“ალიამ” თავის დროზე ექსკლუზიურად მოგაწოდათ იმ კანონპროექტის დეტალები, რომელი კანონპროექტიც პრემიერმა გახარიამ მოიწონა და პარლამენტს დაამტკიცებინა – მაშინ ჩვენ პირველებმა ვთქვით, რომ იყო საკანონმდებლო დიქტატურა.
პასუხად, გვითხრეს, რომ ამ კანონს მხოლოდ 15 ივლისამდე დატოვებდნენ ძალაში და მერე გაუქმდებოდა!
რა თქმა უნდა, ეს ვერ და არ დავიჯერეთ, მიღებული დიქტატურის გაუქმება რომელ ხელისუფლებას მოუნდება? ჩვენ ხომ დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრების უფლება მივეცით…
მაშინ “ოცნების” მხარდაჭერები წერდნენ, აიიი, მხოლოდ 15 ივლისამდე მიიღეს კანონი და არ ყოფილა სამუდამო, ხომ ხედავთო…
მოახლოვდა 15 ივლისი და ხიბლშიჩავარდნილ მთავრობას მისი წლის ბოლომდე გაგრძელება სურს, მერე კიდევ ერთხელ გააგრძელებს, თავად თუ არა, სხვა მთავრობა გააგრძელებს, რომელი მთავრობა იტყვის ასეთ ბერკეტზე უარს?
ხოო, ახლა ჩუმად არიან, ახლა აღარ ამბობენ, აიი, როგორი მართალი გითქვამთ “ალია” და როგორ მოვუტყუებივართ მთავრობასო…
კანონპროექტის ავტორები კი არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.
კანონპროექტის მიხედვით:
ყველა სხვა ცვლილება შედის ერთ კანონში – “კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და ეს ცვლილებებია:
განსაზღვროს იზოლაციის წესი (ვინ, სად, როდის და რამდენი ხნით განათავსოს)
საკარანტინო ღონისძიებები − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.
ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის,
პირთა მიმოსვლის,
საკუთრების,
შრომის,
პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის,
უკანონომიგრაციის/საერთაშორისო დაცვის,
ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას,
მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პირს არა აქვს მოითხოვოს ფიზიკური დასწრება პროცესზე, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ სხდომა დისტანციურად უნდა ჩატარდეს.
ე.ი. მთავრობა აპირებს, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ჰქონდეს საშუალება, შეზღუდოს მიმოსვლა, გადაადგილება, საკუთრების, შრომის უფლება, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის უფლება, შეკრების უფლება და არსად, კანონში არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები, რომ ამის უფლებას, მხოლოდ კოვიდ 19-ის პერიოდში იტოვებს. მართალია, ამ ცვლილებების შეტანის მიზეზად ასახელებს კოვიდს, მაგრამ კანონში არსადაა მოხსენიებული კონკრეტულად ერთი ვირუსი…
გადამდებია გრიპიც…
უამრავი გადამდები დაავადება არსებობს და როგორც უკვე გვითხრეს, გრიპით მეტი ადამიანი იღუპება წლის მანძილზე – ამიტომ, დავრჩეთ სახლში…
მართალია, კონსტიტუციით ჩვენი უფლებები და თავისუფლება დაცულია, მაგრამ ასე ყველა დიქტატორს კარგი კონსტიტუცია ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ასეთი ბრძანებულებებით ამყარებდა დიქტატურას.
კიდევ ერთი მთავარი – გამოიცანით ვინ განსაზღვრავს ამა თუ იმ წესის შემოღებას “ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით?” – მაგალითად, მიმოსვლის და შეკრების უფლების შეზღუდვას? – პრემიერი!
ერთპიროვნულად მთავრობა და მისი მეთაური განსაზღვრავს ამ კანონპროექტის მიხედვით როდის რა შეგვიზღუდოს: “კანონმდელობისგან განსხვავებულ დროებით წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.”
პრემიერი თავის მხრივ გვეუბნება, რომ ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციებით ისარგებლებს, პრემიერს რომ დამოუკიდებელ ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჰყავდეს მრჩევლად, კიდევ რაღაცის იმედი გექნებოდა. მაგრამ ორი მრჩეველი ჰყავს სულ, აქედან ერთი 1992 წლიდან სახელმწიფო სამსახურშია და მეორე 1995 წლიდანაა სახელმწიფო სამსახურში. როგორც კულუარებში საუბრობენ, ამირან გამყრელიძეს დეპუტატო შესთავაზეს და ბატონმა ამირანმა შვილის, ნიკოლოზის ჩასმა ურჩია “ოცნებას” სიაში…
და ვისზე ხდება დამოკიდებული ჩვენი ბედი? სამ ადამიანზე? – გამყრელიძე, იმნაძე და პრემიერი? – მადლობა! ეს არ არის დემოკრატია. მეფესაც კი მეტი მრჩეველი ჰყავდა და ჰყავს!
ხელისუფლებას არჩევნებამდე 60 დღით ადრე შეეძლო მოეხსნა საგანგებო მგომარეობა, თუ არსებობს ამის საჭიროება, თუ არსებობს გადაადგილების, შრომის, შეკრების, საკუთრების, მეწამეობის შეზღუდვის საჭიროება შეეძლო დაეტოვებინა აგვისტომდე ისე, რომ არჩევნებს არ შექმნოდა საფრთხე და მოეხსნა შეზღუდვების ნაწილი, რომ ეკონომიკაც გადაერჩინა – მაგრამ ხელისუფლება გვეუბნება რომ ეს საჭიროება არ დგას, არ დგას საგანგებო მდგომარეობის საჭიროება – ამიტომ ხსნის საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ პარალელურად ტოვებს იმ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებს, რომლის საჭიროებაც არ დგას! მშვენიერი, აბა, არჩევნებამდე ერთი თვით, ორი კვირით ადრე რომ მოუნდეს ხალხს ქუჩაში გამოსვლა და რამის გაპროტესტება, რა ქნას საწყალმა ხელისუფლებამ?
რა მოსდის კონსტიტუციას? კონსტიტუციურ უფლებებს? – კონსტიტუციით არ გვეზღუდება უფლება და თავისუფლება, მაგრამ აგერ კანონით შეგვიზღუდავს – ვიჩივლებთ საკონსტიტუციო სასამართლოში? – კი, ბატონო, პროცესი წლობით გაგრძელდება, მანამდე ვირის პატრონი კი არა, ვირიც საძებნელი იქნება.
შეიძლებოდა თუ არა ერთ კანონში ამდენი ცვლილება შეეყარათ და ჯანმრთელობის შესახებ კანონით დაეწესებიათ ჩემთვის მიმოსვლის, საკუთრების, შრომის უფლების შეზღუდვა? და მოვა თუ არა ეს კანონი ამ ცვლილებების გამო სხვა კანონებთან წინააღმდეგობაში? – რა თქმა უნდა, მოვა, მაგრამ უპს, ჩვენ გვაქვს ნორმატიული აქტების შესახებ კანონიც, რომლის მიხედვითაც ბოლოს შესული ცვლილებებით რეგულირდება სხვა კანონები, ასე რომ, მოვიდეს წინააღმდეგობაში, მეტი დარდი არ დარჩენია დიმიტრი ხუნდაძეს.
მოკლედ, ეს არის საკანონმდებლო დიქტატურა, მეტი არაფერი!
საგანგებო მდგომარეობასაც კი ვერ ადგენს პრემიერი ერთპიროვნულად, პრეზიდენტს და პარლამენტს უნდა მიმართოს – რატომ? – ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან მოქნილია პრემიერი საგანგებო მდგომარეობის დროს, ბევრის უფლება აქვს და პარლამენტს უნდა დაუმტკიცოს, რომ ამ უფლებების გამოყენების საფუძველი ნამდვილად არსებობს.
ეს არის საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის გარეშე და ეს ძალიან ჰგავს იმას, ბიძინა ივანიშვილი ქაღალდზე რომ მოქალაქეა და სინამდვილეში ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი!
ახლა რა ხდება? პრემიერს არც პარლამენტის დამოწმება და დარწმუნება სჭირდება, არც პრეზიდენტის, არც ისეთი “უბედურებაა” საჭირო, მთლად საგანგებოს გამოცხადება რომ დასჭირდება, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია შემიზღუდოს უფლებები, ამისათვის კი რამდენიმე ეპიდემიოლოგის რეკომენდაცია იქნება სულ რაღაც საკმარისი!
თუ ამ კანონს მიიღებს დღეს პარლამენტი – ეს იქნება იმის მაგალითი, როგორ აღმოვჩნდით საგანგებო მდგომარეობიდან დიქტატურაში!
ამას ვამბობდით ჯერ კიდევ მაისში და ისეც ყველაფერი აგიხდეთ…
ძალიან ბევრი ისაუბრეს გუშინ პარლამენტში დეპუტატებმა – არაა კოვიდსაშიშროება და ვერ ვხედავთ ამ კანონის წლის ბოლომდე გაგრძელების აუცილებლობასო, მაგრამ – რა შუაშია კოვიდი, ბატონებო და ქალბატონებო? განა კანონში, რომელიც მაისში მიიღეთ, კოვიდი სადმე ეწერა? განა, მხოლოდ “ალია” არ ითხოვდა, კანონში კოვიდი ჩაწერილიყო, თუ მართლაც სპეციალურად ამ ვირუსისთვის მიიღეს კანონი?
ხოდა, აბა, ახლა რომ კოვიდუსაფრთხოებაზე საუბრობთ, მერე რა, სულ რომ არ იყოს კოვიდინფექცია, რა შუაშია, სადმე წერია ამ კანონში კონკრეტულად ეს ვირუსი?
გილოცავთ, დიქტატურა კანონიერად გრძელდება, დღეს საბოლოოდ აპირებს ამ კანონის დამტკიცებას წლის ბოლომდე პარლამენტი და დარწმუნებული იყავით ბუნტისთავი ხუნდაძე და მისი მეგობრები, ამ კანონს ნამდვილად არ ჩააგდებენ!
ალია
კომენტარები