პირი, რომელიც ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცის მეოთხე სართულიდან გადახტა მძიმე მდგომარეობაშია.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში დილის ოთხ საათზე შეიყვანეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
თვითმხილველი მომხდარს იხსენებს:
“გუშინ ღამე გამაღვიძა ვიღაცის ყვირილმა. “ყველანი დავიხოცებით, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებით”, – ასეთი ხმები იყო. კი ვიცოდი, რომ კარანტინის გამო ოთახი არ უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ვიფიქრე, რომ რაღაც ხდებოდა – ან ხანძარი იყო, ან რამე სიცოცხლისთვის საშიში.
გარეთ რომ გამოვედი, ჰოლში დამხვდა სისხლის წვეთები. გავყევი კვალს და ვიპოვე ბიჭი, რომელიც იყო ერთი სართულით ზევით, მეოთხე სართულზე და ყვიროდა – აქ ვერ გადავრჩები, აუცილებლად გამიყვანეთ აქედანო. მე ვთხოვე დამშვიდებულიყო. მან მთხოვა დამერეკა პატრულისთვის და დავხმარებოდი.
ამასობაში, სანამ ვამშვიდებდი, ხელში ეკავა სავარძელი, უბრახუნებდა კედელს, არ მომეკაროთო, იძახდა. სანამ ვეხვეწებოდი, სკამი დადე-მეთქი, ამ დროს პატრული და კიდევ ერთი კაცი ამოვიდა. ეს კაციც ამ ბიჭთან ერთად იყო ნომერში მოთავსებული. ამ ბიჭს ხელი ჰქონდა დაზიანებული, გაჭრილი. როგორც მითხრა, ხელი მაშინ დაიზიანა, როცა აკავებდა თანამეოთახეს”
“ბათუმელები”
კომენტარები