• რეკლამა
  • კონტაქტი
04:50, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სხვა გამოსავალი არ არის, ა-რა!!!” – ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან

ალია ავტორი - ალია
00:47 07-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72


ჩვენს უახლოეს სამეზობლოში, მთიან ყარაბაღში და არამხოლოდ, სომხეთ აზერბაიჯანის  საზღვრის პერიმეტრზე, ომია! ურთიერთდაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს  ატომური ელექტროსადგურისა თუ წყალსაცავების აფეთქებით ემუქრებიან! დასავლეთის ქვეყნებში სომხებისა და აზერბაიჯანელების შეტაკებები არაერთგზის დაფიქსირდა და ამ მძიმე ფონზე,  რიგი ხელშეკრულების თუ ვალდებულებების გამო, რა ელის საქართველოს, უცნობია! სწორედ ამ თემაზე ვესაუბრებით  პოლიტიკოსს გიგლა ბარამიძეს.

-ბატონო გიგლა, ბუნდოვნად მახსოვს, გასული საუკუნის 80-იან წლებში,  ყარაბაღში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის დროს თბილისში შეკრებილი სომხებისა და აზერბაიჯანელი ჩვენი თანამოქალაქეების   საპროტესტო  აქციები და ვნებათაღელვები…

-მივესალმები ,,ალიას“ მკითხველს. ვიდრე ძირითად საკითხებზე ვისაუბრებთ, მინდა გითხრათ, რომ, ზოგადად, ჯავახელი და ერევნელი სომხები მენტალურად განსხვავდებიან თბილისელი სომხებისგან, ისევე როგორც ქვემო ქართლელი აზერბაიჯანელი განსხვავდებიან თვითონ აზერბაიჯანში  მცხოვრები და ბაქოელი აზერბაიჯანელებისგან! ეს  ორი, სრულიად განსხვავებული ფსიქოტიპები არიან და ამაში არაერთგზის დავრწმუნებულვარ… 
დიახ, 1989 წელს თბილისში, ყარაბაღის კონფლიქტის პარალელურად, 2 საპროტესტო აქცია ჩატარდა, რომლის არამხოლოდ თვითმხილველი, არამედ უშუალო მონაწილეც გახლდით! სომხები შეიკრიბნენ ავლაბარში, შაუმიანის სახელობის, სომხური თეატრის წინ, ხოლო აზერბაიჯანელები აბანოთუბანის ტერიტორიაზე…

სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მხარეს არ ჰქონდა იარაღი, მაგრამ ამ 2 აქციის ერთმანეთთან მიახლოვება რომ იგეგმებოდა, თვითონ ეს ფაქტი შეიცავდა საშიშროებას…მე პროფესიით არმენოლოგი გახლავართ და  ათასობით ჩვენს თანამოქალაქე სომეხ ძმებს, მათ ენაზე კლასიკური სომხურით მივმართე: „ძმებო! ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, საქართველო, სადაც თქვენი სალოცავების გვერდით აღმართულია ქართული ეკლესიები, მეჩეთი, სინაგოგა… აქ იზრდებიან და დაიზრდებიან თქვენი შვილები, შვილიშვილები და ნუთუ აქ, ამ მიწაზე შეიძლება შუღლის გაღვივება თქვენს შორის? ანდა, რას გვეუბნებით ჩვენ, ქართველებს, რომლებსაც არც  ყარაბაღის კონფლიქტთან  აქვს რაიმე კავშირი და არც ნებისმიერი თქვენთაგანის მიმართ მტრობა არ უდევს გულში?“ მოკლედ, დაახლოებით ამ  სიტყვებით მივმართე და სწრაფადვე გავემართე აბანოთუბანში, სადაც ასევე ათასობით აზერბაიჯანელი იდგა! ახლა მათ მივმართე აზერბაიჯანულ ენაზე და  მაშინდელი ხელისუფლებისა და ჩვენი მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების წყალობით მალევე, ორივე აქცია დაიშალა! სხვათაშორის უკვე რამდენი წელი გავიდა და დღესაც კი ახსოვთ ეს ამბავი სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც, რის გამოც მადლობაც ბევრჯერ უთქვამთ…

-კეთილი, მაგრამ დღეს სად არის გარანტია იმისა, რომ თუნდაც სულ უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო დონეზე, ბაზარში, რესტორანში არ მოხდეს ინციდენტი და პატარა გუნდი ზვავად არ იქცეს? ჩვენ უკვე ვნახეთ ვიდეო კადრები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებშია გადაღებული და სადაც სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის სისხლიანი დაპირისპირებაა ასახული, მეტიც მაგალითად ბრიტანეთში პოლიციის კორდონებიც კი გახდა საჭირო, რომ ორი დაპირისპირებული მხარე დაეშორებინათ…

-გეთანხმებით, რომ ორივე ერში დაპირისპირების შინაგანი ამპლიტუდა მატულობს. ვიცით, რომ დღეს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს  სასათბურე პირობები აქვთ და სწორედ ამიტომაა საჭირო, გაათასმაგებული ყურადღება, რომელიმე სპეც.სამსახურმა არ გამოიყენოს ეს ვითარება და ასანთს ხელი არ გაჰკრას! ახლა, რომელი მათგანი „იკადრებს“ ამას, უნდა ვხვდებოდეთ და იმასაც უნდა ხვდებოდეთ, რომ საქართველოში ეთნოკონფლიქტი სამუდამოდ დაასამარებს  როგორც ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე სახელმწიფოებრიობას! ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მთელი ძალისხმევა ამ საკითხებზე მიმართონ და არა არჩევნებსა თუ საკუთარი სავარძლებისა და კაბინეტების მოზომვაზე!

მინდა შეგახსენოთ 1997 წლის მოვლენებიც, როდესაც ჯავახეთიდან , რომელიც თურქეთს ესაზღვრება, რუსი მესაზღვრეები გაგვყავდა და როდესაც მათი ადგილი ქართველ მესაზღვრეებს უნდა დაეკავებინათ! მაშინ სამცხე ჯავახეთის რწმუნებული  ვიყავი და ყველაზე კარგად ვფლობდი იქ შექმნილ ვითარებას. კერძოდ იგეგმებოდა პროვოკაციის სერიები, რათა რუსი მესაზღვრეები იქიდან არ წასულიყვნენ! გრუ-ოფიცრები კარდაკარ დადიოდნენ და სომეხი ეროვნების ადამიანებს ეუბნებოდნენ,  ჩვენი წასვლის შემდეგ აქ „ნატოს“ ჯარისკაცები შემოვლენ, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ჩვენს  მაგივრად თურქები  მესაზღვრეები გაგიკონტროლებენ საზღვარსო! თქვენ წარმოგიდგენიათ რას ნიშნავდა ეს სიტყვები სომეხი ეთნოსისთვის? სწორედ ამიტომ, უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა მოსახლეობა დაგვერწმუნებინა, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა და  მოსალოდნელ პროვოკაციებსაც ასე გავართვით თავი….

-ამ რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანულმა მედიამ, გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით სომხეთში სამხედრო შეიარაღება შეიტანესო.. ტყუილი მგონია ეს ამბავი, მაგრამ თუ გავიხსენებთ 2006 წლის მარტში, საქართველო-რუსეთს შორის დადებულ  ხელშეკრულებას (რომელსაც მკითხველი ჩვენი ინტერვიუს ბოლოს წაიკითხავს) სამხედრო  ტვირთებისთვის კორიდორის შესახებ, რატომაც არა? საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება და სააკაშვილი ძალიან კი ასაიდუმლოებდნენ ამ ფაქტს, მაგრამ ჭირი, როგორც წესი, თავს ვერ მალავს…

-დიახ და მახსენდება  ამ თემაზე თქვენი ექსკლუზიური ინფორმაცია „ალიაში“. კარგად მახსოვს, წერდით, ვთქვათ, გადაიარა მთელი საქართველო რუსულმა ტექნიკამ გიუმრის რუსულ ბაზამდე, უკანა გზაზე დისლოკაციის ადგილზე რომ არ დაბრუნდეს და აქ ინებოს დარჩენა, მაშინ რა მოხდებაო? დღეს მე ხელთ მაქვს ეს ხელშეკრულება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ გარდა სახმელეთო კორიდორისა, ასევე საჰაერო კორიდორიც უბოძებით, მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის ამ ხელშეკრულებაში, რომ დოკუმენტი შედგენილია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რაც ეჭვებს აძლიერებს…
მაშინ 2006 წლის მარტში, საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი იყო, რომელიც დღემდე  პუტინის გარემოცვაში მოიაზრება და გვახსოვს სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრისას კრემლში, ვლადიმერ პუტინი განსაკუთრებული ყურადღებით სწორედ ბეჟუაშვილთან მიმართებით აქტიურობდა, მეტიც ყურშიც კი ჩასჩურჩულა რაღაც… დავუბრუნდეთ ხელშეკრულებას, რომელიც 2006 წელს გაფორმდა საქართველო -რუსეთს შორის და მიუხედავად 2008 წლის ომისა, ამხელა ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგისა, სააკაშვილის ხელისუფლებამ ის მაინც არ გააუქმა…!!!

-ბატონო გიგლა, აგვისტოს ომი ახსენეთ და უკაცრავად გაგაწყვეტინებთ საუბარს…  გამოდის, რომ  არსებული ხელშეკრულების მიხედვით, რუსულ სამხედრო ტექნიკას სრული უფლება ჰქონდა, როკის გვირაბის გადმოვლით სამაჩაბლოს პერიმეტრზე განლაგებულიყო, რადგან ჯერ რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ ჰქონდა ცნობილი! ანუ, ისარგებლა  სამხედრო კორიდორის შეთანხმების დოკუმენტით და დაიძრა ცხინვალისკენ, ასეა?

-კი გეთანხმებით, მასეა და ვიმეორებ, მიუხედავად  2008 წლის აგვისტოს ომისა, სააკაშვილმა რუსეთს ეს ხელშეკრულება ცალმხრივადაც  რომ არ გაუუქმა, რატომ მოხდა ასე? აღნიშნული ხელშეკრულების ვადებია 2006-11 წლები, მაგრამ ჩვენ არც ის ვიცით, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ვადების ამოწურვის შემდეგ რა მოიმოქმედა, რადგან ყველას გვახსოვს  2016 წელს რუსული სამხედრო მანქანების კოლონამ  როგორ გადაკვეთა თბილისი და მოგვიანებით სომხეთ-საქართველოს საზღვარი! თუკი აღნიშნული ხელშეკრულება გაუქმებულია, მაშ, რანაირად და რა უფლებით იმყოფებოდა რუსეთის სამხედრო ტექნიკა და რუსი ჯარისკაც-ოფიცრები  საქართველოს ტერიტორიაზე?

ანდა ვინ შეამოწმა, რა სახის ტვირთი გადაზიდეს მათ „კორიდორით“ და რატომ არ შედგა ნოტა იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს ტერიტორიის უკანონო გამოყენების გამო? მინდა, აგრეთვე გაგახსენოთ, 2011 წელი, როცა სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა, სააკაშვილს სომხეთის უმაღლესი ჯილდო გადასცა, მაგრამ რა დამსახურებისთვის, არ განუმარტავს არც მას და არც ქართულ მხარეს!

-მე გეტყვით, რუსეთისთვის ფასდაუდებელი სამსახურის გამო, რადგან რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტინიორია!

-რატომ არ გამოიძიეს აგვისტოს ომის მიზეზები და რატომ არავინ დაისაჯა ამ შემზარავი, კოლაბორაციონისტული ქმედებების გამო? რატომაა დღემდე ტაბუ დადებული ეს თემა და რატომ აღიძრა ამ დამნაშავე რეჟიმზე მხოლოდ პიჯაკების შეძენის და სხვა მსუბუქი  დანაშაულებების სისხლის სამართლის საქმეები? 2008 წლის ომმა საქართველოს გული – ქართლი შეიწირა და დღემდე მიმდინარეობს უკანონო მავთულხლართების გავლება და ამ დროს  ნაციონალური მოძრაობა, პარლამენტშიც ზის და მათი ლიდერი, სააკაშვილი, ხან სად დანავარდობს და ხან სად….

თქვენი ნებართვით,  დავუბრუნდეთ, ძირითად თემას და ყარაბაღის კონფლიქტს! მგელის და კრავის იგავისა არ იყოს, დიდ იმპერიებთან, პატარა საქართველოს როდის გასვლია მართალი, ახლა რომ  გაუვიდეს, მაგრამ თავის დაზღვევას წინ რა უდგას? სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც საკმაოდ ძლიერი ჯარი ჰყავს, ასევე ძლიერი შეიარაღებით, მაგრამ სომხეთში მხოლოდ ჰაერია მათი და სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტები, მხოლოდ საქართველოს გავლით მიეწოდება! ეს მშვენივრად მოეხსენება, როგორც სომხეთს, ისე დანარჩენ სამეზობლოსაც და რადგან ერთ-ერთი მათგანი, სომხეთის სტრატეგული პარტნიორიცაა, რასაკვირველია ზრუნავს მათზე და უპირველესად ზრუნავს თავის სამხედრო ბაზაზეც , რომელიც ქალაქ გიუმრიშია განთავსებული! ჩვენმა მკვდრებმა, და ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, ნუთუ არ უნდა გამოიყენონ თუნდაც ეს მომენტი და თუნდაც თავის დასაზღვევად ქმედითი ნაბიჯები არ უნდა გადადგან  „სამხედრო კორიდორის“ გაუქმებისა და შემდგომი თავის ტკივილის აცილების მიზნით? დააკვირდით, ორივე სახელმწიფო ჩვენი მეზობელია, ორივე ეთნოსი მრავლადაა წარმოდგენილი საქართველოში და რომელიმესთვის, თუნდაც თეორიული დახმარება, სამხედრო ტვირთების გადაზიდვის შემთხვევაში წარმოგიდგენიათ რამხელა უბედურებას დაგვატეხს თავს?

-სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელი ხელისუფლება, სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებით, სამეზობლო პოლიტიკაში ფრთხილია, არცერთ მათგანს არ უფრიალებს ცხვირწინ წითელ ნაჭერს, რაც პირადად მე, ძალიან მომწონს, სტაბილური, მშვიდობიანი ვითარების თვალსაზრისით, არ მეთანხმებით?

-რასაკვირველია გეთანხმებით, მაგრამ არ შეიძლება,  მუდმივად ნაცემი, დაჩაგრული ბავშვის პოზიციიდან ელაპარაკებოდე ყველას და თავის მართლების რეჟიმში იყო… 1 წელია, რაც დავით გარეჯის პრობლემის შემსწავლელი კომისია მუშაობს და ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა ხდება ამ მიმართულებით! მეტსაც გეტყვით, დღევანდელი რუქები რომ უდევს ამ კომისიას წინ და ამ რუქებით ხელმძღვანელობენ, რატომ არ წარუდგინეს აზერბაიჯანულ მხარეს გასული საუკუნის 20-იანი წლების რუქები, სადაც ნათლად სჩანს, ვის ტერიტორიაზეა ქართული ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის ეს სამონასტრო კომპლექსი?

 -მოდით, ახლა თქვენი პოლიტიკური პროგნოზის შესახებაც გვითხარით, რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს სომხეთსა და აზერბაიჯანში ესოდენ დაძაბული ვითარების გამო?

მსოფლიო თანამეგობრობისა და უშუალოდ, ამ ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, არავითარ შემთხვევაში არ აწყობთ კონფლიქტის გაღრმავება და როგორც რუსული, ისე თურქული მხარის დიპლომატიური წრეები, ძალიან სერიოზულად მუშაობენ, რათა დაძაბულობის ესკალაცია  მოხდეს! დროებით მოხსნიან კიდეც და ასე ვთქვათ,  გარკვეული დროით კონფლიქტსაც გაყინავენ! ამის დასტურია თუნდაც ამ 2 კვირის წინ სომხეთის  ხელისუფლების ინიციატივა, რომ „ოდკბ“ შეხვედრა ანუ დსთ-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს სხდომა გამართულიყო, მაგრამ პუტინმა ეს შეხვედრა გადადო, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ ჯერ დიპლომატიური რესურსი არ ამოწურულა და მხოლოდ ამის შემდეგ შეჯერდებიან….

ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ სამხედრო დაპირისპირება შეჩერდება, მაგრამ  ძალიან რთულია პროგნოზი იმაზე – სომხეთში და აზერბაიჯანში, ანუ ქვეყნის შიგნით რა პროცესები განვითარდება? როგორი იქნება თუნდაც პრეზიდენტ პაშინიანისადმი დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მხრიდან, როცა იგივე პრეზიდენტ ალიევისავით მყარად ვერ გრძნობს თავს და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რეფორმებიც გაატარა, მაინც ვერ გაიმყარა პოზიციები? პაშინიანმა, მართალია სასამართლო და მუნიციპალიტეტების რეფორმები დაიწყო, ბევრი რამ კანონად აქცია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ის, რომ არმია და ჯარი ძირითადად დაკომპლექტებულია ყოფილი პრეზიდენტების, ქოჩარიანისა და სარქისიანის მომხრე ოფიცრებით, რომლებსაც პაშინიანი, რბილად რომ ვთქვა, გულზე დიდად არ ახატიათ მრავალ გარემოებათა გამო! ამიტომ ალიევისგან განსხვავებით, პაშნიანის მდგომარეობა ამ მხრივ მძიმეა და ამას პლუს,  ხელისუფლების მხრიდან დაგვიანებული პრევენციული ზომები, რომელიც  კორონა ვირუსთან არის დაკავშირებული, და რომელსაც სავალალო შედეგები მოჰყვა, მოსახლეობას მის წინააღმდეგ განაწყობს! აქვე იმასაც დავძენ, რომ ქოჩარიანის და სარქისიანის მომხრე ოფიცრებს დღემდე შესანიშნავი კავშირები და გავლენები აქვთ კრემლში და როდის გამოიყენებენ ამ რესურსს პაშინიანის წინააღმდეგ, ამას მომავალი გვიჩვენებს!
ჩვენ კი,საქართველომ  შერიგებისა და მშვიდობის პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და მოვუწოდოთ ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ ძმებს, მხოლოდ მშვიდობისკენ ! სხვა გამოსავალი არ არის, ა-რა!!!

ახლა კი დაპირებისამებრ, ამონარიდი 2006 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან:

საქართველო და რუსეთის ფედერაცია, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი,
მოქმედებენ რა კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით,
ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ასევე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული შეთანხმებებით,
ითვალისწინებენ რა რუსეთის ფედერაციის ინტერესებს 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზის მატერიალურ-ტექნიკურ და საკადრო უზრუნველყოფაში,
შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

წინამდებარე შეთანხმება, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე და 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზის მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო უზრუნველყოფის მიზნით, განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიის გავლით პერსონალის, პერსონალის ოჯახის წევრებისა და სამხედრო ტვირთების ტრანზიტის განხორციელების წესს.


წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებულ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
„ტრანზიტი” – საქართველოს ტერიტორიის გავლით, საჰაერო სივრცის ჩათვლით, 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზის ინტერესების გათვალისწინებით, პერსონალის, პერსონალის ოჯახის წევრებისა და სამხედრო ტვირთების გადაადგილება, რომელიც იწყება და სრულდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;

„პერსონალი”:

ა) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც გადიან სამხედრო სამსახურს 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზაზე;
ბ) სამოქალაქო პერსონალი – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზაზე;
გ) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც მივლინებულნი არიან რუსეთის მხარის მიერ 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზაზე;

„პერსონალის ოჯახის წევრები” – მეუღლეები, შვილები, მშობლები, ასევე სხვა პირები, რომლებიც ცხოვრობენ პერსონალთა ერთად და იმყოფებიან მათ კმაყოფაზე;
„სამხედრო ტვირთები” – შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო მასალები და სხვა მატერიალური საშუალებანი, რომლებიც ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას და განკუთვნილია 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის მხარდასაჭერად, ასევე მისი ქმედუნარიანობისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
„თანმხლები ჯგუფი” – რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი, რომელიც დანიშნულია სამხედრო ტვირთების გასაცილებლად;
„სამხედრო ტრანსპორტი” – რკინიგზის ტრანსპორტი (არანაკლებ ერთი ვაგონისა (კონტეინერისა), საავტომობილო ტრანსპორტი (არანაკლებ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა), ან საჰაერო ხომალდი;
„საშიში ტვირთი” – სამხედრო ტვითი, რომელიც მისი თვისებებიდან გამომდინარე გარკვეულ პირობებში გადატანის, სამანევრო ან დატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების განხორციელებისა და შენახვის დროს შეიძლება გახდეს აფეთქების, ხანძრის, ქიმიური ან სხვა სახის მოწამვლის მიზეზი, ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ტექნიკური საშუალებების, მოწყობილობის, აღჭურვილობისა და ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაზიანება, ასევე ზიანი მიაყენოს გარემოს და მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

„პირადი ქონება” – პერსონალისა და პერსონალის ოჯახის წევრების ქონება, რომელიც განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის და არ არის დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან;

„საავტომობილო კოლონა” – საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა, სამხედრო ტვირთის, პერსონალის, პერსონალის ოჯახის წევრებისა და მათი პირადი ქონების ტრანზიტით გადაზიდვის მიზნით;

„დაცვის ჯგუფი” – საქართველოს მხარის შეიარაღებული ქვედანაყოფი, რომელიც განკუთვნილია იმ სამხედრო ტვირთების დასაცავად და იმ თანხლები ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც გადაადგილდებიან ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიის გავლით.

    მუხლი 2

წინამდებარე შეთანხმების შესრულება ეკისრებათა მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს:

საქართველოს მხრიდან – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სათავო ორგანო), ასევე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს;

რუსეთის მხრიდან – რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს.

 მუხლი 3

ტრანზიტი ხორციელდება საავტომობილო, საჰაერო ან/და სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენებით.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამშვები პუნქტები და გადაკვეთის ადგილები, მათ შორის საქართველოს საზღვაო პორტების გამოყენების ჩათვლით იმ მიზნებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებით, განისაზღვრება საქართველოს მხარის მიერ რუსეთის მხარის წინადადებათა გათვალისწინებით.
ტრანზიტი საავტომობილო ტრანსპორტით ხორციელდება იმ საავტომობილო კოლონის ან ცალკეული ავტომობილის გამოყენებით, რომელთაც აქვთ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნიშნები, მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების მიერ წინასწარ შეთანხმებული მარშრუტებით.
ტრანზიტი სარკინიგზო ტრანსპორტით ხორციელდება სატვირთო ან/და სამგზავრო ვაგონებით, საერთაშორისო სარკინიზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ 1951 წლის 1 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად, იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღისათვის, და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების, ლატვიის რესპუბლიკის, ლიტვის რესპუბლიკის, ესტონეთის რესპუბლიკის სარკინიგზო ადმინისტრაციებს შორის 1997 წლის 1 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებით, საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის (შსსმ) შესახებ შეთანხმების ცალკეული ნორმების გამოყენების თავისებურებების თაობაზე.
ტრანზიტი საჰაერო ტრანსპორტით ხორციელდება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საჰაერო ხომალდებით.
რუსეთის მხარე იღებს ვალდებულებას არ გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია, საჰაერო სივრცის ჩათვლით, ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მასალების, მასობრივი განადგურების იარაღის, მისი კომპონენტებისა და მიწოდების საშუალებების ტრანზიტის მიზნებისათვის.
მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბრისა შეათანხმებენ იმ სატრანზიტო გადაზიდვების მაქსიმალურ მოცულობას, რომელთა განხორციელება დაგეგმილია მომდევნო წლის განმავლობაში, სამხედრო ტვირთების სახეობების მიხედვით.

ირინე გოგოსაშვილი, ალია №26
577990126

თეგები: გიგლა ბარამიძეირა გოგოსაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved