გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპის სკანირების შედეგად არ აღმოჩნდა. მისი თქმით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპში სკანირების შედეგად აღმოჩენილია სისტემური და მომხმარებლის 193 896 ფოტო და 480 ვიდეომასალა. მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს ლეპტოპით არის შესული 18 ივლისს, 10:02 საათზე:
„ვერაფერი მოვიძიე. არის იუთუბზე შესული, კინოები აქვს ნანახი. სხვაგვარი ფაილები, არ არსებობს.
ექსპერტიზისთვის დასმული კითხვები იყო: 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის” მარკის ლეპტოპიდან მოხდეს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა, კერძოდ, სოციალურ ქსელებში „ფეისბუკიდან“, „მესენჯერიდან“, „ვოთსაფიდან“, „ინსტაგრამიდან“, „სკაიპიდან“ და ა.შ არსებული საკონტაქტო ინფორმაციული საკომუნიკაციო ზარების ამსახველი ინფორმაცია და გავრცელებული მიმოწერა.
2. ლეპტოპში აღდგენილი და ამოღებული იქნას დანაშაულთან დაკავშირებული შემცველი ფოტო და ვიდეო ფაილები, მათი გადაღების თარიღების მიხედვით, იყო თუ არა აღნიშნული ფაილები გაგზავნილი სოციალურ ქსელში.
3. ლეპტოპში აღდგენილი და ამოღებული იქნას ვებგვერდებზე შესვლის ისტორიები.
ექსპერტიზამ დაადგინა შემდეგი, რომ მიმოწერის პროგრამები არ იყო ლოკალურად დაყენებული კომპიუტერში. აღმოჩნდა გაურკვეველი ყვავილებისა და პეიზაჟების ფოტოები. იცით როგორი ასოციაცია დამრჩა? რომ ეს არათუ პროგრამისტის და არათუ კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპია, ეს არის ძალიან ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის ლეპტოპი.
მგონი, მე უკეთესი პერსონალური კომპიუტერი მაქვს, მეტად სამუშაო პროცესში მყოფი, უფრო ბევრი ფაილებით დატვირთული, უფრო მეტი ინფორმაციის მქონე, ვიდრე თამუნას პერსონალური კომპიუტერია“
კომენტარები