„ალიას“ ესაუბრება საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „ჩვენი საქართველო–სოლიდარობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი, გედევან ფოფხაძე.
– „ქართული ოცნებიდან“ პროტესტით წამოსულ ყველა დეპუტატს ხალხი ერთსა და იმავეს გსაყვედურობთ. თქვენ იყავით მმართველი პარტიის წევრები, ბევრ თქვენგანს პარტიასა და პარლამენტში მაღალი პოსტები გეკავათ, შესაბამისად, გქონდათ წვდომა მნიშვნელოვან ინფორმაციებზე, მათ შორის, კულუარულ ინფორმაციებზეც. თქვენ ბევრი იცით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერების, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, მაგრამ ამის შესახებ, ხმას არ იღებთ. ამ დანაშაულებების მომსწრენი არიან, დანაშაულებების კონკრეტული მტკიცებულებებიც აქვთ და მოწმეები არიან ბევრი უმსგავსობისა და ჩუმად არიან. ბევრმა თავად ბიძინა ივანიშვილის არა ერთი უკანონო საქმიანობის შესახებაც იცის, მაგრამ ხმას არ იღებენ. ისეთებიც არიან დამოუკიდებელ დეპუტატებში, რაც წამოვიდნენ „ქართული ოცნებიდან“, ბიძინა ივანიშვილი ერთხელ არ გაუკრიტიკებიათ და რაც ქვეყანაში უბედურებები ხდება, მის გარდა ყველას აბრალებენ, ვერ ბედავენ მის კრიტიკას. პოლიტიკური პარტიის, მისი პოლიტსაბჭოს წევრები იყავით, საიდუმლო ორგანიზაციისა ხომ არა?
– მესმის რასაც მეკითხებით. „ოცნებაში“ დარჩენილი დეპუტატები გვეუბნებიან, საერთოდ რატომ იძახით ცუდს ჩვენზე და პარტიაზე, გუშინ თუ გუშინ წინ ერთად ვიყავითო. მესმის, რომ საყვედური შეიძლება იყოს ნებისმიერი კუთხით. „ოცნების“ აქტივს მიაჩნია, რომ ჩვენ ვუღალატეთ. წამოვედით იქიდან, რაღაც საკითხები გავასაჯაროვეთ და ახლაც ოპონირებას ვუწევთ. კი, არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ჩვენგან ელოდება უფრო მეტ სიხისტეს, თანმიმდევრობას ამ ოპონირების რეჟიმში.
მიმაჩნია, რომ არც ერთი ეს განწყობა არ უნდა აისახოს ჩვენს თანმიმდევრულ პოზიციაზე. ჯერ ერთი, ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ პოზიტიურები. ხაზი უნდა გავუსვა, რომ ჩვენი საპროტესტო ამოცანა კი არ იყო „ოცნებიდან“ წამოსვლა, რაც „ოცნებამ“ ვერ და არ გააკეთა, ის გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი ამოცანა. 2012 წელს კარგად დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ შემდეგ ფინანსური ჯგუფების მძევლად იქცა და შეწყიტა ხალხის სასიკეთო საქმის კეთება. მამაცაშვილის, ჯანყარაშვილის, გოგაშვილის და ვიღაცების კერძო ინტერესების გამტარებლად და დამცველად იქცა. „შეწყვიტას“ იმიტომ ვამბობ, რომ პირველ ეტაპზე ბევრი გაკეთდა ჯანდაცვის, განათლების და სხვა მხრივაც. მერე ყველაფერმა მიიღო დეკლარაციული ხასიათი, წინასაარჩევნო შეხვედრებზე ვამადლიდით ხალხს, რომ ეს და ეს გავაკეთეთ, აბა, სხვა რა გინდათ, არ ვართ ხალხურებიო? ამით ვფარავდით იმას, რაც არ გავაკეთეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ პოზიტიურები და აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რა არის გასაკეთებელი და ამაზე გავურიგდეთ ხალხს. რა არის „ოცნება“ და რა „ნაცმოძრაობა“, ხალხი ამას კარგად ხედავს. ჩვენ რომ დავუმატოთ ეს აგრესიული ენერგეტიკა ვიღაცების მიმართ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენსა და ხალხს შორის შეთანხმება მომავალ საქართველოზე. პრინციპულ დონეზე, პოლიტიკოსი არ უნდა იყოს ბატონი ამ ქვეყანაში. ყველა პოლიტიკოსი უნდა იყოს ხალხის მსახური. „ჩვენი საქართველო“, ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც წარმოვადგენ, ამაზე ვთანხმდებით უპირობოდ.
ჩვენი ამოცანაა, შევცვალოთ არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ პოლიტიკური სტანდარტი. მბრძანებელი, ხალხის მჩაგვრელი შევცვალოთ ხალხის მსახურით. ეს არის ძირითადი პოლიტიკური დღის წესრიგი ჩვენთვის. ამიტომ, ვის რაზე წავუყენოთ ბრალდებები, ეს არ არის ძალზე მნიშვნელოვანი. ამ ქვეყანას სჭირდება სამართლიანი მართლმსაჯულება. წესიერი მთავარი პროკურორი უნდა გვყავდეს, დამოუკიდებელი და სამართლიანი, რომ აიღოს ის საქმეები, რომლებიც ზემოთ ახსენეთ, ყველას დანაშული გამოიძიოს, ძველი თუ ახალი ხელისუფლებისა, პასუხისგებაში მისცეს, ვისაც ეს დანაშაულებები დაუმტკიცდება, დაწყებული ადეიშვილით, კეზერაშვილით, სააკაშვილით და დამთავრებული ივანიშვილით, მამაცაშვილით, ჯანყარაშვილით და გოგაშვილით. ყველა საქმე სამართლიანად და ობიექტურად უნდა შეაფასოს და გამოიძიოს პროკურატურამ და მერე, სასამართლომ ობიექტური განაჩენი გამოიტანოს. მე მინდა სასამართლო, რომელიც სამართლიანად და კანონიერად შეაფასებს ამ და სხვა ადამიანების საქმიანობას და დაადგენს მართლმსაჯულებას. პოლიტიკური განცხადებები ამ კუთხით გაგვიკეთებია და გვითქვია, რომ ვანო ჩხარტიშვილი ცუდია, მაგრამ მე უფრო შორს ვერ წავალ, მოსამართლის მანტიას ვერ მოვირგებ, ვერც პროკურორის ფუნქციას შევასრულებ და ბრალს ვერავის წავუყენებ, მე პოლიტიკოსი ვარ. ყველამ, ვინც ხალხს ზურგი აქცია, მოინდომა ბატონობა ხალხზე და ამ პროცესში დაარღვია კანონები, მათ სამართლებრივად და პოლიტიკურად უნდა აგონ პასუხი. ჩემი ნაწილია პოლიტიკური.
სამართლებრივი ნაწილისთვის კი აუცილებელია სახალხო ხელისუფლება, რომელიც მართლმსაჯულების სფეროს შესცვლის რადიკალურად და დამნაშავეს აგებინებენ უკლებლივ ყველას, სადამდეც მივწვდებით, სადამდეც ხანდაზმულობის ვადები არ არის ამოწურული. სხვაგვარად სამართლიანობა არ დადგება. უნდა დაისაჯონ „ნაციონალებიც“ და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ყველა, ვისაც დანაშული აქვს ჩადენილი. მერე რომ გამოჩნდებიან პოლიტიკაში, იმათაც ეცოდინებათ, რომ არანაირი შეღავათი არ ექნებათ, თუ დანაშაულს ჩაიდენენ. ვინც ხალხს ღალატობს და ზურგს აქცევს – ცი–ხე–ში!
არ შეიძლება, სამი ქილა კომპოტის მოპარვისთვის ადამიანს სასჯელი მოახდევინო და ბიუჯეტიდან მილიონების მომპარავს ჩინ–მედლები დაურიგო. არ არის ეს სამართლიანი საზოგადოების წინაპირობა. მოდის ეკონომიკური კრიზისი, სერიოზული სოციალური პრობლემები. ამ პირობებში ხალხს სჭირდება ჭირისუფალი, პატრონი, სახალხო ხელისუფლება, რომელიც ერთ ლარს არ აიღებს ბიუჯეტიდან და არ ჩაიდებს ჯიბეში უკანონოდ და ბოლომდე იქნება ამ ხალხის ინტერესების დამცველი. ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგი. ამიტომ არავის ზედმეტად მხილება ამოცანად არ განსვაზღვრავ. ჩვენ პრინციპებზე ვსაუბრობთ. არც პიროვნებებს არასდროს ვერიდებოდით, მაგრამ აგრესიის ფრქვევას მარჯვნივ და მარცხნივ, არ ვაპირებთ. მე რაც მინდა, გეუბნებით ალალად და პირდაპირ – დამნაშავე ციხეში უნდა წავიდეს, ქვეყანას პროგრესი სჭირდება, გაჭირვებულ ადამიანს იმის გარანტია, რომ მას უსამართლოდ არავინ დაჩაგრავს. თუ პატრონი არ გყავს და ამის გამო სამართალს ვერ ნახავ ამ ქვეყანაში, ამის განცდა საერთოდ უნდა გაქრეს. კონსტიტუციით ვისაც ეკუთვნის ეს სახელმწიფო, მან უნდა იგრძნოს, რომ ის ამ სახელმწიფოს ბატონ–პატრონია და ძალაუფლების მატარებელი. ეს არის ქართველი ხალხი!
– 2012 წლამდე „ნაცებს“ რომ იცავდნენ კბილებით, მათ ხელისუფლებაშიც რომ იყვნენ, ან ბუჩქებში ისხდნენ და შიშით ხმას ვერ იღებდნენ, ის ხალხი თქვენ, დამოუკიდებელ დეპუტატებს დღეს „ნაცებს“ გეძახიან ხელისუფლების კრიტიკის გამო. ამაზე რა რეაქცია გაქვთ და რას უპასუხებთ ამ ხალხს?
– დამიზუსტეთ, ვის გულისხმობთ?
– აჩიკო თალაკვაძეს, ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და „ქართული ოცნების“ „გამპრავებლების“ დიდ არმიას სოციალური ქსელით თუ ტელევიზიებით, ზოგს ექსპერტი ჰქვია და ზოგს პოლიტოლოგი.
– თუ აქცევთ ყურადღებას ჩვენს აქტიურობას, ჩემი რეაქციები გაგახსენდებათ. ჩემი მოგონილი ტერმინებია „ნეოკომკავშირლები“, რომელიც ამ ხალხს ვუწოდე. ჩვენ გამოვხატეთ პირველი პროტესტი პარტიაში იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ ემსახურებოდა არა ხალხის, არამედ კონკრეტული ფინანსური ჯგუფების ინტერესებს. მათთან ყველაფერი გარკვეული მაქვს. ისინი არიან პოლიტიკური ადვოკატები. ცუდი პროფესია ნამდვილად არ არის ადვოკატობა, მეც ვყოფილვარ ადვოკატი.
პოლიტიკური ადვოკატი რომ ხარ, შენ პოლიტიკოსი ვეღარ იქნები. იმ პოლიტიკური ძალის მოკეთე ვეღარ იქნები, რომელსაც წარმოადგენ და მხარს უჭერ. შენ მოგეთხოვება, შეცდომები არ დააშვებინო, აკონტროლო. შეცდომაზე მიუთითო, რომ აღარ გაიმეოროს ან უარესი არ გააკეთოს. შეცდომას რომ უშვებს შენი თუ შენი მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალა, მერე გამოდიხარ ტელევიზიით და ამართლებ, რომ ამ შეცდომას ობიექტური მიზეზები ჰქონდა, ეს არ არის პოლიტიკოსის საქმე. ერთად როდესაც ვიყავით, ჩვენ ვცდილობდით, „ქართულ ოცნებას“ ნაკლები შეცდომა დაეშვა, ბოლომდე ყოფილიყო ხალხის სამსახურში და შეესრულებინა ხალხის შეკვეთები. ეს უნდა ყოფილიყო ამოცანა და ამაზე უნდა გველაპარაკა. რეალურად კი ვლაპარაკობდით იმაზე, რომ როდესაც რაიმე გაფუჭდებოდა, უნდა გვეთქვა, ეს „ოცნების“ ბრალი არ არის და ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდაო. ეს კი ხალხის ნდობას გაკარგვინებს. ამის გაკეთება რომ არ გვინდოდა, ერთი მიზეზიც ეს იყო ჩვენი „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლისა.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №23
კომენტარები