თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა ცოტა ხნის წინ შსს დატოვეს.
ისინი მოითხოვენ პასუხებს კითხვებზე, რას უკავშირდება 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალება.
ამასთან ოჯახი კომპლექსური ექსპერტიზების დანიშვნას და მასალების გაცნობას ითხოვს.
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების განცხადებით, მათ შვილს კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე ჰქონდა კომპრომატები, რაც გოგონას გარდაცვალების მიზეზი გახდა.
“მქონდა ეჭვი, რომ ვიღაც ჩინოსნის ფაილებში შეაღწია ამ ბავშვმა, მაგრამ ჯგუფური თუ იქნებოდა, ეს ვერ წარმომედგინა. ეს 40 კილო კაფანდარა გოგოსთვის ნამეტანია. სამი გველეშაპი გაერთიანდა, გაიტყუეს და ისე მოიშორეს. შეეძლოთ დაეშინებინათ, მაგრამ ეცოცხლა ჩემ შვილს.
მე მინდა, რომ თამუნა გახდეს საქართველოში სამართლიანობის სიმბოლო, ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს და არ დავიხევ არცერთი წუთი უკან.
გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუკი პატივს დამდებს და შემხვდება. ამ კაცმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმე უნდა იყოს გამოძიებული და რას მეტყვის, მინდა უშუალოდ მისგან გავიგო,” -განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.
კომენტარები