დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი თბილისის მერიის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას შეეხება.
- ტაქსისთვის განკუთვნილ ადგილზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება – 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული სივრცეები მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის არის გამოყოფილი;
- ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ადგილებზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებაზე ჯარიმა ამ შემთხვევაშიც, 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარი გახდება
- პარკირების ადგილებზე, განსაკუთრებით, ცენტრალურ ქუჩებზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შემოსავლის მიღების (სამეწარმეო საქმიანობის) მიზნით, დღემდე მოქმედი 10 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 200 ლარით;
- სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება სამ თვეზე მეტი ვადით – 50 ლარით დაჯარიმდება;
კალაძის თქმით, ამკრძალავი ნიშნის – “გაჩერება აკრძალულია” ან “დგომა აკრძალულია” მოთხოვნის დაუცველობისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება შეიძლება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანონ.
„ტაბულა“
კომენტარები