„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე, უკვე არაერთი დღეა სოციალური ქსელით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მას ემუქრებიან. 15 აგვისტოს ცნობილი ხდება, რომ სანდრო დაიბარეს პოლიციაში გამოკითხვაზე, გაიჩხრიკა მისი სახლი და ავტომანქანა, ჩამოართვეს კანონიერ მფლობელობაში არსებული იარაღი. რას ეძებდნენ ძალოვნები მის ნივთებში და რატომ ჩამოართვეს სანდრო ბრეგაძეს იარაღი – ამ დეტალების გასარკვევად, „ალია“ სანდრო ბრეგაძეს დაუკავშირდა:
-15 აგვისტოს ბრძანდებოდით გამოკითხვაზე პოლიციაში, შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაიჩხრიკა თქვენი სახლი და ავტომანქანა. რას ეძებდნენ პოლიციელები? ვინ გედავებათ და რას გედავებათ?
-პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილი იქნა პოლიტიკური პროვოკაცია, რომელ პროვოკაციასაც მე არ ავყევი, თორემ, ეს მოიტანდა მძიმე შედეგს. არსებობს აგენტ-პროვოკატორის ინსტიტუტი. ასეთი აგენტ-პროვოკატორი იქნა ჩემთან მოგზავნილი და მთელი საქართველოს გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეს არის ირაკლი დოლენჯაშვილი, რომელიც თავის დროზე გავაგდეთ „ქართული მარშიდან“, რადგანაც მას გაჰქონდა ინფორმაციები ჩვენგან. გარდა ამისა, გავიგეთ, რომ მან ფული გამოძალა ორ ახალგაზრდას, აცემინა თავი და შემდგომში 3 000 ლარი გამოსძალა იმ პირობით, რომ პოლიციაში არ ეჩივლა. სწორედ მას შემდეგ, რაც მე და „ქართული მარშის“ პოლიტსაბჭოს წევრები ჩავედით დავით გარეჯში, სადაც დავაფიქსირეთ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე 700 მეტრითაა საზღვარი გადმოწეული, ჩემზე განხორციელდა პროვოკაცია, რომელიც, მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, დაფინანსებულია „სოკარისგან“, ხოლო „სოკარს“, კარგად იცით, რომ მართავს აზერბაიჯანის უშიშროება.
-როგორ წარმოგიდგენიათ, რომ აზერებაიჯანის უშიშროება, ქართული უშიშროებისგან დამოუკიდებლად, საქართველოს ტერიტორიაზე აწყობს პროვოკაციებს?
-შეიძლება ბევრი რამე ძნელად წარმომედგინოს, მაგრამ, ჯერჯერობით არ მაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთები, ხოლო ის, რომ თანხა გადახდილია „სოკარისგან“, ამის შესახებ სარწმუნო წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია ჩემი მეგობარი აზერბაიჯანელებისგან. რაც შეეხება პროვოკაციას, მდგომარეობდა შემდეგში – ვიყავი სახლში, დედა, რომელიც არის 82 წლის, იყო შეუძლოდ, მომიწია გვიანობამდე მისი მოვლა, ჩემთან იმყოფებოდნენ ჩემი მეგობრებიც. გადაღლილს ჩამთვლიმა და ამ დროს დამირეკეს დაფარული ნომრიდან, მეგონა უცხოელი კოლეგები მირეკავდნენ და ვუპასუხე. საუბარი დაიწყო აგრესიული ტონით, ბიჭო, შენ სადა ხარ… ვკითხე, ვინ იყო და მითხრა, რომ არის ირაკლი დოლენჯაშვილი, გავიხსენე ვინც იყო და დავინტერესდი, რაში იყო საქმე. მე შენ სადარბაზოში ვარ, გამოდი, რისი გეშინია, ავდგები ახლა ოჯახს დაგიხოცავ, შენ ინვალიდ შვილს ეტლში ჩავცხრილავ და ეგეთი საშინელებები. ვუპასუხე, რომ ახლა არ გავიდოდი და სხვა დროს ვნახავდი. დამიწყო დედის გინება საოცრად ბინძური სიტყვებით…
-რამე შეხება გქონდათ ბოლო პერიოდში ამ ადამიანთან?
-დაახლოებით 2 წელიწადზე მეტია ამ ადამიანთან არანაირი საერთო, არანაირი შეხება არ მქონია. გავთიშე ტელეფონი, გადავიხედე ეზოში და დავინახე მანქანა და ორი სკუტერი, ერთი გაჩერებული იყო, მეორე მოძრაობდა. იცოდნენ ჩემი ხასიათი, იცოდნენ, რომ დედის გინებას უპასუხოდ არ დავტოვებდი და ელოდნენ, ჩავიდოდი და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დავიწყებდი, რის შემდეგაც მოხდებოდა ჩემი დაკავება, დაპატიმრება. მე არ წამოვეგე ამ პროვოკაციას. შემდგომში შემოვიდა რამდენიმე სმს შეტყობინება და გადმოგიგზავნით მაგასაც. როცა ამ შეტყობინებებმაც ვერ გაჭრა და ვერ გამიტყუეს გარეთ, ამის შემდეგ, ჩვენი საუბრის ჩანაწერიდან (თურმე, იწერდნენ ჩვენ საუბარს) ამოჭრეს ის ადგილი, სადაც მემუქრებიან და მაგინებენ და დადეს ეს სოციალურ ქსელში. მართალია, დღეს აცხადებენ, რომ ეს მათი დადებული არ არის, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რამდენიმე ჟურნალისტისგან, რომლებიც სააგენტოებში მუშაობენ, რომ მათაც გაუგზავნეს ეს ჩანაწერი და სთხოვდნენ დადებას ამ ჩანაწერის, რათა მომხდარიყო ჩემი პიროვნების დისკრედიტაცია – რომ აი, მე შევირჩინე ეს გინება. გავფრთხილდი და მოვერიდე ამ ადამიანთან კონტაქტს და გავაკეთე საჯარო მიმართვები, ვთქვი, რომ იგეგმებოდა პროვოკაცია, შეიძლება ნებისმიერი პროვოკაციის დროს უმტყუნოს ადამიანს ნერვებმა. როდესაც პოლიტიკოსი, ან ჟურნალისტი აკეთებს საჯარო განცხადებას, ეს უკვე ითვლება სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებად და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან ამ საქმის ირგვლივ დაიწყონ მოკვლევა. ამასობაში ანალოგიური ზარები განხორციელდა ჩემ მეგობრებთან, ითხოვდა შეხვედრას, იგინებოდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფული ჰქონდა აღებული პროვოკაციის დასაგეგმად, სურდა გამოვეწვიეთ… ეს ადამიანი არ ისვენებდა, აქვეყნებდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს ოჯახის და ბავშვების წინააღმდეგ. პარალელურად მომდიოდა „მეგობრული“ მესიჯები, მოხსენით პარტია არჩევნებიდან, არ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, გაანებეთ დავით გარეჯს თავი და ა.შ.
-ეს ხალხი, ვინც ამ „რჩევებს“ გწერდნენ, ხელისუფლებაში არიან?
-პოლიტიკოსები არიან, ასე რომ ვთქვათ და მე მათ მკვახე პასუხი გავეცი, ვუთხარი, რომ დავით გარეჯი არ იცვლება არაფერზე და „ქართული მარშიც“ აუცილებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. 12 აგვისტოს, დიდგორობის დღესასწაულის და ცხრა ძმა ხერხეულიძის საფლავზე გადახდილი პარაკლისის შემდეგ, როცა თბილისში ვბრუნდებოდი, ვნახე სოციალურ ქსელში, რომ იგივე ადამიანი და მისი მეგობრები პირდაპირ მიწვევდნენ და მშიშარას მეძახდნენ. დავურეკე მას და ვუთხარი, შემხვედროდა – საუბარი გადაიზარდა გინებაში, ორჯერ გადმორეკა ისევ, ჩემ მეგობრებს ესაუბრა და აუხსნეს კულტურულად, რომ ის იყო პროვოკატორი და აგენტი. მეორე დღეს, როდესაც მე ველოდებოდი იმას, რომ ამ აგენტ-პროვოკატორზე აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, მე დამიბარეს პოლიციაში ირაკლი დოლენჯაშვილის განცხადების საფუძველზე, თითქოსდა მას ჩემი ეშინია. არგუმენტი იმისა, რატომ ეშინია ჩემი, არ არსებობს, მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია და კილომეტრის სიახლოვეზეც არ მივსულვარ მასთან. რეალურად, ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რამდენიმე დღე მემუქრებოდა, საქმე არ აღძრეს და ჩემ წინააღმდეგ განახორციელეს საგამოძიებო ქმედებები, ჩხრეკა ჩატარდა ჩემ მანქანაში, სახლში, სადაც ცხოვრობს 94 წლის მამა, 82 წლის დედა, არასრულწლოვანი შვილები, ოჯახი აწიოკდა.
-რამე ნივთი წაიღეს?
-არა, არაფერი.
-რას ვეძებთო, რა თქვეს?
-არ დაუკონკრეტებიათ, ჩხრეკა მიმდინარეობდა განჩინების საფუძველზე, ვერაფერი აღმოაჩინეს ვერც ავტომობილში, ვერც საცხოვრებელ სახლში. როცა პოლიციაში ჩვენება მივეცი, პოლიციელებმა მითხრეს, რომ ისინი ააწრიალა ამ აგენტ-პროვოკატორმა და მისმა ოჯახმა… ეს ადამიანი, ირაკლი, რამოდენიმეჯერ შეამჩნიეს სკუტერით, ჩემ საცხოვრებელ სახლთან და მას ჰქონდა თან იარაღი. ამის უამრავი მოწმე არსებობს. ფაქტი ისაა, რომ რეალური დამნაშავის დაჭერის ნაცვლად მსხვერპლზე მიმდინარეობს ზეწოლა. მე არ ვიცი, ეს აზერბაიჯანის უშიშროებაა, სოკარის მმართველობა თუ ხელისუფლებაში მოკალათებული სოროსელები… ნეტავი, ჩემ მეგობრებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, არ შერცხვებათ ჩემთვის თვალებში ჩახედვის? მართალია, ირაკლი და მის უკან მდგომებს პროვოკაცია არ გამოუვიდათ, მაგრამ იმას მიაღწიეს, რომ დღეს ჩემი 84 წლის მამა არის უმძიმეს მდგომარეობაში სტრესისგან და დედასთან სამი სასწრაფო იყო მოსული. მამაჩემი მეცნიერია, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში, ჩემ ოჯახში პოლიცია ჩხრეკაზე არასოდეს ყოფილა და ეს მათთვის იყო ფსიქოლოგიური სტრესი. ეს იყო ჩემი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ტერორი და აუცილებლად გავარკვევ და დავდებ მასალებს, ვინ დგას ამის უკან.
-გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ მეგობარს აღმოუჩინეს იარაღი, თუმცა, იქვე ამბობენ, რომ მას აქვს იარაღის ტარების უფლება.
-ადამიანს, როდესაც აქვს იარაღის ტარების უფლება, მას იარაღი როგორ უნდა „აღმოუჩინო?“ ჩვენ ველოდებოდით თავდასხმას ამ პიროვნებისგან, ვიცოდით, რომ იარაღით მოძრაობდა და პირდაპირ ეთერში ვამბობდი ამაზე და ვითხოვდი შველას. შველის მაგიერ, მე ჩამომართვეს ჩემი კანონიერი იარაღი. ჩემი მეგობრისთვის არ ჩამოურთმევიათ იარაღი, მე ჩამომართმევს, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ არც დოლენჯაშვილი გაუჩხრეკიათ, ახლა რომც ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედება, რა თქმა უნდა, უკანონო იარაღი გადამალული იქნება. პირიქით, მე, ვისაც მაქვს იარაღის შენახვის და ტარების უფლება, როგორც პარლამენტის ყოფილ დეპუტატს – ჩამომართვეს კანონიერი იარაღი. ახლა ამ წუთში, ვიმყოფები სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის ქვეშ. დავით გარეჯის მითვისებაში სააკაშვილის მმართველობის დროს გადახდილია დიდი თანხა, იგივე სოკარის მიერ და დაიდო ფარული ხელშეკრულება… როცა ამხელა ფულია გადახდილი და ამ შეთანხმებას ახლა საფრთხე ემუქრება ჩვენი სახით, რა თქმა უნდა, გადადიან მოქმედებაზე.
-თუ არსებობს ფარული ხელშეკრულება, ამჟამინდელ ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერი არასახელმწიფოებრივი ხელშეკრულება ბათილად სცნოს და არ აკეთებს, ამის ნაცვლად, სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში წერია, რომ დავით გარეჯის დაცვით აზერბაიჯანის წინააღმდეგ პროვოკაციას ვაწყობთ ქართველები.
-როდესაც ამბობენ, რომ დავით გარეჯის დაცვა არის პროვოკაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ეს სიცრუე და არაპატრიოტიზმია. ამ სიწმინდეს 6 ათასი გარეჯელი ბერი შეეწირა, ეს ძირძველი ტერიტორია ოკუპირებულია და კი, ბატონო, სააკაშვილის პერიოდში მოხდა მისი გაყიდვა, მაგრამ სააკაშვილმა რომ დააშავა, არ უნდა გამოვასწოროთ? დავით გარეჯს სიცოცხლის ფასადაც არ დავთმობთ.
-ეს ხელისუფლება იმდენად ებრძვის დავით გარეჯის დამცველებს, რომ ჩნდება ლოგიკური ეჭვი, ხომ არ არის გარეული ამჟამინდელი მთავრობაც მის გაყიდვაში?
-მე მიყვარს სამართლიანობა, ამ ხელისუფლების დანაშაული უმოქმედობაა, მაგრამ გარეჯის გაყიდვა სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა.
-მაშინ თქვენ რატომ გიშლით ხელისუფლება ხელს მის დაცვაში?
-ეს არის სწორედ ის კითხვა, რომელიც მაქვს და რომელზე პასუხიც არ არსებობს. გასაგებია, რომ „სოკარს“ დიდი თანხები აქვს, გასაგებია, რომ ნაყიდი ჰყავს პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი, აგენტ-პროვოკატორები, მაგრამ პატრიოტი პოლიტიკოსები რომ გვყავდეს, მათ ყიდვას ვერავინ მოახერხებდა! დღეს ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, დავით გარეჯში ვერც მე და ვერც თქვენ ვერ მივალთ და ვერ ვილოცებთ. არანაკლები მნიშვნელოვანია მეორე საკითხიც. ჩვენ ვსაუბრობთ და კვლევებმაც აჩვენა „ქართული მარში“’ ათი პროცენტი, რომელსაც ის აიღებს არჩევნებში. შეიძლება სხვა პარტია და ფრაქცია მეტი პროცენტობით იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ძირითადად არიან მკვდარი სულებით დაკომპლექტებული. წლობით არ იღებენ ხმას. წარმოიდგინეთ 10 მარშელი პარლამენტში, ხომ ხვდებით, რა სიტუაციაც იქნება და რა კლიმატი ჩამოყალიბდება? ეროვნულ კანონპროექტებს დააყენებენ, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას მოითხოვენ და ა.შ. დავით გარეჯთან მიმართებაშიც, პარლამენტარის მანდატით ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება ჩვენი ბრძოლა. პირველ რიგში საქართველოდან გავაძევებთ ჯორჯ სოროსსა და მის ფონდს. სოროსულ-ლიბერალისტურ კლასტერს ჭირის დღესავით არ უნდა რომ „ქართულმა მარშმა“ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მიუხედავად ასეთი პროვოკაციისა, მე ამ პიროვნებას, ირაკლი დოლენჯაშვილს კილომეტრის მანძილზეც არ გავკარებივარ და მინდა იცოდნენ მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა, მეზობლებმა, თუ რა ავაზაკი პიროვნებაა, თუმცა, მე გულწრფელად, მეცოდება ეს ადამიანი, რადგან მისი აგენტობა არ არის ნებაყოფლობითი. ეჭვი მაქვს და საფუძვლიანია ეჭვი მაქვს, თუ ვინ დგას მის უკან, მაგრამ ხომ იცით, ქურდმა ერთი ქნა და დამბრალებელმა ათასიო…დაწვრილებით როგორც კი დავადგენ, ყველას შეგატყობინებთ.
-ბატონო სანდრო, თქვენ ახსენეთ მეგობრები ხელისუფლებიდან და იკითხეთ, შერცხვებათ თუ არა მათ თქვენთვის თვალებში ჩახედვის – დაგირეკეს ამ ადამიანებმა? იკითხეს, რა მოხდა?
-არა, არავინ შემომხმიანებია, არავისგან მიმიღია თანაგრძნობა, რაც ძალიან გასაკვირია. საქართველოში პრეზიდენტის სავარძლის გარდა, არ არსებობს თანამდებობა, რომ არ ვიყო ნამყოფი და კარგად ვიცი, სკამი არის დროებითი. სკამი ხვალ აღარ იქნება… მათ მოუწევთ ჩემთვის თვალებში ჩახედვა და მინდა, მოიქცნენ ისე, რომ არ შერცხვეთ თვალებში ჩახედვის. მათი უმრავლესობა ძალიან კარგად იცნობს ჩემ ოჯახს, მამას, დედას, დედაჩემის დამზადებული კერძებიც მიურთმევიათ… რად უღირთ ის სკამი? მით უფრო, რომ ორ თვეში ის სკამი არ იქნება იქ სადაც მათ ჰგონიათ და ისინი არ იქნებიან იმ სკამზე, რომელზეც ახლა არიან. გული მწყდება, რომ ადამიანები, რომლებიც მეგობრები გგონია, ასეთ პირობებში არჩევენ ხოლმე დუმილს და მინდა მათ ვუთხრა, დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო.
თამო კეშელავა, ალია №29
კომენტარები