“მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს”, — ასე ეხმაურება კალათბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის კლუბში გადასვლას და მას წარმატებები უსურვა.
“საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს! წარმატებები თოკო!!!”
თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. “გელოდებით მოსკოვში”, — წერია ქართულად და ინგლისურად ვიდეოზე, რომელშიც ამ ფაქტის აღსანიშნად კლუბმა გაავრცელა.
თავის მხრივ, ეროვნული ნაკრების კაპიტანი აცხადებს, რომ რუსული არმიის კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით თავი სამართლებელი არავის აქვს.
“ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ”
კომენტარები