საგანგებო მდგომარეობის დროს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საცხოვრებელ სახლებში უტყუარად იმყოფებოდა. შესაბამისად, კორპუსების მიმართულებით გასროლა ადამიანის მკვლელობას რომ იწვევს, ეს ჩვეულებრივმა ადამიანმა იცის, მითუმეტეს, იცის პოლიციელმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა ყოფილი პოლიციელის საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განუცხადა.
პროკურორის თქმით, სიმონ გაბრიაძეს გათვალიაწინებული ჰქონდა ის შედეგი, რაც მის მიერ გასროლილ ტყვიებს მოჰყვებოდა.
“როცა პროკურატურამ ეს ქმედება სამართლებრივად შეაფასა, როგორც განზრახ მკვლელობა ჩადენილი არაპირდაპირი განზრახვით, გაითვალისწინა საქმის ყველა გარემოება. მოგეხსენებათ, ეს იყო მჭიდროდ დასახლებული პუნქტი, სადაც ირგვლივ კორპუსები იყო განთავსებული, იმ მოცემულობით, ყველამ ვიცოდით, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, საღამოს 9:00 დან დილის 6:00 საათამდე, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საცხოვრებელ სახლებში უტყუარად იმყოფებოდა. შესაბამისად, კორპუსების მიმართულებით გასროლა ადამიანის მკვლელობას რომ იწვევს, ეს ჩვეულებრივმა ადამიანმა იცის, მითუმეტეს იცის პოლიციელმა, რომელსაც შესაბამისი საცეცხლე მომზადება აქვს გავლილი და იცის გასროლას რა შედეგი მოჰყვება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას გათვალიაწინებული ჰქონდა ის შედეგი, რაც მოჰყვებოდა მის მიერ გასროლილ ტყვიებს”
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სიმონ გაბრიაძეს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შემდეგი სასამართლო პროცესი 5 აგვისტოს, 12:00 საათზეა დანიშნული.
კომენტარები