებითი შედეგი მიგვეღო კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ეფექტური, რაც გვაქვს კიდეც, ამის გამო დავანგრიეთ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენს მოსახლეობას შემოსავლები შევუმცირეთ, ბევრს საერთოდ გაუქრა, უმუშევარია დღემდე და ასეთად დარჩება. სამუშაო ადგილები დაიკარგა და ვეღარასდროს აღდგება, საშუალო და დაბალ ფენებს უდიდესი დარტყმა მიადგათ, წელში გადატყდა ხალხი და ახლა იმის ნაცვლად, რომ ამ ადამიანებმა სხვა და სხვა სფეროში შეძლონ შემოსავლების მიღება, ტურისტულმა სააგენტოებმა შეძლონ უცხოელების მოძიება, ჩამოიყვანონ და ცოტა სული მოითქვან, ამ მართლა უგუნურ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს -მათ უნდათ, ჩაკეტილ სამყაროში აცხოვრონ ქვეყანა, არანაირი ინფორმირებულობა და არანაირი კავშირი თავისუფალ სამყაროსთან.
– უნგრული კომპანია „ვიზეარი“, რომელსაც დაბალი ფასები ჰქონდა, პრაქტიკულად, გააქციეს ქვეყნიდან, აქ რა ძაღლის თავია დამარხული?
– მაგ ნაწილში, ცოტა სხვაგვარად არის საქმე და არა ისე, როგორც გავრცელდა ინფორმაცია. „ვიზეარს“ სახელმწიფო ფულს უხდიდა და სხვას თუ გადაუხდის, ის იფრენს იმ დაბალი ტარიფებით. „ვიზეარის“ დაბალი ფასები, სახელმწიფოს სუფსიდირების გამოც იყო. ეს ის შემოსავლებია, რომელსაც ჩვენ თურქებისგან ვიღებთ თბილისის აეროპორტიდან. მთავარი დანაშაული ის არის, რომ თურქულ კომპანიას „ტავ ურბან საქართველოს“ გადასცეს თბილისის აეროპორტი 2027 წლამდე და 2005 წელს დადებული კაბალური ხელშეკრულება 2015 წელს გაუგრძელეს. 400 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი გადიოდა ყოველწლიურად აეროპორტიდან. შესაძლოა, ახლა მეტიც გადის. ის მოსაკრებლები, რომელთაც ჩვენ, სახელმწიფო, ვიღებთ აეროპორტიდან, ეს თანხა კიდევ არა ჩვენი ავიაციის, საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას ხმარდებოდა, არამედ სხვა ქვეყნების ავიაკომპანიების სუფსიდირებას და ვფიქრობ, ეს არ არის სწორი, რომ ერთ რომელიმე კომპანიას შეუქმნან ასეთი პირობები. ყველა კომპანია სახელმწიფომ თანაბარ პირობებში უნდა ჩააყენოს, რომ გაჩნდეს რეალური კონკურენცია.
– ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეები თუ ჩამოვლენ ტურისტული თუ საქმიანი მიზნებისთვის საქართველოში, ისინი ორკვირიან კარანტინს საკუთარი ხარჯით გაივლიან სასტუმროებში და ეს მნიშვნელოვანი შემოსავლები იქნება ამ სასტუმროებისთვისო. სიმართლე გითხრათ, ეს რომ მოვისმინე, თავიდან მეგონა, მინისტრი ხუმრობდა და თურმე სერიოზულად ამბობდა. ასეთი აბსურდული განცხადების გამო, ნორმალურ ქვეყნებში მინისტრები პოსტებს სტოვებენ. საიდან მოსდით ასეთი აზრები, საიდან იგონებენ, რას ემსახურება ეს ყველაფერი?
– გეტყვით, რას ემსახურება და საიდანაც იგონებენ. ამგვარი განცხადება მაისში გააკეთა ბრიტანეთის მთავრობამ, მაგრამ მასში სხვა შინაარსი იდო. ბრიტანეთის მთავრობა ანალოგიურ, ორ კვირიან საკარანტინო რეჟიმს, უწესებდა იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მწვანე ზონაში არ იქნებოდნენ, რომელი ქვეყნებიდანაც კორინავირუსის გავრცელების რისკი მაღალი იყო და იმ შემთხვევაში შეუშვებდნენ ქვეყანაში, თუ ამ ორკვირიან კარანტინს გაივლიდნენ საკუთარი ხარჯით. ბრიტანეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ არც ერთი ნორმალური ადამიანი ტურისტად იქ არ ჩავიდოდა, 2 კვირა კარანტინში არ დაჯდებოდა და ამ კარანტინის ფულს არ გადაიხდიდა. ეს განცხადება დარჩა განცხადებად. ესენი ბრიტანეთს ედრებიან. იმდენად უვიცები არიან, ის რაც ბრიტანეთის მთავრობამ მაისში განაცხადა, უკან წაიღო, დღეს ნათია თურნავა გამოდის და იმავეს აცხადებს. თან უფრო გაამკაცრა პირობები – ეს მწვანე ზონის, უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეებსაც ეხებათ. რომელი ტურისტი ჩამოვა აქ, რომელი ჩაჯდება 2 კვირა საკუთარი ხარჯით კარანტინში? 2 დღის საქმე რომ აქვს უცხოელს საქართველოში, ის ჩამოვა და დაჯდება ორი კვირა კარანტინში, თან ფულს გადაიხდის? აბსურდია, რა თქმა უნდა. თუ ასეთი იძულების წესით უნდა გამოკეტონ სასტუმროებში უცხოელები, თუ ამით სასტუმროებს პირდებიან, შემოსავლები გექნებათო, მაშინ რატომღა აძლევენ ამ სასტუმროებს ბიუჯეტიდან ფულს, რატომ ეხმარებიან? რეალურად, ჩვენს მთავრობას არანაირი გეგმა არ გააჩნია, არც ტურიზმის ხელშესაწყობად და არც სხვა სფეროებისა. ერთი ხელი ერთს აკეთებს, მეორეთი – მეორეს. ეკონომიკის მინისტრად ქვეყანას ნათია თურნავა რომ ეყოლება და ამით იამაყებენ, პრემიერ–მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები რომ იტყვიან, თურნავა მაგარი მინისტრიაო, ამით კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია და ხალხს მოუწევს ხელში ძალაუფლების აღება და სულ სხვაგვარი გადანაწილება ამ მდგომარეობისა. პოლიტიკური ვითარება შესაცვლელია, იმიტომ რომ თურნავები, კონკრეტული ფინანსური ჯგუფების მსახურები მთავრობიდან უნდა წავიდნენ. მათ არ ადარდებთ ხალხის ტკივილი, ხალხის გასაჭირი. ვინ მისცა თურნავას უფლება, სხვა ქვეყნის მოქალაქეს თავისუფლებს აღუკვეთოს? ადრე, საზოგადოებრივ წესრიგს რომ არღვევდნენ, 15 დღიან პატიმრობას ან გამოსასწორებელ საზოგადოებრივ სამუშაოებს უსჯიდნენ. ამათი აზროვნება და ქმედება ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის ქმედებისგან არ განსხვავდება.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №23
კომენტარები