ქუთაისში ყელგამოჭრილი ახალგაზრდა ქალის, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის მეზობლები დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ. მათი თქმით, გოგონას კივილის ხმა გაიგეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა, ავიდნენ საცხოვრებელ ბინასთან, თუმცა კარი არავინ გააღო.
მათივე განცხადებით, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ საგანგებო სამსახური გამოიძახეს, რადგან გოგონა კონტაქტზე არ გამოვიდა.
მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მხოლოდ ერთ მეზობელთან, ცოლ-ქმართან მეგობრობდა. შემთხვევამდე კი, ადგილობრივებს სადარბაზოსთან უცხო არავინ შეუნიშნავთ.
მოკლული ქალის მეზობელი, ნატალი პატრიძე კი სოციალურ ქსელში წერს:
“წუხელ ჩემს სადარბაზოში მოხდა საზარელი ფაქტი. განსაკუთრებული სისატიკით მოკლეს ქალი. თითქოს რა უნდა თქვა ამაზე მეტი საშინელება, მაგრამ გეტყვით.
ყვირილი გაიგონეს, მესამე სართულიდან ღია ფანჯარაში. დაახლოებით წარმოგიდგენიათ ალბათ რა ხმა გამოვიდოდა, რეაგირება არ იყო, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანი მივიდა ეზოში შეკრებილებთან და სთხოვა სასწრაფო გამოეძახა. ” სხვის საქმეში ვერ ჩავერევით”(შერბილებული ვარიანტია იმ ფრაზების რაც მუსსირებდა) ხალხმა გააგრძელა ბუტბუტი და ბჭობა. სწორედ ამ დროს დავბრუნდი სახლში, იმას არ აქვს მნიშველობა მე რა გავაკეთე.სამწუხაროდ, ვერ ვუშველე და ეს ყველაზე მეტად მთრგუნავს!”
მეზობლები „პრაიმტაიმს“ უყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში 12 წლის შვილთან და მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა.
ტრაგედიის ღამეს კი იმ მომენტისთვის სახლში არც შვილი და არც მეგობარი იმყოფებოდა.
„შვილი გამოაცილა სადარბაზომდე და მხარზე ხელი დაადო და უთხრა აბა ჭკვიანადო, ეს იყო მისი უკნასკნელი სიტყვები, რომელიც შვილს უთხრა“, – იხსენებენ მეზობლები.
ქალის ყვირილის ხმა ღია ფანჯრიდან დაახლოებით 9 საათისთვის შემოესმათ.
„გავიგონე ხმა, მიშველეთო რომ იძახდა, ალაბთ მაშინ დანას ურტყამდა. მეზობლები აცვივდბენ, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდათ და ქალის ხმა არ ისმოდა.
უკან გამობრუნდნენ იფიქრეს, რომ არაფერი არ იყო, მაგრამ კარგა ხანს რომ არ გამოჩნდა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ჯერ სამაშველოს გამოვუძახეთ რომ კარი გაეღო და მერე პილიციას.
საბოლოო ჯამში, ყვირილიდან ორ საათში შევძელით ასვლა, მაგრამ ქალი სისხლში ცურავდა“, – ამბობს ერთ ერთი მეზობელი.
ისინი ამბობენ, რომ რეაგირება მათაც დააგვიანეს და პატრულსაც დააგვიანდა მოსვლა. თუმცა, თვლიან რომ ქალს იმდენი სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა, მაინც ვერ გადარჩებოდა.
ამ დროისთვის ახალგაზრდა ქალის ყველა მეზობელი დაკითხულია.
„არანაირი ვერსია არ გვაქვს, არ შეგვინიშნავს ვინმე უცხო გამოსულიყოს სადარბაზიდან. წარმოდგენა არ მაქვს ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო“,- ამბობენ მეზობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 108–ე მუხლითა დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები