„ალია“ ესაუბრება, რეჟისორს, ბექა რამიშვილს.
-მაჟორიტარების კანდიდატების სია გაგვაცნო „ოცნებამ“, სადაც დაპირებული ახალი სახეები, ვერ ვნახეთ, გვპირდებიან, რომ პარტიულ სიაში ვნახავთ ახალ სახეებს, რას ელოდები, პარტიული სიიდან და რას ფიქრობ მაჟორიტარების კანდიდატებზე?
-საერთოდ არაფერს ველოდები და საერთოდ არაფერს ვფიქრობ, სიმართლე რომ გითხრა. როცა „ოცნება“ ავირჩიეთ“, ჩვენი მთავარი მესიჯი და მოთხოვნა იყო, ყველა ის ადამიანი, რომელიც იმ 9 წლის მანძილზე დანაშაულებებს სჩადიოდნენ, უნდა დასჯილიყვნენ. ფაქტია, რომ ჩვენ ეს ვერ მივიღეთ და ამის ნაცვლად გვაქვს ყბადაღებული კოჰაბიტაცია, რომელსაც ხან ვის აბრალებენ და ხან ვის. „იმათ მოგვახვიეს თავს, ჩვენ რა შუაში ვართ“ – გვეუბნებიან და ამასობაში თავად მშვენივრად აგრძელებენ ერთმანეთთან ჩახუტობანას. არავინ დასჯილა, არავის უგია პასუხი და ყოველი არჩევნების წინ ახსენდებათ, რომ თურმე, ნაცები ხიხიები არიან და ჯგუფებს ქმნიან „არანაცებს“, „დავამთავროთ ნაცები“, „ერთხელ და სამუდამოდ დავასამაროთ ნაცები“ და ა. შ. გაიხედავ და მეორე დღეს ისევ იქ არიან! ირმა ინაშვილმა კანონპროექტი რომ შეიტანა, ნაციონალური მოძრაობა დამნაშავე პარტიად გამოვაცხადოთო, „ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.
-მხარი რომ დაეჭირათ, თაროდან საქმეებიც უნდა ჩამოეღოთ და არ უნდათ…
-კი, მაგაშია თავი და თავი, არც ერთი საქმე არ არის ბოლომდე მიყვანილი. დღეს რომ ვიღაცები გამოდიან და ნაცებზე „მსჯელობენ“, თავად წარმოადგენდნენ მაღალ-მაღალ ჩინებს იგივე პროკურატურაში და თავად შემოდეს თაროზე საქმეები. ჩვენ გვახსენებენ, ხალხს, რომ „ნაცები“ დამნაშავეები არიან – ვიცით, ბატონო, ვიცით. მე რომ მეუბნებით, ნაცები არიან დამნაშავეებიო, მე ვიცი, ვიცი, მერე? – შენ ხარ მთავრობაში, ხელისუფლებაში და მე რა ვქნა, წავიდე, ვესროლო, აგური ჩავარტყა, თუ რა? სიტყვიერად რომ ვიტყვით რამეს, ისევ ჩვენ გვიჭერთ და გვსჯით და აზრი? იქეთ ამუნათებენ ხალხს, რომ იცი რაა, როგორ შეარჩინეთ, ხალხმაო… ხალხს თუ სთხოვ, მაშინ გამოდის, რომ ხალხი უნდა აჯანყდეს, იარაღი აიღოს, სროლები დაიწყოს ქუჩაში, ვიღაცები ჩახოცოს, ვიღაცებს პასუხი მოსთხოვოს, როგორც მოსათხოვია და რა – ველური დასავლეთია? სახელმწიფო იმისთვისაა და კანონები იმიტომ გვაქვს, რომ კანონიერად უნდა დასაჯონ ის ადამიანები, ვინც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა. წლობით ელოდებიან დაზარალებულები შეტანილი სარჩელების განხილვას. პირადად ჩემთვის, არც არის საკმარისი ის, რომ ვიღაც გამოვიდეს და თავის კონკრეტულ მწამებელს ესროლოს, ეს იქნება ერთი ადამიანის ერთი ვენდეტა – სახელმწიფო ასე არ შენდება.
-სხვა დაპირებებიც იყო, ბექა, ასი ქარხანა, მილიონები სოფლებს და ა. შ.
-სიმართლე გითხრა, ჩემთვის ამ ეტაპზე, ყველა ის დაპირება მეათასეხარისხოვანია. როცა სახელმწიფო ჩინოსანი დანაშაულს ჩადის სახელმწიფოს სახელით და მოქალაქეს ანადგურებს სახელმწიფოს სახელით, ის თუ დაუსჯელი დარჩება, შემდეგ მთავრობას, ვინც უნდა მოვიდეს, ექნება ეს დაუსჯელობის სინდრომი და იგივეს გააკეთებს. სახელმწიფო არის დაფუძნებული კანონზე და სამართალზე, შენ თუ ხელისგულზე დადებული საქმეების გამო სახელმწიფო დამნაშავეებს არ დასჯი, ის სხვა დანარჩენი, გაზი, წყალი, პური – მეათასეხარისხოვანია. ამ ადამიანებს, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს და ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულებები, სახელმწიფო ღალატი აქვთ ჩადენილი, მიწებია გასხვისებული, ხელშეკრულებებია გაფორმებული უცხო, მტერ ქვეყნებთან, რუსეთთან ისეთი ხელშეკრულებებია გაფორმებული, არავინ იცის, როდის რა წამოტივტივდება. საზღვრებს რომ გვიწევენ რუსები გამალებულები, თან ყოველთვის იმ დროს, „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველაზე მეტად რომ უჭირს, როგორ ფიქრობთ, რა საზღვრებს წევენ? სადმე შემოდიან და სხვის ეზოში შემოდიან, გგონიათ? – არა, გენაცვალე, ამათ რაცა აქვთ ხელი მოწერილი, რა საზღვრებზე აქვთ ხელი მოწერილი, იმ საზღვრებს აკეთებენ, აი, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება.
-მაშინ უნდა მაჩვენონ ეგ ხელშეკრულება, ვინ მოაწერა, რაზე მოაწერა…
-ეს არის ყველაზე საინტერესო, ასეთ სიტუაციაში სპეციალურად იგდებენ თავს, თორემ, „ოცნებას“ რომ არ ექნება არაფერზე ხელი მოწერილი, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ ყველაფერი ის, რასაც რუსები აკეთებენ, ნაცების პერიოდში დაწყებულის გაგრძელებაა, „ოცნებამ“ მერე ხელი აღარ შეუშალა და აღარაფერი გააკეთა, ესაა ყველაზე აღმაშფოთებელი.
-ვის მიეცი ხმა 2012 და 2016 წლის არჩევნებში?
-2012 წელს “ოცნებას“ მივეცი ხმა და 2016 წელს საერთოდ არ წავსულვარ არჩევნებზე.
-წელს წახვალ?
-არა! 8 წელია ტიპები არიან ხელისუფლებაში და ერთი საქმე ვერ ვნახე გამოძიებული. ნიკა გვარამია რომ ქუჩაში დადის დაუსჯელი და აქეთ თითს მიქნევს და სიბინძურეებს აკეთებს, ამის შემდეგ ვის უნდა მივცე ხმა? ამდენი სისაზიზღრის დაბრალება რომ შეუძლიათ აქეთ დღეს და რეაგირება არავის აქვს, ვის უნდა მივცე ხმა? პიტბულმა რომ ქალი დაგლიჯა, იმაზეც იტყოდნენ, ბერას ახლობლის ძაღლიაო… არ დასცალდათ უბრალოდ…
-ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღო სახელმწიფოს მართვა, ამიტომ მიდის ყველა ისარი მისკენ.
-კი, იძახის და არ აკეთებს ეს კაცი, დავიღალეთ, გააკეთა რამე?
-ობიექტურობისთვის ბევრს ჩამოგითვლი – სამებიდან დავიწყებ, მის მიერ დაფინანსებულ უამრავ პროექტს გაგახსენებ, მსახიობებისა და ბევრი სხვა პროფესიის ადამიანების წლობით დახმარებითა და დენდროლოგიური პარკით დასრულებული…
-დენდროლოგიური პარკი კარგია, ის დაფინანსებული მსახიობებიც კარგია, სამება რა თქმა უნდა, კარგია და კარგია. მე სულ სხვა რამეს ვთხოვ, სულ სხვა რამისთვის ავირჩიე ეს კაცი და დენდროლოგიური პარკი ისე გაეკეთებინა, რაღას მოდიოდა ხელისუფლებაში? დაუშალა ვინმემ? ფაქტია, ეს ადამიანი რომ არა, ბევრი შიმშილით მოკვდებოდა, ხო? ღმერთმა გაუმარჯოს, რასაც კარგს გააკეთებს, არავინ ამბობს, კარგი არ გაუკეთებიაო, რაც მთავარია და რაც ჩემს სახელმწიფოს წაადგება, ის არ კეთდება… თორემ, 1998 წლიდან მე რაც მახსოვს, თეატრებში, უბრალო გამნათებელსაც კი ეგ უხდიდა ხელფასს, 50 ლარი ჰქონდა გამნათებელს ხელფასი და 100 ლარს ივანიშვილი უმატებდა. ხომ ვერავინ იტყვის, რომ მაშინ ამას იმიტომ აკეთებდა რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულიყო. თან არც არავინ იცოდა მაშინ მისი ქველმოქმედების შესახებ.
-ამ არჩევნებზე გვეგონა, რომ „ბუა მიშა ჩამოდის“ – აღარ იმუშავებდა, რადგან სააკაშვილი უკრაინაში დასაქმდა, თუმცა, მიშამ მაინც გააკეთა განცხადებები, რომ 2020 წლის არჩევნებზე ქართველ ხალხთან ერთად იქნება და შესაბამისად, „ბუა მიშა ჩამოდის“ ისევ აქტუალური სლოგანი იქნება.
-ყველა მათი გამოხდომა, „ოცნების“ რეიტინგს ზემოთ სწევს… დაახლოებით, როგორი შთაბეჭდილება მრჩება, იცი? „ნაცები“ მუშაობენ „ოცნების“ რეიტინგზე და რუსები მუშაობენ „ნაცების“ რეიტინგზე. „ნაცებს“ რომ ძალიან გაუჭირდებათ, გამოხტებიან რუსები და რაღაცა #ლეობას იზამენ, ან საზღვრებს გადმოწევენ, ან ლავროვი თითს დაგვიქნევს… და ეგრევე აიწევს „ნაცების“ რეიტინგი. მერე დაიწევს „ოცნების“ რეიტინგი და გამოხტებიან „ნაცები“ და ისინიც რაღაცა #ლეობას გააკეთებენ და იზამენ და აიწევს „ოცნების“ რეიტინგი და ესე….
-დიდი ბოდიში, მაგრამ რუსების რეიტინგზე რომ „ოცნების“ წევრები ზრუნავენ, ეგ არ არის მაგ წრეში?
-რუსების რეიტინგზე მარტო „ოცნების“ წევრები არ ზრუნავენ, პირველ რიგში, რუსების რეიტინგზე ზრუნავენ ის ვითომ პროდასავლური და ლიბერალური ტიპები, რომლებიც ვითომ დასავლურ ღირებულებებზე და ცივილურობაზე გვესაუბრებიან. საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლებისთვისაც სრულიად მიუღებელია, ის მარაზმი იდეოლოგია და ვითომ ლიბერალური ღირებულებები, რომ ადამიანი მექანიკურად, გაუთვითცნობიერებლად იწევენ იქეთკენ სადაც ჰგონიათ რომ ეს მიუღებელია, ანუ რუსეთისკენ. არადა, სინამდვილეში, ეს მარაზმი, რასაც ესენი დასავლურ ღირებულებებს ეძახიან, დასავლეთშიც კი მიუღებელია.
-მაგალითად?
კანონი რომ მიიღეს, კვოტით ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს სიაშიო, ეს ქალების შეურაცხყოფა არ არის? არ უნდა იქნება ადამიანს პოლიტიკური საქმიანობა, ახლა პარტია იძულებულია, ყოველი მეოთხე ქალი ჩასვას სიაში… რამდენი პარტიაა ოფიციალურად დარეგისტრირებული, სიაში ყველა მეოთხე ხომ ქალი უნდა იყოს? წარმოიდგინე, რამდენი ქალი პოლიტიკოსი უნდა გვყავდეს. შენთან უნდა მოვიდეს შენი ახლობელი, რომელსაც პარტია აქვს გთხოვოს და აუ, თამო გეხვეწები რა, ჩაგსვამ რა მერვე ნომრად რა, გთხოვ რა, თორემ, პარტიას დაენ#რევა რა… რამდენი ასე შეეხვეწება და რამდენი ასე ძალით გაეჩხირება. მეორე მომენტია, თუ სავალდებულოა კვოტით პარლამენტში მოხვედრა, მაშინ რატომ არ არის სავალდებულო ჯარში ქალების გაწვევა? თუ გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობთ.
-პარლამენტი არ მეყო, ახლა ჯარში რომ მიწვევ? არ მინდა!
-თუ შენ აწვები გენდერულ თანასწორობას და იძულების წესით ავალდებულებ პარტიებს, რომ ყოველი მეოთხე ყავდეს ქალი, მაშინ გავითვალისწინოთ გენდერული თანასწორობა ჯარში. ეს არის სრულიად ლოგიკური მიდგომა. ზოგადად საქართველოში არავისი უფლებები არ ირღვეოდა, კონკრეტული ადამიანების უფლებები ირღვეოდა და ირღვევა, მაგრამ გამორჩეულად რომ აი, ქალების უფლებები ირღვევა, ეს არის გრანტებისთვის მოგონილი. ვნახოთ, რა ხდება ევროპაში, ამერიკაში, დღე არ გავა ვიღაცამ ცოლი არ მოკლას, შვილი არ მოკლავს. ვინმე ამბობს, იმიტომ მოკლეს, რომ ქალი იყოო? აქ საკმარისია დანაშაული მოხდეს, აი, ქალებს რას გვიშვრებიან… ბიჭო, კაცებს რომ კლავენ, კაცებს რას გვიშვრებიან? მკვლელობები ყველგან ხდება, მაგრამ როცა კონკრეტული ნიშნით აშუქებ და ამბობ, რომ მოკლეს, რადგან ქალი იყო, ეს ისევ იგივე ქალის უფლებების დარღვევაა, ჩემი აზრით. ერთ ისტორიას მოვყვები, ვიღაცამ სცემა ჰომოსექსუალი, ატყდა ამბავი, აი, ეს იმიტომ გალახეს, რომ სექსუალური უმცირესობაა, დაგვიჩაგრეს… გამოვიდა გოგო და თქვა, ბავშვობიდან ვიცნობ ამ ბიჭს, ჩემი სახელით აქვს ფეისბუქ პროფილი გაკეთებულიო, ჩემი ფოტოები უდევს და მიწერ-მოწერები აქვს ტიპებთან და კერავს, ეჩალიჩებაო. ქუჩაშიც მოსულა ვიღაცა და ხელი #რაკზე წამოურტყავს, გუშინ რომ მწერდი და რაღაცა ფოტოებს მიგზავნიდიო… ჭკუიდან გადამიყვანა, წლებია ასე გრძელდებაო… ხოდა, ასე ვიღაცა ტიპი დაკერა, ამ გოგოს პროფილით, წავიდა შეხვედრაზე, იმას ეგონა, რომ ქალთან მიდიოდა, დახვდა ეს და გალახა…
ყველაზე საინტერესო რა არის, იცი? ამ გოგოს გადაუარა ყველამ, ჩაქოლეს. როგორ გაბედე და ასეთი რაღაცა თქვი ჰომოსექსუალ ადამიანზეო, აი, ამ ვითომ ქალთა უფლებების დამცველებმა. რატომ, ის გოგო არ იყო ქალი? ან, ახლა წინა კვირაში რომ ქალმა ქალი მოკლა და ყველა გაჩუმდა, ახლა არაა ის მოკლული ქალი? დავიწყოთ ახლა, რას უშვრებიან ქალებს ქალები? რატომ არიან ახლა ქალთა უფლებადამცველები ჩუმად? ქალის მიერ მოკლული ქალის დაცვა არ არის სარფიანი? ისე, თუ დააკვირდით, ახლა ამ პანდემიის პერიოდში რომ არც ტრანსგენდერი და არც ჰომოსექსუალი რომ არავის უცემია? – გითხრათ რატომ? – არც ერთი ქვეყანა არ იღებს ლტოლვილებს ახლა. ეს იყო ამის თავი და თავი, მეტი არაფერი. სხვა ყველაფერი ძალით აგორებულია, ფულის საშოვნელად.
კიდევ ერთი მაგალითი, გამოდიან და მეუბნებიან, აი, რა საჭიროა ქორწინება… ოჯახის ინსტიტუტი არაფერი არ არის, პირობითია, ფურცელში ჩარტყმული „შტამპია“ – თუ მართლა ასეა, შენ რაღატო გინდა ოჯახის შექმნა, ქმარი და ცოლი. მე რატომ მასწავლი და მინერგავ, რომ ოჯახი არაფერი არ არის? ასეთი მაგალითია უამრავი, რასაც დასავლურ ფასეულობებს მიაწერენ, სინამდვილეში, ამ უაზრო ვითომ ლიბერალიზმით, რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს.
-არჩევნებს დავუბრუნდეთ და რა შეიძლება „ოცნებამ“ შეცვალოს წინასაარჩევნოდ?
-ის ადამიანები, რომლებიც, რაღაცა დოზითაც რაღაცას წარმოადგენდნენ ნაციონალების დროს, თუნდაც პატარა თანამდებობა ჰქონდათ და დღეს ჰყავთ თავიანთ რიგებში – როგორც ბიძინა ამბობდა, გამოსწორდნენ და სახელმწიფოებრივად დაიწყეს აზროვნებაო“, აი, ეს ხალხი მოიშორონ რაც შეიძლება მალე გვერდიდან და მიმოიხედონ, არიან პროფესიონალები, რომლებსაც მართლა გული შესტკივათ ამ ქვეყნის განვითარებაზე. ეს პორტირებული ადამიანები, საკუთარ ძმაკაცებს და ოჯახის წევრებს უღებდნენ ფარულ ვიდეოებს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ადამიანებზე ნაციონალებს არა აქვთ კომპრომატები? ვინ რა იცის როდის რას წამოუტივტივებენ და როდის რას გააკეთებინებენ. ფარული პირადი ცხოვრება შეიძლება გვქონდეს ჩვენ, მაგრამ სახელმწიფო მოხელემ, შენი პირადი ცხოვრება, კეთილი უნდა ინებო და განზე გადადო. ან თუ ვერ დებ გვერდზე და გამოგიჭირეს, უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე. როცა შენი პირადი ცხოვრება მე მაზარალებს, ეს ვეღარ იქნება უკვე პირადი ცხოვრება.
-რას ელოდები ამ არჩევნებისგან?
არაფერსაც არ ველოდები, იგივე იქნება ისევ, ოცნება და ნაცები, ასე გაგრძელდება სანამ ხალხი აზრზე არ მოვა და არ მიხვდება იმას, რომ ხალხი არის ხელისუფლების დამქირავებელი. ხალხმა უნდა ისწავლოს თავისი უფლებების დაცვა, ერთი კაცის ჭკუაზე, ერთი პარტიის ჭკუაზე არ უნდა წყდებოდეს არაფერი, ისე უნდა წყდებოდეს, როგორც ხალხს და საზოგადოებას უნდა. სანამ ამას არ მივხვდებით, ამ წრეზე ვიტრიალებთ. საზოგადოება უნდა გაიზარდოს და გაიზრდება კიდეც, ეს გარდაუვალი პროცესია. მეტიც, საზოგადოება უკვე საკმაოდ გაიზარდა, თუნდაც ის, რომ 2012 წელს არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება – ესეც საზოგადოების გაზრდაზე მეტყველებს. თუნდაც დღეს რომ ოცნება ვერ ბედავ იმას, რასაც ბედავდნენ ნაციონალები – ეგაც გაზრდილი საზოგადოების შედეგია. ოცნება განა იმიტომ ვერ ბედავს, რომ კაი ტიპები არიან, არა, საზოგადოება არ აძლევს მათ ამის უფლებას.
-მძიმე წელი გვიდგას და როგორც ჩანს, კიდევ უფრო მძიმე იქნება, ტურისტი ვერ გვეყოლება, შემოსავალი შემცირდა, ფასებმა იმატა და ამას დამატებული არჩევნები. ელოდები, ხმაურიან პროცესებს შემოდგომაზე?
-სავარაუდოდ, ძალიან მძიმე წელი იქნება, კი, მაგრამ, მგონია, რომ არჩევნები უხმაუროდ ჩაივლის, საზოგადოებას ფიზიკურად არ ექნება მაგის თავი, საზოგადოება გადასული იქნება თავის გადარჩენაზე, რომ შიმშილით არ მოკვდეს. მალე ბანკები იმ გადავადებულ პროცენტებს მოითხოვენ, ემიგრანტები გზავნილებს ვეღარ აგზავნიან, ხალხს შემოსავალი აღარ რჩება.
-საზოგადოების ნაწილს, ალბათ შენც, რატომღაც სირცხვილად მიაჩნია იმაზე საუბარი, რომ ხალხს შია, რომ ხალხი შეიძლება დაიხოცოს შიმშილით, რომ მალე პურის ფულიც აღარ ექნებათ და ამბობთ, რომ სამართლიანობა ყველაზე მთავარია. კი ბატონო, ყველაზე მთავარია, მაგრამ 8 წელი გავიდა, ვერ აღდგა სამართლიანობა და კიდევ რამდენი წელი უნდა ველოდოთ, ვინ იცის – მე კი დღეს, შეიძლება, შვილი დამეღუპოს შიმშილით…
-არა, სირცხვილი არაფერ შუაშია, ესენი ყველაფერი არის ერთმანეთზე მიბმული, არ იქნება სამართალი, იქნება ყოველთვის შიმშილი. იქიდან იწყება ყველაფერი. დამნაშავე ხელისუფლება, ან დამნაშავეების მფარველი ხელისუფლება, კეთილდღეობას ვერ შეგიქმნის. ეკონომიკის თვალსაზრისით, ნაციონალების დროს, ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო და მეტ-ნაკლებად გაჩნდა საშუალო ფენა, მაგრამ – აზრი? როგორც კი ჩამოიშალა ნაციონალური სისტემა, ეს საშუალო ფენა ეგრევე გაქრა, დამოკიდებულები იყვნენ იმათ გადმოგდებულ სამსახურებზე და იმიტომ. იგივე მომენტი იყო ახლაც, რაღაცაზე დამოკიდებული საზოგადოება და ხელისუფლების ერთი პატარა ნაბიჯი და დარჩა ყველაფერი უკან. კარგი გავამართლებ პანდემიით და შემდეგ? სწორედ ამიტომ ვითხოვთ სამართალს, რომ სამართალზე, კანონზე დაფუძნებულ ქვეყანას აქვს მხოლოდ სწორი განვითარების შანსი, მხოლოდ სამართლიან ხელისუფლებას შეუძლია ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნვა.
თამო კეშელავა, ალია №27
კომენტარები