თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს. დაღუპული პროგრამისტის მშობლებსა და ადვოკატს თამარის კუთვნილ პირად კომპიუტერზე განმეორებით ექსპერტიზაზე დასწრება სთხოვეს. კონკრეტულად, რაზე უნდა შეამოწმონ ლეპტოპი, რომელიც გამოძიებას უკვე შესწავლილი აქვს, ოჯახისა და ადვოკატისთვის გაუგებარია. მიხეილ რამიშვილს ჯერ არც იმ მაღალჩინოსნების ვინაობა დაუსახელებია, ვისი ვინაობაც, მისი მტკიცებით, ბაჩალიაშვილის საქმეში იკვეთება.
არსებული ინფორმაციით, დღეს უნდა უთხრან ბაჩალიაშვილის ოჯახს, თუ რა ვითარებაში მოხდა თამარის ანგარიშის გაუქმება. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ სამხარაულის ბიურო დღესაც არ მიაწვდის მათ სწორ ინფორმაციას. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ისინი დაბნეულები არიან, რადგან მიდიან საგამოძიებო ორგანოებში, “ერთსა და იგივე ზღაპრებს გვიყვებიან და მოვდივართ უკან“.
დაღუპულის მამა დარწმუნებულია, რომ ამ საქმის ჩამდენებს მთავრობის მაღალჩინოსნები აფარებენ ხელს.
კომენტარები