“ლელომ” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატების და პარტიული სია წარდგინა. წარდგენის ღონისძიებას “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პოლიტიკური გაერთიანების სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.
დღეს ჩვენ საქართველოს ულამაზეს კუთხეში – აჭარაში და მის გულში – ბათუმში შევიკრიბეთ.
შევიკრიბეთ ქალაქში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი ფორპოსტია.
ქალაქში, სადაც შეიქმნა პორტო ფრანკო – პირველი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც აშენდა პირველი ნავსადგური, რომელიც თავისი მნიშვნელობით და ტვირთბრუნვით შავი ზღვის პორტების საუკეთესო ხუთეულში შედიოდა.
დღეს, სამწუხაროდ, ეს ის ქალაქი აღარ არის. ბათუმს დღითიდღე უკარგავენ ღირებულებას და ისტორიას, აქრობენ ძველი ბათუმის განუმეორებელ და კოლორიტულ სახეს, უკონტროლო მშენებლობებით აქცევენ შუშისა და ბეტონის ჯურღმულად. აქ კიდევ უფრო მეტად ყვავის ნეპოტიზმი და კორუფცია, აქ კიდევ უფრო მეტად ახრჩობენ თავისუფალ სიტყვას, აქ კიდევ უფრო რთულია შვილების აღზრდა, კიდევ უფრო ძნელად ხელმისაწვდომია ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა, პრობლემურია სამუშაო ადგილის პოვნა და გაუსაძლისია ცხოვრება პენსიონრისთვის. ეროვნული ტრაგედიაა, რომ აჭარის 11 სკოლიდან მხოლოდ ერთს ეყოლება ერთადერთი პირველკლასელი,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ „ლელო საქართველოსთვის“ იმ კონკრეტულ პროგრამაზეც ისაუბრა, რომლითაც პარტია აჭარის რეგიონში მუშაობას აპირებს.
“ჩვენ მოვდივართ კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმით, აღმშენებლობის ხედვითა და დაპირებული სიტყვის საქმად ქცევის უნარით.
„ლელო“ იწყებს ბრძოლას აჭარისთვის, ბათუმისთვის, თითოეული თქვენგანისთვის! “ლელო“ არის ახალი ძალა, ახალი იმედი. ახალი ფერი.
ლელო არის თქვენი ძალა რეალური ცვლილებებისთვის! “ლელო“ არის ძალა, რომელიც თქვენთვის შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ერთხელ და სამუდამოდ წელში გამართავს ყველა ოჯახს საქართველოში, შექმნის ძლიერ საშუალო ფენას, შემოიტანს უცხოურ ინვესტიციას ჩვენი ეკონიმიკის განვითარებისთვის, ფეხზე დააყენებს მცირე და საშუალო ბიზნესს. “ლელო“ არის ძალა, რომელიც შექმნის და განავითარებს მძლავრ საზღვაო ინდუსტრიას, ბათუმს აქცევს საზღვაო ცენტრად, საფუძველს ჩაუყრის ქართულ გემთმშენებლობას. “ლელო“ არის ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ ექსპორტს და განავითარებს ადგილობრივ წარმოებას – აჭარულ თამბაქოს , კარტოფილს თუ ციტრუსს და გაუხსნის გასაღების ახალ ბაზრებს. “ლელო“ არის ძალა, რომელიც დადებს ბათუმის სწორი ურბანული განვითარების გეგმას, შეწყვეტს ქაოტურ მშენებლობას და ქალაქს დაუბრუნებს განსაკუთრებულ სულსა და სილამაზეს, “ლელო“ არის ძალა, რომელიც ქალაქს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრად აქცევს, რადგან არ შეიძლება, ბათუმი კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესის ქალაქი იყოს,”- აცხადებს ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძის თქმით, არ შეიძლება ბათუმი მხოლოდ ზაფხულის ორ თვეს მუშაობდეს, ხოლო დანარჩენი 10 თვე უსიცოცხლო ჭაობში იყოს ჩაძირული.
რადგან როგორც დიდმა აჭარელმა პოეტმა, ფრიდონ ხალვაშმა თქვა „ბათუმი არა ქვეყნის კიდეა, ბათუმი ქვეყნის დასაწყისია!“ ბათუმი საქართველოს დასაწყისია და ჩვენი ქვეყნის განვითარება, გაძლიერება და გამარჯვება სწორედ ბათუმიდან უნდა დავიწყოთ!
ჩვენ თქვენთან ერთად გავაკეთებთ ამას. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ
და დავდებთ ლელოს თქვენთვის, ბათუმისთვის, აჭარისთვის,
ლელო საქართველოსთვის!”
კომენტარები