თაღლითობა არ „პრავდება“! თაღლითი ყველა ხელისუფლების დროს თაღლითია! ამის დასტურია ანზორ ქოქოლაძის ამბავი, რომელიც ბნელ ოთახში შავ კატას ეძებს. მისი ბიზნეს-ისტორია 1996 წელს, მშობლიურ ბათუმში, აუდიო და ვიდეო კასეტების გაყიდვით დაიწყო. მან ბათუმის ბაზრობაზე მაღაზია გახსნა და „ელიტ-ელექტრონიქსი“ დაარქვა. ქოქოლაძის ავბედით ისტორიასაც დასაბამი მიეცა. საქართველოს მასშტაბით, მაღაზიების ფილიალები, მისი ფინანსური მოგების პარალელურად იზრდებოდა. საკითხავია, რის ხარჯზე?! არქივში ვკითხულობთ: „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ელიტ–ელექტრონიქსის” ყოფილი დირექტორი დააკავა. ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქოქოლაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლებაში ედება ბრალი: „(ქოქოლაძემ) 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგებების საფუძველზე, თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას“.
პატიმრობაში მყოფმა ქოქოლაძემ ამ ფაქტს პოლიტიკური სარჩული დაუდო და აცხადებდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი იყო. თუმცა, აქ საინტერესოა, ერთი დეტალი: უკვე ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, 2014 წელს, 2007 წელს აღმოჩენილი დარღვევების გამო, „ელიტელექტრონიქსს” (ახალ მფლობელს) დააკისრა დამატებით 6 მლნ ლარის გადახდა! რას ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლების ახირება კი არ იყო, ქოქოლაძის თაღლითობა „ოცნების“ ხელისუფლებამაც ვერ „გააპრავა“. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას – სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობა რეკეტიორობას ნიშნავს და არა – ბიზნესმენობას!
ანზორ ქოქოლაძე „ელიტ-ელექტრონიქსის“ პარალელურად, ქმნის და აძლიერებს იდენტურ სავაჭრო ქსელს, სახელწოდებით „ტექნო-ბუმი“. ისმის კითხვა, როცა ოთხი ბანკი ცდილობდა „ელიტ-ელექტრონიქსის” პრობლემების მოგვარებას, ანზორ ქოქოლაძე ფულს რატომ რიცხავდა თავისი დის კომპანიაში და რატომ იწყებდა ზუსტად იგივე პროფილის ბიზნესს?!
ფაქტია, რომ ქოქოლაძემ ზუსტად იცოდა, რაც მოჰყვებოდა სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და ე.წ. პარაშუტი გაიკეთა. ეგონა, რომ თავი დაიზღვია და ისევ გაკოტრების გზას მიმართა, რადგან აპრობირებული სქემა მისთვის ფინანსური სარგებლის მომტანი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, 2019 წელს ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა შპს „ტექნო ბუმმა“, სასამართლოს მიმართა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
აი, რას ჰყვება ანზორ ქოქოლაძის ყოფილი პარტნიორი აჭარიდან, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა:
„აღსანიშნავია რომ თიბისი ბანკმა თავის დროზე დიდი რაოდენობის სესხი დაუმტკიცა ქოქოლაძეს. თუმცა, „გაკოტრებული“ მაღაზიათა ქსელი ვეღარ იხდიდა ყოველთვიურად დაკისრებულ თანხას. ბანკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეღავათს უწევდა, თუმცა, თანხის გადაუხდელობის გამო, იძულებული გახდა გაეყიდა კომპანია იმაზე ბევრად იაფად, ვიდრე ქოქოლაძეს ჰქონდა თანხა წაღებული. ამიტომ მას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთანაც სახელი გაუფუჭდა. რაც ქართულ ბიზნესს საბოლოოდ, ძალიან ცუდ იმიჯს უქმნის, რადგან საერთაშორისო პარტნიორების თვალში ადგილობრივი ბიზნესმენების მიმართ ნდობის ფაქტორი უარყოფითისკენ იცვლება.“
p.s. სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობა არ „პრავდება“! და როგორც დავიწყეთ, იმავე ფრაზით დავასრულებთ – თაღლითი ყველა ხელისუფლების დროს თაღლითია!
კომენტარები