სავალუტო ფონდმა დაადასტურა სახელმწიფო საწარმოებში არსებული კატასტროფული მდგომარეობა – ამის შესახებ განცხადება, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა გიგლა მიქატაძემ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი ადასტურებს იმასაც, რომ სახელმწიფო საწარმოები საქმიანობენ არა მოგების მიღების მიზნით, არამედ ასრულებენ მთავრობის დავალებებს.
“გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში სახელმწიფო საწარმოების შესახებ, რომელმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა ის, რომ სახელმწიფოს მიერ მართული კომპანიები წარმოადგენს ეკონომიკის შავ ხვრელს და კორუფციის ბუდეს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიების ფინანსური შედეგები გაუარესდა, რაც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. სავალუტო ფონდი ადასტურებს იმასაც, რომ სახელმწიფო საწარმოები საქმიანობენ არა მოგების მიღების მიზნით, არამედ ასრულებენ მთავრობის დავალებებს. ჩვენ არაერთხელ გამოვააშკარავეთ ფაქტები სახელმწიფო საწარმოების შესახებ, როგორ მუშაობს უმეტესი მათგანი ზარალზე, როგორ უქმნიან ბარიერს კერძო კომპანიებს და როგორ ასაქმებენ ყოფილ ჩინოვნიკებს მაღალ ანაზღაურებად პოზიციებზე.
“ქართულ ოცნებას” ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მათი გაჯანსაღებისთვის. პირიქით, წარმატებით გადაიბარა ეს სისტემა წინა ხელისუფლებისგან ყველა თავისი მანკიერებით და კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა ეს კომპანიები. ლელოს მოდელის მიხედვით, სრულად მოხდება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება და მათი კერძო მენეჯმენტისთვის გადაცემა, რითაც ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება კორუფციისა და ნეპოტიზმის პრობლემა ამ კომპანიებში. საქართველოს რკინიგზა, ენერგოტრანსი, საქართველოს მელიორაცია და სხვა მნიშვნელოვანი კომპანიები უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და არა ცალკეული ჩინოვნიკების გამდიდრებას.” – განაცხადა მიქაუტაძემ.
კომენტარები