დღეს, 26 ივლისს, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ლანჩხუთში რიგით 29-ე რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლობა გახსნა.
“ლელოს” ლიდერები ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. პოლიტიკური გაერთიანების შესახვედრად 500-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და პარტიის ლიდერებს გურიის პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრა.
ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად “ლელოს” თავმჯდომარემ იური კუპრაძე წარადგინა და მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოვიდა.
“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გამოსვლისას ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა
ყურადღება, როგორიცაა ქვეყანაში ჰესების მშენებლობა. მისი თქმით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ჰესის თანამეწილეები უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რაც მეტ შემოსავალს მისცემს მათ.
“წინა კვირას მოვინახულე აჭარის ერთ-ერთი სოფელი, სადაც აშენდა უზარმაზარი ელექტროსადგური. ამ
მშენებლობის შედეგად სოფელმა დაკარგა სასმელი წყალი. ეს სოფელი გამოაცხადეს წითელ ზონად და იქ მაცხოვრებლებს სოფლის დატოვება და ქობულეთში ცარიელ კარკასებში ცხოვრება შესთავაზეს. ამ პრობლემის წინაშე დგას რაჭა, გურია და ნახევარი საქართველო. მე საქმიდან მოვდივარ და ვიცი სწორად, როგორ უნდა მივუდგე ნებისმიერ პროექტს. როდესაც საქმე ეხება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, ამ დროს ჩვენი ამოცანაა, ის აშენდეს საერთაშორისო სტანდარტით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჰესი ადამიანებს მოუტანს სარგებელს და არ დაანგრევს ბუნებას. “ლელოს” მოდელის მიხედვით, რომელ სოფელშიც აშენდება ჰიდროელექტროსადგური, იმ სოფლის და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები გახდებიან მისი თანამფლობელები. მაშინ იმ ოჯახების შემოსავალი გაიზრდება,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა.
პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის თქმით, “ლელოს” მთავარი ამოცანაა, სოციალურად დაუცველ
მოსახლეობას დახმარება შეუნარჩუნდეს მას შემდეგაც, რაც ისინი სამსახურს დაიწყებენ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, ფეხზე მყარად დადგნენ. “ლელო” მათ სამსახურის პარალელურად სოციალურ დახმარებასაც შეუნარჩუნებს, მინიმუმ ერთი წელი. ამ მოდელის ეფექტურად ასამუშავებლად პოლიტიკური გაერთიანება უკვე მუშაობს და უახლოეს მომავალში კანონპროექტს წარადგენს.
კომენტარები