ასეთი ვერაგობით და სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის, როგორც ქირურგი კოკა სულავა მოკლეს, საბჭოთა საქართველოში მკვლელს ხვრეტდნენ და სამართლიანადაც, ხოლო მკვლელობის ხელშემწყობს ციხეში აგზავნიდნენ. „დემოკრატიულ საქართველოში“ 8 წელს უსჯიან მკვლელს, იმის ნაცვლად, რომ უვადო პატიმრობით გაემწესებინათ ციხეში, ხოლო მკვლელობის ხელშემწყობს საერთოდ არიდებენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ჰოდა, ამის შემდეგ იტყვიან, რატომ ხდება ამდენი მკვლელობებიო. რატომ ხდება და სახელმწიფო ორგანოებმა თავად აქციეს ქვეყანა მკვლელების სათარეშოდ.
ამიტომ კლავენ დღისით, მზისით, ღამით, ხან დანით, ხან ცეცხლსასროლი იარაღით. როცა იარაღი არა აქვთ, ხელებით ახრჩობენ, ცემით კლავენ. სახელმწიფო ხელისუფლება კი თავისი ორგანოებით მკვლელების მფარველი და შემწყალებელი გახდა! ამიტომ მკვლელები ყველას ემუქრებიან და კიდევ უფრო საშიშნი მათი ხელის შემწყობები არიან, ყველაზე საშიშნი კი მკვლელების მფარველები არიან, რომლებიც არაადეკვატურ პასუხისმგებლობას აკისრებენ ამ უაღრესად საშიშ მტრებს. და ყველაზე მთავარი – შევარდნაძისგან მოყოლებული, სააკაშვილ-მარგველაშვილ-ზურაბიშვილით დამთავრებული, იმდენი მკვლელი შეიწყალეს (გადახედეთ სტატისტიკას), რომ მათგან „მკვლელების ლეგიონის“ ჩამოყალიბება შეიძლება.
რა მხედრიონი, რის მხედრიონი! აი, ყველაზე საშიში ძალა, რომელიც იქმნება და რომლის შექმნაც შეუძლიათ იმ ნეოფაშისტურ ძალებს, რომელთაც ახლა უნდათ „ოცნების“ რეჟიმის ჩანაცვლება. ყველა ფაშისტურ რეჟიმს აუცილებლად სჭირდება ტერორისტული აპარატი და ამ აპარატის დამრტყმელი ძალა გახდება „მკვლელების ლეგიონი“, რომელსაც ხელს უწყობს და ხელს აფარებს ოლიგარქიული რეჟიმის პროკურატურა და სასამართლო. საქართველოს პრეზიდენტები, შევარდნაძიდან დაწყებული, უკვე ათეული წლებია, როცა დასჭირდებათ, ნიანგის ცრემლებს ღვრიან მოკლულის ჭირისუფალთან, მიდიან და სამძიმრის თქმასაც კი არ ერიდებიან. ამ დროს, შეიძლება ამ საქმის უშუალო მონაწილეებიც იყვნენ და შემკვეთებიც, მაგრამ ისინი საქართველოს განიხილავენ, როგორც ძარცვისა და დამცირების ობიექტს.
„ალიას“ ერთ-ერთმა მკითხველმა დამირეკა და მითხრა, თქვენ მარტო უფლებადამცველი ჟურნალისტი კი არა, უფლებადამცველი პუბლიცისტი ხართო. იქნებ, სწორად შენიშნა, რადგან ბევრისგან განსხვავებით, მე მაქვს ერთი სიმართლე და ერთი ლოგიკა და ვხელმძღვანელობ ადამიანის უფლებების სოციალური კონცეფციით და ზოგიერთი უფლებადამცველისგან განსხვავებით, ორ სკამზე არ ვზივარ. ჰოდა, ყველამ კარგად გაიგოს, მკვლელების ციხეებიდან გამოშვების შესახებ ბრძანებები კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ის, რისთვისაც ეს სამყარო შეიქმნა, ეს იყო ადამიანი, თქვენ კი ამ მთავარს ანგრევთ, რადგან ვაიპრეზიდენტები ამ ბრძანებებს მორჩილად ასრულებთ! შემდეგ ქუჩებში ჯგუფ-ჯგუფად უშვებთ საშიშ მკვლელებს. ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა. აი, ასე იქმნება ფაშისტური რეჟიმის ფუნქციონირებისთვის საჭირო კადრები. აი, ამიტომ კლავენ და კლავენ ქვეყნისთვის ყველაზე საუკეთესო შვილებს. მე შემიძლია დიდი სია ჩამოვთვალო, მაგრამ არ დავემსგავსები იმ ტელეჟურნალისტებს, რომლებმაც ჩაიდინეს საშინელი ბოროტმოქმედება, როცა მამას პირდაპირ ეთერში მიახალეს, შენი ქალიშვილი მკვდარი იპოვესო და თავზარდაცემულ ადამიანს უკან მისდევდნენ კამერებით. მე ახლა ჩვენი ოჯახის პირად ტრაგედიაზე, ბურუსით მოცულ სისხლის სამართლის საქმეზე მოგახსენებთ, სადაც სასამართლო ხელისუფლება საშიში მკვლელის მხარეს დადგა!
2014 წლის 29 იანვარს დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან, ეზოში, დღისით, შვილის მოსანახულებლად მისულ კოკა სულავას, რომელსაც თავისი ხელით მომზადებული კერძი ჰქონდა შვილთან მიტანილი, სიმამრმა, ყოფილმა პოლიციელმა, 69 წლის ნახალოვკელმა ზარი ბაინდურაშვილმა (მეტსახელად მუდო) ვერაგულად, მიპარვით, ყიზილბაშურად, ალესილი დანით სასიცოცხლო არტერია გადაუჭრა, ხოლო მომაკვდავ კოკა სულავას, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, მისი ცოლყოფილი ექიმი ლელა ბაინდურაშვილი, შორიდან უყურებდა, როგორ იცლებოდა სისხლისგან მისი ყოფილი ქმარი და საკუთარი შვილის მამა კოკა სულავა.
კითხვას ვსვამ – ექიმი ანესთეზიოლოგი ლელა ბაინდურაშვილი, რომელიც ამ მკვლელობის ხელშემწყობი და წამქეზებელია, უნდა მუშაობდეს ისეთ სფეროში, სადაც მას ადამიანების სიცოცხლე აბარია? ის მაშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა ანესთეზიოლოგად. მწარე რეალობა იმასაც გვაფიქრებინებს, რომ ეს მკვლელობა წინასწარ იყო ჩაფიქრებული, რადგან კოკას ყოფილი ცოლი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ბავშვის სანახავად მისულს, სახლში სხვა პირები არ დახვედროდა, რათა მშვიდ გარემოში მოსიყვარულებოდა და დამშვიდებოდა მის შვილს, 3 წლის ანდრიას, რადგან ის მიწვევით მიდიოდა სამუშაოდ ავსტრიაში. ლელა ბაინდურაშვილმა კი დაახვედრა გავეშებული მამა.
კოკამ მაშინვე სახლიდან გაიყვანა ბავშვი და გაეცალა იქაურობას, მაგრამ ყოფილმა მილიციონერმა, „ნაძაღლარმა“, მკვლელმა, ვითომ სიმამრმა „მუდო“ ზარმა ბაინდურაშვილმა მამას გამოგლიჯა ხელიდან ისტერიკაში ჩავარდნილი ბავშვი და ძიძას მიუგდო, თვითონ კი დაემუქრა კოკას, ნახავ, რას გიზამო! თუ ეს მკვლელობა წინასწარ არ იყო ჩაფიქრებული, აბა, როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ბოროტმოქმედი მკვლელი კოკა სულავას მოსაკლავად საგანგებოდ შინ შესულა, სადაც მისი ექიმი შვილი სახლში იყო, რომელმაც მამა არ შეაჩერა.
თუ ალესილი დანა ხელში არ ჩაუდო, ის მაინც ხომ უნდა შეემჩნია, რას აკეთებდა ბოროტმოქმედი მამა. შევარდნაძის მილიციელი ცოფიანი ძაღლის მსგავსად, ვერაგულად მიეპარა ფიზიკურად კარგად მომზადებულ კარატისტს, კოკა სულავას, რომელიც ამ დროს შვილს ეფერებოდა. კოკა სპორტსმენი იყო და იმდენად ძლიერი იყო ფიზიკურად, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის მოსაკლავად დანის გამოსატანად წავიდოდა სახლში ვითომ სიმამრი. ამ ჯალათებმა ეს ყველაფერი პატარა ანდრიას თვალწინ ჩაიდინეს. როცა ანდრიას მამა მოუკლეს და როცა მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს, კოკა უკვე გარდაცვლილი იყო და პოლიცია ლელა ბაინდურაშვილს მაშინ დაადგა თავზე, როდესაც ის მკვლელ მამას ხელში ფულს უდებდა.
გამომძიებლის შეკითხვაზე, თუ რატომ აძლევდა ის ფულს მკვლელ მამას, მან უპასუხა, მას შევპირდი, ფეხსაცმელი უნდა ეყიდაო!!! საბედისწეროდ, აი, ასეთი მკვლელების ოჯახს გადაყარა კოკა სულავა განგებამ! მათი ქორწინება დიდხანს იყო სალაპარაკო სამედიცინო უნივერსიტეტში და ყველგან, სადაც კი კოკას იცნობდნენ, იმდენად შეუფერებელი წყვილი იყო და არა მხოლოდ ფიზიკურად, სულიერად და მორალურადაც. მალევე დაშორდა კოკა ცოლს, მაგრამ მიტოვებულმა ქალმა, როგორც ჩანს, გულში ბოროტება ჩაიდო. როდესაც ეს ისტორია მოვუყევი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, ერთმა ძველბერძნული ტრაგედიების კარგად მცოდნემ ლელა ბაინდურაშვილზე მითხრა, როგორ ჰგავს ბერძნული ტრაგედიების პერსონაჟ ქალებს, რომლებიც შვილებს და ქმრებსაც კი ხოცავდნენო.
პროკურორი დათო ნეფარიძე ცდილობდა საქმე სამართლიანად განხილულიყო, რის საშუალებასაც მას არ აძლევდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძე. ეს უკანასკნელი მთელი სასამართლო სხდომების განმავლობაში აშკარად ტენდენციური იყო. მკვლელს პატივისცემით მიმართავდა, – ხოლო მოკლული შვილის დედა სასამართლო დარბაზიდან ორჯერ გააძევა, ყველა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ააცილა ექიმ ლელა ბაინდურაშვილს, მტკიცებულებები გააქრო, საქმე ისე წარმოაჩინა, თითქოს თავად კოკას (შვილის სანახავად მისულ მამას) ჰქონდა მიტანილი დანა და მკვლელს მხოლოდ რაღაც საცოდავი რვა წელი მიუსაჯა, როდესაც მას უვადო პატიმრობა ეკუთვნოდა. დოლიძის ქუჩაზე მცხოვრები სრულიად უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, გიორგი ბ., რომელიც, როგორც თავად განაცხადა, სამსახურიდან დაბრუნებული ბავშვის განწირულმა კივილმა შეძრა და ასე აღმოჩნდა მკვლელობის ადგილზე, პროკურორის მიერ იყო გამოძახებული მოწმედ.
იგი ცდილობდა სინამდვილის ახსნას, მაგრამ მკვლელის ადვოკატმა ჯანგირაშვილმა მას არ მისცა ამის საშუალება. მწარე რეალობა გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს იყო არა სასამართლო, არამედ – მასკარადი, რომ მოსამართლე იყო მოსყიდული!
ამ მკვლელობის ხელისშეწყობისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა ლელა ბაინდურაშვილსაც, მაგრამ ის წყლიდან მშრალი ამოვიდა და, როგორც შევიტყვეთ, ამ საზარელი დანაშაულიდან მესამე დღეს სამსახურში გავიდა!
უკვე რამდენი წელი გავიდა კოკას მკვლელობიდან და კოკას მშობლებმა სულ ახლახან კიდევ მიიღეს ავსტრიის ერთ-ერთი ცნობილი კლინიკიდან სამუშაო მიწვევა კოკასთვის სისხლძარღვთა ქირურგიის განხრით. ზარი ბაინდურაშვილმა კოკა სულავა მარტო სულავების დიდ ოჯახს კი არ მოუკლა, არამედ მთელ ქვეყანას. საუბედუროდ, ჩვენმა მართლმსაჯულებამ, როგორც აღვნიშნე, ყველა მტკიცებულება გააქრო. ამ საქმის ოქროს მოწმეს – ბავშვის ძიძას ჩვენება შეაცვლევინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლო სხდომები განზრახ მკვლელობის მუხლით კი არა, შემამსუბუქებელი გარემოებებით წაიყვანა. უკვე 6 წელი გავიდა ამ მკვლელობიდან და დედის ოჯახმა პატარა ანდრია კიდევ ერთი ტკივილისთვის გაიმეტეს, გვარი გამოუცვალეს და მკვლელი პაპის გვარი მისცეს, მაგრამ ლელა ბაინდურაშვილი შვილს სისხლს ხომ ვერ გამოუცვლის, მის ძარღვებში ხომ კოკა სულავას გენი, ჯიში და კოდი დევს. ღმერთმა ქნას, მისი მამის სახელოვანი წინაპრების გზას გაყვეს და არა მკვლელი პაპისა და მკვლელობის ხელშემწყობი დედის გზას, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ჩასაფიქრებელია ანდრია სულავას მომავალი.
ანდრია სულავა სიმართლეს გაიგებს, რომ მისმა პაპამ, ზარი მუდო ბაინდურაშვილმა, სახელოვანი მამა მოუკლა და ბოროტმოქმედმა ის ალესილი დანა იმ სახლიდან გაიტანა, სადაც მისი დედა იყო. მაშინ რას გააკეთებს ანდრია სულავა? საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, ვინ იყო კოკა სულავა. ის მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება იყო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულსისხლძარღვთა სისტემის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატურა დაამთავრა. იმავე კლინიკაში დარჩენა შესთავაზა მსოფლიოში ცნობილმა კარდიოლოგმა ლეო ბოკერიამ. მაგრამ კოკამ სამშობლოში დაბრუნება არჩია, თუმცა სულ მალე ავსტრიაში, ქალაქ ზაალბურგის ცნობილ კლინიკაში მიიწვიეს, სადაც წარჩინებით დაამთავრა ასპირანტურა.
მას სოლიდური სამსახურიც შესთავაზეს, მაგრამ შვილის სიყვარულმა თბილისში ჩამოიყვანა, სადაც მკვლელმა სიმამრმა სიცოცხლე მოუსწრაფა. კოკა სულავა მარტო ექიმი არ გახლდათ, მან 1998 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის ტელე-სარეჟისორო ფაკულტეტი. ის ასევე იყო ანსამბლ „ფესვების“ წამყვანი სოლისტი დღიდან დაარსებისა. აი, რას მიამბობს ანსამბლ „ფესვების“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი დავით უზნაძე: „კოკა სულავას განსაკუთრებულ თვისებებსა და მრავალმხრივ ნიჭიერებაზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. ის საქართველოს მოუკლეს. კოკა ჩემი ოჯახის წევრად მიმაჩნდა, იმდენად სანდო და პატიოსანი ადამიანი იყო. მას ჰქონდა საოცარი ხმა და მისი ნამღერი მრავალჟამიერი და მეგრული სიმღერები განუმეორებელია. რა ძნელია იმის დაჯერება, რომ ასეთი გულმართალი, ვაჟკაცი და ლამაზი კოკა სასტიკმა მკვლელმა ასე გაიმეტა. ამ უმძიმეს ცოდვას მკვლელი ვერ წაუვა“, – ცრემლით დაასრულა დავით ნოზაძემ საუბარი.
კოკა სულავა ასევე იყო სპორტსმენი ცხენით ჯირითობაში, ფლობდა რამდენიმე ენას. აი, ასე უაღრესად პატიოსან, ალალ და ვაჟკაც ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე ზარი მუდო ბაინდურაშვილმა, რომელმაც ეს დანაშაული განზრახ ჩაიდინა. ის 2 წლის შემდეგ დატოვებს ციხეს. შეიძლება, ამნისტიითაც დატოვოს მანამდე. ის საშიში მკვლელია, რომელიც მზად არის კიდევ ახალი დანაშაული ჩაიდინოს. ამ თემაზე კომენტარი ვთხოვე ცნობილ იურისტს, პროფესორს და ადვოკატს თემურ გოქსაძეს: „ეს პრობლემა გაცილებით უფრო სიღრმისეულია, ვიდრე ნებისმიერი კონკრეტული ფაქტი… ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გაუკუღმართებული ბრძოლა მიდის დღეს ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად, ადამიანის ღირსებებისა და სულიერი ღირებულებების საწინააღმდეგო ძალადობები და არ უნდა გვიკვირდეს, ჩვენს გარშემო რომ დაიწყო კონფლიქტები და მკვლელობები.
ბავშვის თვალწინ ჩადენილი ნებისმიერი სისასტიკე და შემდგომში უსამართლო განაჩენები აუცილებლად წარმოშობენ პროტესტის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის უკიდურესსაც. სიცოცხლის მოსპობის ფაქტებსაც. ამ პროცესის შეჩერების ერთადერთი გზა არის სამართლიანობის განცდის დამკვიდრება, რომელიც აღარ არსებობს ჩვენს ქვეყანაში და, ჩემი ღრმა რწმენით, შეგნებულად უწყობენ ხელს ამ ყველაფერს.
რაც შეეხება კოკა სულავას ტრაგედიას, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს არ ვიცნობ დეტალებში, აშკარაა, რომ განაჩენი სამართლიანი არ არის. მკვლელობების მცდელობებზეც კი ამაზე მეტი სასჯელი ფორმდება, ხოლო თუ ვინმე თანამონაწილე იყო, ეს გამოძიების არასწორი წარმართვის მოქმედების შედეგია და ყველაზე მთავარი, ექიმის მხრიდან ნებისმიერი პირის განსაცდელში მიტოვება, თან მცირეწლოვანი შვილის თვალწინ რაც მოხდა, ეს დასჯადია და შეუძლებელია, ნორმალურ ადამიანს ამაზე რეაქცია არ ჰქონდეს. ემოციური ინტელექტის კანონზომიერებიდან გამომდინარე და ასევე, თუ ქართულ ტრადიციულ მაღალ ღირებულებებს გავითვალისწინებთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამიზნულად, დემონსტრაციულად გვარის შეცვლამ მძიმე დაღი შეიძლება დაასვას ნებისმიერი ფსიქიკის და, მითუმეტეს, მოზარდი ბიჭის ფსიქიკას. ქართული სამართლის ფუძემდებელმა ვახტანგ მეექვსემ ბრძანა, „უსამართლობა ორივე სოფელში საშინელებაა და კაცთა უძეოდ გარდაავლინებსო“.
29 ივლისს კოკას დაბადების დღეა. კოკას მშობლებს და ახლო ნათესავებს კი საუკუნო გლოვა აქვთ გამოცხადებული. ნეტა, რას ფიქრობენ მამა-შვილი ბაინდურაშვილები, აცნობიერებენ, რა დიდი ცოდვა აწევთ კისერზე, რომელსაც ვერასოდეს ჩამოირეცხავენ?!
ნანა სულავა, ალია №27
კომენტარები