სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის დედა, ქსენია ფილფანი, რომელიც დუბაიში იმყოფება, “ფორმულასთან” საუბარში ამბობს, რომ სამართალდამცველების მუშაობით უკმაყოფილოა.
ფილფანის თქმით, ამ დრომდე არ არის ამოღებული პოლიციის საგუშაგოსთან დამონტაჟებული ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომლის მეშვეობითაც ბავშვის გადაადგილების გარკვევა არის შესაძლებელი. ამასთან, მოზარდის დედა მაშველების მუშაობით კმაყოფილია, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ არ აცდის გამოძიება მის მეუღლეს სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობას და დაუსრულებლად იძახებენ განყოფილებაში.
“ახლა მე დუბაიში ვარ და ვერ ჩამოვდივარ. მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია. რაც შეეხება პოლიციას, მგონია, რომ საკმარისად კარგად არ მუშაობენ. რა ინფორმაციასაც მე ვიღებ, იმის მიხედვით, როგორც მუშაობენ, უბრალოდ წარმოუდგენელია. ჯერ კიდევ არ უნახავთ და არ მიუწოდებიათ ინფორმაცია იმ ვიდეოკამერების ჩანაწერების შესახებ, რომელთა მიხედვით უნდა გაირკვეს გაიარა თუ არა ბავშვმა ის გზა. ერთადერთი კამერაა პოლიციის საგუშაგოსთან და მე-7 დღეა ჯერ კიდევ არ შეუმოწმებიათ ეს ჩანაწერები. ასე არაფერი გამოვა. ჩემი ქმარი მაშველების კოორდინირებაშია ჩართული. მათთან ერთად ეძებს და ნაცვლად იმისა, ბავშვის ძებნა აცადონ, დაუსრულებლად იძახებენ განყოფილებაში. გუშინ იქ მთელი დღე გაატარა. არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ გამომძიებლის გვერდით იჯდა, რომელიც რაღაც საბუთებს ავსებდა. ვფიქრობ ეს მიუღებელია”
კომენტარები