18 ივლისს 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
21 ივლისს, ოჯახმა და ახლობლებმა აქცია მოაწყვეს.
22 ივლისს, თეთრიწყაროს რაიონში, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მანქანაში იპოვნეს.
დღეს 18 აგვისტოა და სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი ჯერ ისევ არ არის!
დღეს 18 აგვისტოა – რა ხდება თამარის გაუჩინარებიდან ზუსტად 1 თვის თავზე? – რა კითხვებზე გასცა პასუხი გამოძიებამ ოჯახს?
ამ და სხვა კითხვებით “ალია” ოჯახის ადვოკატს, მიშა რამიშვილს დაუკავშირდა:
-დღეს გავიდა ერთი თვე, რა შედეგი გაქვთ ამ ერთ თვეში? რა კითხვებზე გაქვთ პასუხები?
-პროკურატურას და შსს-ს არაფერი გაუკეთებია, სრულიად არაფერი. არც ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. ამ ერთ თვეში ერთი ხელჩასაჭიდი ძაფიც არ უპოვნიათ საქმეში.
სამაგიეროდ, ჩვენ მოვიპოვეთ იმის მტკიცებულება, რომ თამუნას თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს – რასაც გამოძიება გვიმტკიცებდა, რა ვერსიაზეც მუშაობდნენ – ჩამოიშალა, გამოირიცხა. მოგეხსენებთ, ჩემ მიერ მოპოვებული იქნა ვიდოკადრები, რომ სწორედ იმ ადგილას, სადაც მანქანა და ცხედარი იპოვნეს, ყოველ დღე დაჰყავთ ნახირი, დილით მიჰყავთ, საღამოს მოჰყავთ, საქონელს მიჰყვება მწყემსიც და მიჰყვებიან ძაღლები და ესენი არიან დაგეშილი ძაღლები, როგორ წარმოგიდგენიათ, აუარეს გვერდი მანქანას და ვერ დაინახეს და არც ძაღლმა მივიდა უკაცრავად და სუნზე? წარმოდგენაც რთული, როგორი სუნი იდგა… შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა თვითმკვლელობა, თამუნა გახდა ორგანიზებული და დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლი, მანქანა კი მერე იქნა გადაყვანილი და მაგასაც გეტყვით როდის გადაიყვანეს.
-მანამდე ერთ კითხვას დავსვამ, მწყემსის ინტერვიუ ვნახეთ ყველამ – მწყემსი და მისი ოჯახის წევრები, მედიასთან გარკვევით ამბობენ, რომ ამ გზით დადიოდნენ ყოველთვის და იქ წინა დღეებში მანქანა არ შეუმჩნევიათ ! – რას ამბობს პროკურატურა და შსს ამაზე? მე ჩავთვალე, რომ მწყემსის ინტერვიუს მერე, თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობა შეწყდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა!
-არაფერს, მწყემსი ხელმეორედაც კი არავის დაუკითხავს. ჩვენების დასაზუსტებლადაც აღარ დაუბარებით. ამ მწყემსს ჟურნალისტი რომ ესაუბრება, პირდაპირ ეთერში ვხედავთ და ვისმენთ, როგორ ურეკავს ადგილობრივი პოლიციელი, ზუსტად ის პოლიციელი, რომელსაც დაურეკეს მწყემსებმა, როცა მანქანა იპოვნეს!
-კი, და ეკითხება, შეშაზე თუ იყავი და როდის მიდიხარო.
-კი, ეგ ცალკე უცნაურობაა, რა დროს შეშაზე წასვლა იყო? ვინც იცის, რა ფორმით იყენებენ რუსულად “შეშას” კრიმინალურ სამყაროში…
-მეც ვიცი – მკვდარს, “ტრუპს” ნიშნავს…
-კი. არაფერს ვამტკიცებ, მარტო ერთი კითხვა მაქვს, რატომ არ არის მწყემსი განმერებით დაკითხული?
-ექსპერტიზის პასუხი ისევ არ არის?
-არა და ეს უკვე სეიროზულ ეჭვს ბადებს, ექსპერტებთან მქონდა კონსულტაცია და მითხრეს, რომ სიკვდილის მიზეზის დასადგენად 10 დღეც კი ბევრია, მაქსიმუმია 10 დღე და უკვე თვე გავიდა. როგორც ჩანს, სხედან და ფიქრობენ, რა ჩაწერონ დასკვნაში! ჩვენ საქმეში გვყავს ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც ყველა ორგანოს ნიმუშის აღება მოითხოვა და ამას დაემატა ისიც, რომ საზოგადოების ინტერესი არ განელდა, ისევ ისეთივეა, ამიტომ ვერც ისეთი ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვთ, როგორიც სჩვევია ხოლმე, პირიქით, რომ მეტ კითხვას ტოვებს და ვერც ის მოიფიქრეს, რა ჩაწერონ დასკვნაში.
ჩვენ გვაქვს საფუვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ სერიოზული ადამიანებია გარეული საქმეში… ოჯახთან ერთად საქმეს აუცილებლად მივიყვან ბოლომდე და აუცილებლად დავადგენთ ვინ არიან ეს პირები, რომლებიც ამ საქმეში არიან გარეულნი. თამუნა იქ ჩავიდა იმისათვის, რომ ვიღაცას შეხვედროდა, ვინ იყო ეს ვიღაცა და რისთვის უნდა შეხვედროდა? ამ კითხვაზე პასუხს ვიპოვნით.
დააკვირდით, როგორი მცდელობა იყო საზოგადოებისთვის თავისი ვერსია მოეხვიათ თავს? გამოვიდნენ და პირველივე ბრიფინგზე ისაუბრეს აბებზე, ფსიქოლოგზე და წერილზე – ამით საზოგადოების რეაქცია შეამოწმეს, ტესტი იყო – მაგრამ, ამან არ იმუშავა.
მეორე ტესტი იყო ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობა – არც ამან იმუშავა, საზოგადოების უდიდეს, საღ ნაწილში მეტი აგრესია გამოიწვიეს ამით!
პარალელურად ჩვენ მოვაწყვეთ აქცია ამერიკის საელჩოსთან, სადაც ჩვენთან სასაუბროდ გამოვიდა ატაშე და სწორედ იქ, პირველად მივიღეთ დაპირება აშშ-ს საელჩოსგან, რომ საქმეში ჩაერთვებოდა ამერიკული მხარე ექსპერტიის, საქმის გამოძიების კუთხით – აი, ამის შემდეგ გააკეთა უკვე განცხადება საქართველოს პროკურატურამ და განაცხადა მზაობა საქმეში ჩაერთო ამერიკელი ექსპერტები.
აქეთ, დაგეგმილი დისკრედიტაცია არ გამართლდა, საზოგადოებრივ აზრზე ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა და აქეთ ამერიკის საელჩომ გამოთქა დახმარების მზაობა.
დღეის მდგომარეობით, მივაღწიეთ იმას, რომ საქმეში ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები, პროკურატურა მიიღებს სატელიტიდან ფოტოებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ თამარის მანქანა ნამდვილად არ იდგა მაწევაში 22 ივლისამდე, თამარის კომპიუტერს და ტელეფონს ჩაუტარდება განმეორებითი ექსპერტიზა უცხოეთში.
-ექსპერტიზა პასუხობს იმ კითხვებს რასაც დაუსვამენ, დაუსვამს საქართველოს პროკურატურა კითხვას, ხომ არ არის თამარის კომპიუტერში და ტელეფონში ინფორმაცია წაშლილი 22 ივლისის (ანუ, პოვნის) შემდეგაც?
-პროკურატურა თავის კითხვებს დასვამს, მაგრამ ჩვენც დავსვამთ კითხვებს და რა თქმა უნდა, ეგ კითხვაც იქნება. აქვე გეტყვით, რომ მათგან პასუხების მიღებას არ დასჭირდება ე.წ. “გონივრულ ვადებში” გაწელილი თვეები და ბევრად მალე გვექნება პასუხები.
ახლა რაც შეეხება მანქანას – მანქანა გადაყვანილი იქნა მაწევანში 21-22 ივლისის ღამით. გახსოვთ, ხომ 21 ივლისს ოჯახმა და ახლობლებმა აქცია გამართა, ამ აქციაზე იკრიბებოდნენ ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ დილიდან თავად ჩასულიყვნენ თეთრიწყაროში, დაყოფილიყვნენ და თავად ეძებნათ თამუნა გინდ ტყეში და გინდ სოფლებში…
და რა ხდება? – გამთენიისას, სანამ ეს ჯგუფები წავლენ თეთრიწყაროში, უკვე ცხედარი იპოვნა შსს-მ!
ასევე გეტყვით იმასაც, რომ 21 ივლისის ღამეს, გოლთეთში, იმ სოფელში სადაც თამუნა რაღაცას, ვიღაცას ეძებდა და მაწევანში (სადაც იპოვნეს მანქანა) ელექტროენერგია გამოირთო. “ენერგო-პრო ჯორჯია” ამბობს რომ ელექტროენერგია გაითიშა ორჯერ 3-3 წუთით, რატომ გაითიშა ორივეჯერ ზუსტად სამი წუთით? – არც ამ კითხვაზე გვაქვს ჯერ პასუხი, თუმცა, უფრო უცნაური ისაა, რომ როგორც სოფლის მაცხოვრებლები გვიყვებიან, ელექტროენერგია სწორედ ამ სოფლებში გაითიშა მთელი ღამით და დილის 6 საათამდე იყო გათიშული! – სწორედ, ეს ბნელი ღამეა გამოყენებული მანქანის გადასაყვანად!
დრონით ვეძებდითო, ამბობენ, სად არის დრონის კადრები? ხუთშაბათს დაგვპირდნენ ახლა, რომ გვაჩვენებენ. გამოვითხოვეთო, გვეუბნებიან. ერთი უწყებაა, ერთი უწყების ერთი განყოფილება მეორე განყოფილებისგან ითხოვს დრონის კადრებს და აქამდე არ მიაწოდეს? კარიდან კარში, აქამდე ვერ გააწოდეს ფაილები?
ისიც ტყუილი იყო, ეზოებში და ავტოსადგომებშიც ვეძებდით და სოფლებში სახლებს ვამოწმებდითო.
22 ივლისს როცა ცხედარი იპოვნეს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სანახავი იყო, ვცდილობდი ასი თვალი და ყური გამომება – რამდენჯერმე ვთხოვე პოლიციელებს, რომ მანქანის კვალი დაეცვათ, უხეშად არღვევდნენ დანაშაულის ადგილის დაცვის ყველა სტანდრატს, დადიოდნენ იმ ადგილას და მანქანებიც შემოატარეს – ვთხოვე როგორმე იქნება კვალი არ დაეზიანებიათ, ვცდილობდი, ადგილზე მანქანების გადაადგილება შემეზღუდა, როგორც ჩანს გაბრაზდნენ, რადგან თამუნას მამამ გაიგონა, პოლიციელებმა აუგად რომ მომიხსენიეს.
-თქვენ ნდობას არ უცხადებთ შსს-ს, თუმცა, ვიცი, რომ ჩემზე კარგად იცით, პროკურატურის მითითების გარეშე, შსს ვერაფერს დააშავებს, შესაბამისად, თუ საქმე ყალბდდება, მას აყალბებს შსს და პროკურატურა ერთად, ყოველთვის ასეა. ამჯერად რა ხდება, პროკურატურა ცდილობს შსს გამოიყვანოს ცუდ ბიჭად და თავად კარგი ბიჭია? ცუდი და კარგი პოლიციელის როლს თამაშობენ?
-კი, არ არსებობს ორი მხარე, მხარე არის ერთი და ყველაფერზე პასუხისმგებელია პროკურატურა, მის დაქვემდებარებაში მყოფ შსს-თან ერთად.
პროკურატურაში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ხუთშაბათიდან იწყებს მუშაობას. ვნახოთ, დაგვპირდნენ რომ დრონის კადრებს გვაჩვენებენ, დაგვპირდნენ, რომ დაიწყება მუშაობა, პარალელურად, უკვე მალე ჩაერთვება ამერიკული მხარე!
-თქვენ დღეს განაცხადეთ, რომ მას შემდეგ, რაც მთავარ პროკურორს თქვენ მიერ მოპოვებული ვიდეოები აჩვენეთ (სადაც ჩანს რომ მანქანის პოვნის ადგილას, მუდმივად დადის ნახირი) მასში ვიდეომ დიდი ეჭვი გააჩინა – როგორ გამოხატა ეს ეჭვი? რა თქვა?
-ზუსტად ასე თქვა – კი, ეს ვიდეო, ამ ეჭვის საფუველს იძლევა – ანუ, იმის საფუძველს, რომ მანქანა იმ ადგილას 21-22 ივლისის ღამეს გადაიყვანეს და თამუნა მოკლულია!
ერთს ვიტყვი კიდევ, უამრავი შუამდგომლობა დავაყენე გამოიებასთან, მაგრამ არც ერთი არ იქნა დაკმაყოფილებული, სანამ არ გაცხადდა, რომ ამერიკის მხარე არ ერთვებოდა! გამოძიების ნაცვლად მხოლოდ ჩემი და გარდაცვლილის ოჯახის დისკრედიტირებით იყვნენ დაკავებულნი. გარდა იმ ინფორმაციისა, რაც საჯაროდ გამოიტანეს, საქმის ზედამხედველი პროკურორი გარდაცვლილის დედას ჩემზე უსვამდა კითხვებს, საიდან მიცნობენ, როგორ ჩავერთე საქმეში, რამდენი იქნება ჩემი ჰონორარი და ასე შემდეგ. მართალია, ეს პროკურორი საქმეს ჩამოაშორეს, მაგრამ ჰყავთ ე.წ. აქტივისტები, რომლებიც პოსტს პოსტზე აცხობენ სოციალურ ქსელებში, გარდაცვლილ მამაჩემსაც კი გადასწვდნენ – ეს ყველაფერი კეთდებოდა და კეთდება ერთი საქმისთვის – ნახონ როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია, დაუჯერებს მათ საზოგადოება და აჰყვება თუ არა – თუ აჰყვებოდა საზოგადოება – მაშინ, გამოიტანდნენ მათთვის მისაღებ ექსპერტიზის დასკვნას დღის სინათლეზე! მადლობა საზოგადოებას, რომელიც, არ აჰყვა ჭორებს და მხარი დაუჭირა სიმართლისთვის ბრძოლას!
ალია
კომენტარები