ცნობილ ქართველ მხატვარს, ბესიკ დუღაშვილს საკუთარი სამხატვრო სტუდია აქვს, სადაც ბავშვები ხატვას სწავლობენ. 2019 წელს, ბესიკ დუღაშვილმა კულტურისა და განათლების სამინისტროს გრანტი მოიგო, რომლის საშუალებითაც, 6 თვე, 8 სოციალურად დაუცველი ბავშვი, ბიუჯეტის ხარჯზე ეუფლებოდა ხატვას. თავად მხატვარი ამბობს,რომ მათგან ორი მოსწავლე ძალიან ნიჭიერია და ყველაფერი აქვთ საიმისოდ, რომ კარგი მხატვრები გამოვიდნენ. თუმცა, წელს, ბესიკ დუღაშვილის პროექტი სამინისტრომ აღარ დააფინანსა და ალბათ, ბავშვები სწავლას ვეღარ გააგრძელებენ. კონკურსში „ხელოვნება განათლებისთვის–მცირე გრანტების კონკურსი სახელოვნებო განათლებაში“, თერთმეტმა პროექტმა გაიმარჯვა და დუღაშვილის თქმით, აქედან არც ერთი არ არის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. არადა, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამავე სამინისტროს მესვეურთ რომ ჰკითხო, სოციალურად დაუცველები პრიორიტეტულ რანგში ჰყავთ აყვანილი. სიტყვით ერთს ამბობენ, საქმით კი მეორეს აკეთებენ.
„ალია“ მხატვარ ბესიკ დუღაშვილს დაუკავშირდა.
-ბესიკ, მოდი, ჯერ შენი სამხატვრი სტუდიის შესახებ მითხარი მოკლედ.
–სამხატვრი სტუდია დავაარსე 2010 წელს. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, 2015 წელს დავხურე და მხოლოდ 2018 წელს შევძელი აღდგენა. თავიდან ცოტა გამიჭირდა. ხალხმა არ იცოდა ჩემს სტუდიაში სწავლის განახლების შესახებ, 3 მოსწავლე მყავდა სულ. თუმცა, ამ სამიდან ერთ–ერთმა, სამხატვრო აკადემიაში წარმეტებით ჩააბარა, მაღალი ქულა აიღო ხატვაში და მოიპოვა სრული, ასპროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება. ამის შემდეგ მოთხოვნა ჩემი სტუდიის მიმართ გაიზარდა, მოსწავლეთა საკმაოდ ნორმალური და სტაბილური რაოდენობა მყავდა. 2019 წელს, კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსები გრანტების მოსაპოვებლად. შევიტანე გრანატის მოსაპოვებლად განაცხადი. სოციალუარად დაუცველი ბავშვებისთვის მინდოდა ხატვა მესწავლებინა, დამოუკიდებლად ამის საშუალება არ გამაჩნია და ამ მიმართულბით შევიტანე განაცხადი, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები დაეფინანსებინა სახელმწიფოს. ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა ამ კონკურსში და სოციალურად დაუცველი 8 ბავშვი ავიყვანე. ამ რვიდან, 2 ბავშვს აღმოაჩნდა ხატვის ნიჭი და სურვილი გამოთქვეს, დარჩენილიყვნენ სტუდიაში. 2019 წლის დეკემბერში შემიწყდა სახელმწიფო დაფინანსება, პროექტი იყო ივნისიდან ნოემბრის ბოლომდე, ექვსთვიანი. კულტურის სამინისტროს წარვუდგინე ანგარიში, ძალიან მოეწონათ ყველაფერი, დარჩენილი თანხაც ჩამირიცხეს და ეს ფული, ცხადია, ბავშვებს მოვახმარე.
–რა თანხით დაგაფინანსა კულტურის სამინისტრომ?
–თავიდან კულტურის სამინისტრომ 30 000 ლარი გამომიყო 15 ბავშვზე, განაცხადი ასე მქონდა შეტანილი, მაგრამ საბოლოოდ 8 ბავშვი ავიყვანე და 18 ათას ლარამდე მომცეს. ამ თანხით, ბავშვებს არათუ უბრალო ინვენტარი, პროფესიონალური საღებავები, სახატავები, ქაღალდი და ბევრი სხვა რამ არ მოკლებიათ, არ გამოლევიათ არაფერი და მუშაობდნენ თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე. შევეცადე მაქსიმუმი მიმეცა ბავშვებისთვის და შედეგიც შესაბამისი იყო. წელსაც გამოცხადდა ანალოგიური კონკურსი და შევიტანე განაცხადი, იმ იმედით, რომ გაგრძელდებოდა პროექტი და სამინისტრო უყურადღებოდ არ დატოვებდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს, მაგრამ ვერ გაიმარჯვა ჩემმა პროექტმა. არადა, ორი ძალიან ნიჭიერი ბავშვი მრჩება დაფინასების გარეშე. ახლა, ასეთ ბავშვებს რომ გამოუცხადებ, ვეღარ გასწავლიო, ძალიან რთულია. 2019 წლის დეკემბრიდან მათ აღარ აფინანსებს სახელმწიფო, მაგრამ სწავლის გადასახადს არ ვახდევინებ, ინვენტარით კვლავ ჩემი სტუდია ამარაგებს. სადამდე გავწვდები, არ ვიცი. სამხატვრო აკადემიისთვის ვამზადებ. მომავალი პროფესია უფრო იოლად, თავდაჯერებულად, რომ აირჩიონ, სტუდიაში სხვადასხვა პროფესიის მხატვრებს… ყველა, ვისაც ვიწვევ, თავის საქმეში უზადო პროფესიონალია. ისინი ბავშვებს უტარებენ მასტერ–კლასს. ბავშვებს ყველაფერს გავუკეთებ, რაც შემიძლია. ვმართავ ეგრეთ წოდებულ „სტუდიურ შეხვედრებს“. ბატონი სერგო ორჯონიკიძე და ქალბატონი მანანა აბაზაძე მყავდა მოწვეული, პოეტები საშა გველესიანი და ტარიელ ხარხელაური, გია ჯაჯანიძე, ნიკოლოზ წულუკიძე, მამა გიორგი ბაზერაშვილი, რეჟისორები ლევან თუთბერიძე და გიორგი ოვაშვილი, ქეთევან დუმბაძე, ომის ვეტერანი მიხეილ ცილიკიშვილი… ეს დიდებული ადამიანები ესაუბრებოდნენ ბავშვებს, მათ კითხვებს პასუხობდნენ, სურათებს იღებდნენ მათთან და ეს ბავშვებისთვის ძალიან გასახარი იყო. ზეიმი იყო ბავშვებისთვის. მარტო სამხატვრო სტუდია კი არა, ერთგვარი კულტურული სალონი იყო. მუზეუმებში, გამოფენებზე დამყავს ბავშვები. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ წელსაც დააფინანსებდნენ ჩემს პროექტს და ეს რომ მომხდარიყო, ამ ორი ნიჭიერი ბავშვის გარდა მოვიძიებდი კიდევ 3 ასევე ნიჭიერ ბავშვს და ძველებურად შევეცდებოდი მათთვის გზის გაკვალვას. ახლა ამ ორ ბავშვზე ვფიქრობ, რა გავაკეთო. ან სპონსორი უნდა ვუშოვნო, ანდა უნდა მოვუბოდიშო, ვუთხრა, რომ მათი დაფინასება არ შემიძლია და სახლში გავუშვა.
– არადა, ამგვარი პროექტები რომ დააფინანსოს სახელმწიფომ, თავადაც მოგებული დარჩება და ეს ბავშვებიც. ვინც სამხატვრო აკადემიაში ჩააბარებს, მათ პროფესია ექნებათ, სამსახურებს იშოვნიან და საკუთარ თავს მიხედავენ. ვინც ბოლომდე არ გაჰყვება, უდიპლომო მხატვარი იქნება და მათ როდის და სად გამოადგებათ ხატვა, კაცმა არ იცის. მათთვის ხატვის ცოდნა, უკვე ხელობაა.
–რა თქმა უნდა. უკეთეს შემთხვევაში ეს ბავშვები გამოვიდოდნენ ცნობილი მხატვრები, რომლებიც საქართველოს რაღაცას შემატებდნენ, ქვეყანას გამოადგებოდნენ. უარეს შემთხვევაში, პიროვნებად ჩამოყალიბდებოდნენ, რომელთაც იციან ხელოვნების ფასი, შეიყვარებდნენ საგამოფენო დარბაზს, ხელოვნებას. თითქოს განათლება და კულტურა პრიორიტეტია, მაგრამ ეს ქაღალდზე რჩება, საქმე არ კეთდება ამ მიმართულებებით. ხელოვნებას რომ ჰქონდეს სათანადო მხარდაჭერა, მარტო ხელოვნება შეინახავდა საქართველოს. თუ ვინმე ამას არ დაიჯერებს, გაზვიადებულად მოეჩვენება, დამიჯდეს და დავუმტკიცებ, რომ ეს რეალურია. კულტურა ჩაკვდა ქვეყანაში. კულტურას ვერ ასწავლი ადამიანს, ის კულტურულ გარემოში უნდა გაიზარდოს და იქიდან შეითვისოს კულტურის სიკეთეები. უკულტურო არც მეცნიერი მინდა, არც ექიმი, არც ჟურნალისტი, არც მინისტრი და არც დეპუტატი. მე არ ვეძებ ცუდს, თუმცა ჩემს სათქმელს მაინც ვამბობ. რაც არ მომწონს, იმაზე ვლაპარაკობ და რაც მომწონს აღტაცებული ავღნიშნავ იმასაც. მისახედია ხელოვნება, გაცილებით უფრო მეტად, უფრო ხელშესახებად და უფრო თვალშისაცემად. ფაქტია რომ არ გვილხინს.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები