სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“პარლამენტში მოყოლილი ამბავი.
შეკვეთილში, დასასვენებლად მყოფი, ბელორუსში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, ვალერი კვარაცხელიას გუშინ, სპეცრეისით, თბილისიდან მინსკში ჩაპარვის ფონზე, მის მშობლიურ სამეგრელოში ქართული ოცნების პარტიულ სიაში მოხვედრისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.
ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარების წარდგენის შემდეგ, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება საარჩევნო სიის შემადგენლობა. მათ შორის, სიაში სამეგრელოდან მოხვედრილებისა და იმედია, ვნებებიც დაცხრება…
მანამდე კი დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი მომსწრე გავხვდებით არაერთი დაპირისპირების, ინტერესთა კონფლიქტის და თქვენ წარმოიდგინეთ, კრეატიული იდეების ჭიდილის. დიახ, არ მოგესმათ, ქართული ოცნების წევრთაგან კრეატიული იდეების ჭიდილის, რომლის ერთი მაგალითი მინდა ამ პოსტში წარმოგიდგინოთ. თითქოს დაუჯერებელი ამბავი სრული სიმართლეა და ეს ამბავი ქართული ოცნების ერთერთმა მაღალჩინოსანმა მიამბო, რომელსაც მე პარლამენტში მოყოლილი ამბავი ვუწოდე…
მაშ ასე!
როგორც თვითმხილველი მიყვება, ერთ მშვენიერ დღეს, პარლამენტარმა ედიშერ თოლორაიამ კოლეგებს ერთი ამბავი მოუყვა: ,,მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ქალბატონი ჩაგვეწერა, საგონებელში ჩავვარდი, ვიფიქრე, ახლა კი ნამდვილად დამერხა, ისედაც გადაწურული მქონდა პარტიულ სიაში მოხვედრის იმედი და ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სულ მთლად გადამეწურაო… დავიწყე ფიქრი და მოვიფიქრე… სამკერვალო ატელიეში უნდა წავიდე და კაბა უნდა შევიკერო, ქალივით უნდა გამოვეწყო და ამით იქნებ სიაში მოვიხვედრო თავიო და გავეშურე ატელიისკენ, მაგრამ რად გინდა, მერაბ ქვარაია დამხვდა ატელიეში ქალის კაბაში გამოწყობილი… როგორც შემდეგ გაირკვა, მერაბი თავისი ცოლის კაბის ,,პრიმერკაზე” ყოფილა მისული… რა მექნა, შემრცხვა და ვუთხარი, მეც მაგ საქმეზე ვარ მოსული-თქო…
მიუხედავად ამისა, მე და მერაბი დღემდე არ ვკარგავთ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მაინც შევიკერავთ კაბებს და უკვე საკუთარ კაბებში გამოწყობილები წარვსდგებით პარტიული ბოსების წინაშე…”
ამ მართლაც განსაცვიფრებელმა და კრეატიულობით გამორჩეულმა ისტორიამ, ერთი ლექსი გამახსენა, რომელსაც აქვე გთავაზობთ და მომავლის იმედით გემშვიდობებით…
ენძელა და ია,
ფაიტონზე ზიან,
გადმოვარდა ია,
კაბა გაიხია,
ნუ ტირიხარ ია,
ახალს გიყიდიან,
მე ახალი არ მინდა,
ძველი მირჩევნია…
პატივცემულო ოცნების მესვეურნო! მოუსმინეთ, ზუგდიდელი ამომრჩევლების გულისთქმას, როგორც იას, ჩვენც შეჩვეული ჭირი გვირჩევნია ახალ კაბას…(მითუმეტეს, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ზუგდიდში, 2020 წლის არჩევნებისთის შექმნილ შტაბში, შტაბის უფროსად დანიშნული ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას პოლიტიკურ გამოუცდელობას, შტაბის არაფორმალური უფროსის, ედიშერ თოლორაიას ,,მდიდარი პოლიტიკური გამოცდილება” ავსებს! (ის არის შტაბში, მეეზოვეც და იმპერატორიც)…
ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და მერაბი და ედიშერი, ჩვენი ია და ენძელა, ჩაწეროთ პარტიულ სიაში, რათა კიდევ ოთხი წლით მოგვანიჭოთ ზუგდიდელებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მათი ხილვის ბედნიერება…”
კომენტარები