“ლელოს” ლიდერებს აბაშაში ადგილობრივი მოსახლეობა შეხვდა. მათ რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს და ის გეგმები განიხილეს, თუ როგორ უნდა დაძლიოს აბაშამ არსებული დაბრკოლებები. „ლელოს“ აბაშის რაიონულ ორგანიზაციას გელა თოფურია უხელმძღვანელებს.
„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ქვეყანას გამარჯვების გზაზე არსებული ხელისუფლება და მისი მმართველი რუსი ოლიგარქი ეღობება, რომელიც ემსახურება ოკუპანტ ქვეყანას და ქართველ ხალხს უნერგავს შიშს.
„დღეს აქ შეგვკრიბა იმ პროტესტმა, რომელიც ყველა ოჯახშია. უიმედობა, სიღატაკე, უმუშევრობა და, რაც ყველაზე მთავარია, ქართული ოცნების 8 წლიანი ჩანერგილი იდეოლოგია, რომ ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ქართველებს, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან, დავემატოთ იმ მილიონნახევარ ქართველს, რომელიც უკვე ემიგრაციაშია. „ლელო“ სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ამ ქვეყანაში დააბრუნოს იმედი, ის ახალგაზრდა, ნიჭით სავსე ხალხი, რომელიც ქვეყნიდან გააქციეს. ისინი უნდა დაბრუნდნენ, დადგნენ ჩვენს გვერდით და ეს ქვეყანა გაიყვანონ გამარჯვების გზაზე. მაგრამ ამ გზაზე გვეღობება ეს ხელისუფლება და მისი მმართველი რუსი ოლიგარქი, რომელიც ემსახურება ოკუპანტ ქვეყანას და ქართველ ხალხს უნერგავს შიშს, რომ თუ ვიღაცას მხარს დაუჭერ ან განსხვავებულად იაზროვნებ, სოციალურ დახმარებას მოგიხსნიან და მსგავსი შანტაჟი. ეს არის ადამიანი, რომლის ბრძანებითაც გაჩერდა ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის მქონე პროექტი, საუკუნის პროექტად წოდებული ანაკლია. თუ გვინდა, რომ შვილებს გაერთიანებული საქართველო დავუტოვოთ, ამის გასაღები არის თითოეული ადამიანის სიძლიერე. ამ ბრძოლისთვის ვართ შექმნილი ჩვენ. თქვენც დადგებით ჩვენს გვერდით, რადგან არ მაინტერესებს, ვის უჭერდით მხარს წინა წლებში, მეც ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღეს ყველანი ერთად ვდგავართ სიმართლის მხარეს,“- მამუკა ხაზარაძე.
“ლელოს” გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ქართველ ხალხს პოლიტიკური ურჩხული ჰყავს დასამარცხებელი, რომელიც ქვეყანას განვითარებაში უშლის ხელს.
„30 წლის წინ, როდესაც მოვედი პოლიტიკაში, ძალიან დიდი ურჩხული გვყავდა დასამარცხებელი კომუნისტური წყობის სახით. ჩვენ ისინი დავამარცხეთ და მოვიპოვეთ თავისუფლება, თუმცა ვერ შევძელით, გავთავისუფლებულიყავით დრომოჭმული აზროვნებისაგან, რომელსც თავს გვახვევდნენ ჩვენი პოლიტიკოსები. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი გახდა. გვაგუებენ იმას, რომ ჩვენ ვართ დამარცხებული ქვეყანა და არ შეგვიძლია, განვვითარდეთ. დღესაც მსგავსი პოლიტიკური მონსტრი გვყავს დასამარცხებელი, მმართველი გუნდის სახით. უარი უნდა ვუთხრათ ტყუილზე აგებულ პოლიტიკას, ცრუ დაპირებებს და ამას აუცილებლად შევცვლით,“- ბადრი ჯაფარიძე.
აბაშაში რაიონული ორგანიზაციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა „ ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი ერი მმართველ გუნდს არ აპატიებს ქვეყნის უკუსვლას.
„ჩვენ არ ვაპატიებთ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომლებმაც იკადრეს და გვითხრეს, რომ ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეთ, იკადრეს და გვითხრეს, რომ ბავშვების შიმშილი, მოხუცების უიმედობა, განუვითარებლობა არის ნორმალური, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ნორმალური. ჩვენ დავრჩებით ჩვენს ქვეყანაში და მისი განვითარებისთვის ვიბრძოლებთ,“- გრიგოლ გეგელია.
„დღეს აქ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და ამ ბრძოლაში ყველანი ვერთიანდებით. საჭიროა, ქვეყანა ამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, სადაც მოქმედი ხელისუფლება ითრევს“,- ამ სიტყვებით წარსდგა აბაშის ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ სიტყვა ოცნებას ფასი დაუკარგა, ძარცვავენ სახელმწიფოს, ხაზინის ქურდებით გაივსო ხელისუფლება და ჩვენს ჯიბეში ხელებს აფათურებენ. თუმცა, მათ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ავიწყდებათ, რომ ქართველი ხალხი თავის ღირსებას არასდროს დათმობს და ყოველთვის იქნება თავის სამშობლოს სადარაჯოზე,“- თაზო დათუნაშვილი.
კომენტარები