ნემო ბურჭულაძის შვილი, პარტია “ლიბერალ-დემოკრატების” თავმჯდომარე, მუხრან ბურჭულაძე, სოციალურ ქსელში წერდა, რომ მამამისი, ნემო ბურჭულაძე, თბილისში ჩამოფრენის შემდეგ დაიკარგა და ის უკანონოდ გაიტაცეს.
“ალია” დაუკავშირდა ბატონ მუხრანს:
-იპოვნეთ, ბატონი ნემო?
-კი, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩაერთო ძებნაში არაერთი ახლობელი და მეგობარი, ვიპოვნეთ. მულტიპლიკაციური ფილმი რომ არის – “იპოვე ნემო” – ასე დაგვემართა და როგორც იქნა მივაგენით, სადღაც ტყეში გადაუყვანიათ, სასტუმროში.
ადამიანს, რომელსაც, ჩამოსვლამდე 48 საათის ფარგლებში აღებული აქვს აშშ-ს ჯანდაცვის სისტემის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც არ არის ინფიცირებული, უზღუდავენ უკანონოდ თავისუფლებას და გადაჰყავთ, თან ისე, რომ არც მას აძლევენ ოჯახთან დაკავშირების უფლებას და არც თავად სახელმწიფო გვატყობინებს. ბრალდებულსაც კი აქვს ერთი ზარის განხორციელების უფლება. სახელმწიფო ვალდებულია, შეგატყობინოს, სად გადაჰყავს შენი ოჯახის წევრი.
კანონიც ვიცით და კარანტინის წესებიც, მაგრამ ეს არის გატაცება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც გახლავთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
აეროპორტში მისულები იყვნენ ჩვენი ახლობლები და მეგობრები ნემოს დასახვედრად, მათაც კი არ უთხრეს, რომ გადაიყვანეს!
გარდა იმისა, რომ ნემოს ჰქონდა აშშ-ს მიერ გაცემული ცნობა, მას აქვს ასევე სახლი, სადაც მარტო ცხოვრობს და შეუძლია თვითიზოლაციაში ყოფნა – ამის მიუხედავად, იგი რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად გადაიყვანეს, ჩასვეს ერთად ეს ხალხი ავტობუსებში და ერთად გადაიყვანეს. არადა, სწორედ, ასე ერთად გადაყვანა შეიძლება გახდეს პრობლემა ჯანმრთელობისთვის.
სახელმწიფო ამ წუთას ნემო ბურჭულაძეზე ხარჯავს ფულს, ხო? უხდის სასტუმროს, იხდის ტესტირების ფულს – ჩვენ რას ვითხოვთ? გაითვალისწინონ გაცემული ცნობა და თვითიზოლაციის პირობების ქონა, ვითხოვ, რომ არ დახარჯოს სახელმწიფომ მამაჩემის სახელით ხალხის ფული, არ გაფლანგონ ბიუჯეტი, რომელიც ისედაც მცირეა.
მაგრამ, სინამდვილეში ეს დიდი კორუფციული სქემაა, განა ყველა სასტუმროს აქვს უფლება კარანტინის მოწყობის და ადამიანების მიღების? – თავისი ახლობლების, თავისი მეგობრების სასტუმროებს უხდიან ხალხის ფულს და რამდენ ფულს ფლანგავენ ასე ნემოს და ათასობით ნემოს სახელით? რა თქმა უნდა, მერე ამ გადახდილი ფულის ნაწილი, ისევ “ოცნების” ჯიბეში მოდის, მხოლოდ ხალხი ზარალდება.
უცხოელს შეუძლია კარანტინის გარეშე გადაადგილება და ქართველს არაო – გეგონება, ვირუსი მხოლოდ ქართველს ემართებოდეს. სინამდვილეში, არ უნდათ ემიგრანტები ჩავიდნენ საქართველოში, იციან, რომ არჩევნებისთვის ბევრი ემიგრანტი აპირებს ჩასვლას სამშობლოში, გადაიყვანენ ყველას 2 კვირიან კარანტინში და ემიგრანტი 14 დღეზე მეტ ხანს ვერც დარჩება, კარანტინიდან გამოვა და უკან იქნება დასაბრუნებელი. შესაბამისად, ვეღარ ჩამოვლენ, კარანტინში გასაჩერებლად ხომ არ იფრენენ? ეშინიათ ემიგრანტების, იციან, რომ ისინი ხმას “ოცნებას” არ მისცემენ.
მამაჩემი რომ ჩამოფრინდა, მაშინ ჩამოფრინდა “ოცნების” დეპუტატის ბექა ოდიშარიას ოჯახი და ის თავისუფლად გაუტარებიათ და გაუშვიათ, “ოცნების” დეპუტატებისთვის არ არის კარანტინში ადგილი?
ალია
კომენტარები