„ალიას“ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე ესაუბრება გალაკტიონ ტაბიძისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, პოეტი გოჩა ხარანაული, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში აპირებს ჩართვას.
-ბატონო გოჩა, თქვენთან, როგორც პოეტთან, ექსკლუზიური ინტერვიუ დავასრულე. მითხარით, ლიტერატურაში, პოეზიაში ყველაფერი გარკვეულიაო. ახლა ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ამას შორიდან რომ ვუმზირო და მარტო ლექსები ვწერო, ეს დანაშაულიაო. ვინც აცნობიერებს, თუ როგორ რეალობაში გვიხდება ცხოვრება და ვისაც ქვეყანაზე ოდნავ მაინც გული შესტკივა, ყველა უნდა გავაქტიურდეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პლატფორმაზეო; უნდა მოვამზადოთ პროგრამა – ახალი ინსტიტუტების კონცეფცია, რადგან ძველმა პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა სავალალო შედეგები მოუტანა ქართველ ხალხს. წინ კიდევ უფრო დიდი და ძნელი ბრძოლა გველის, ვიდრე ეს დღემდე გადაგვხდა. ჩვენ კიდევ შეიძლება მოგვიწიოს სისხლის გაღება, მაგრამ ეს დამანგრეველი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა უნდა დასრულდესო, ბრძანეთ. მაინც, რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 87% სიღარიბესა და სიღატაკეშია და არსებობის ყველა გზა გადაკეტილი აქვთ?
-ამისათვის მასშტაბური პროტესტი და გაფიცვებია საჭირო. უნდა შეიქმნას საგაფიცვო კომიტეტები, სახალხო წარმომადგენლობითი საბჭოები. ინფორმაციის შეკრებისა და გავრცელების დამოუკიდებელი ცენტრები, რადგან დღეს ტელევიზიები ყველაფერს ალალ-მართალი, მშრომელი ხალხის წინააღმდეგ აკეთებენ. ამიტომ აუცილებელია ხალხმა სახელმწიფოს კუთვნილ საწარმოებში, ასევე კერძო სექტორში დაიწყოს მასობრივად მოთხოვნების დაყენება მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ჩემს უბანს, სპორტის სასახლის უკან მიმდებარე ტერიტორიას, ირანელების უბანს ეძახიან. აღმაშენებლის გამზირს – ისტამბულს. ბოლო-ბოლო, ვისია ეს ქვეყანა? ეს პროცესი დაიწყო ტირან შევარდნაძის დროიდან. გააგრძელა ფაშისტმა სააკაშვილმა და განავითარა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ოცნების“ რეჟიმმა.
შედეგი არის ის, რომ ხორციელდება იმპერიალისტური მოწოდება „საქართველო ქართველების გარეშე“. ესენი იესო ქრისტეს არ იცნობენ. ერთ დღეს თავიანთი შთამომავლობით პასუხს აგებენ. ამიტომ უმჯობესია, გაეცნონ ღვთაებრივ კანონებს. თუ არადა, ყოველ შეცდომაზე მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ასეთ ღალატს არ პატიობს უფალი. მათი მიზანია, რომ ქართველმა არ იცხოვროს საკუთარ მიწაზე. ამბობენ, კახეთში ინდური სოფლებია. ყველა ხომ კარგად ვხედავთ, საქართველოში ყველა ჯურის ადამიანი ქართველზე კარგად ცხოვრობს. მიზანმიმართულად მოხდა ქართველი ხალხის უცხოეთში გადინება. მათ ჩაანაცვლეს უცხოტომელები. რაც საქართველოში ხდება, საერთაშორისო პრობლემაა და საერთაშორისო ძალისხმევა სჭირდება. თუ ფაშისტ სააკაშვილსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს აქვთ საერთო კავშირები და ამას იყენებენ კერძო პოლიტიკური ინტერესებისთვის, ჩვენმა ემიგრანტებმაც უნდა გაიგონ ის, რომ საერთაშორისო კონტაქტების გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ძალები უნდა გავაერთიანოთ. თუ ჩვენ აქ არ ვიქნებით და გავნადგურდებით, ჩვენი ემიგრანტები ვერასდროს დაბრუნდებიან საქართველოში.
თუ დემოკრატია და თავისუფლება უზნეობაა, მშობლიური მიწის გაყიდვა და გასხვისებაა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაა, ნარკოტიკების ლეგალიზაციაა, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შვილების წართმევაა, ოლიგარქო ბიძინა ივანიშვილო და ფაშისტო სააკაშვილო, ჩვენ ასეთი დემოკრატია არ გვჭირდება. ჩვენ ამისთვის ხმა არ მიგვიცია, რადგან ეს დემოკრატია კი არა, ეშმაკების აღლუმია. ტირანმა შევარდნაძემ ზარბაზნის სროლით მოიტანა ასეთი დემოკრატია.
რაც შეეხება თავისუფლებას, ის სულის მდგომარეობაა და ამათ საჯარო სკოლებში ამის სწავლება შეუძლებელია, რადგან, ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, საჯარო სკოლა მხოლოდ კაპიტალისტებისთვის მონებს ამზადებს და მათ არაფერი იციან თავისუფლებაზე. მათ ასწავლიან, რომ თავისუფლება გათახსირება ყოფილა. თავისუფლება უფლის სიტყვასთან მიახლოების გარეშე შეუძლებელია. მე ერთგან ვთქვი, რომ ველოდებოდით თავისუფლების გვირგვინს და გიჟის ხალათი ჩაგვაცვეს. ე.ი. ჩვენ მივდივართ სიგიჟისკენ და თავისუფალი გვგონია თავი. იმის თქმა მინდა, რომ თავისუფალი ის კი არაა, ვინც იმას აკეთებს, რაც მოესურვება. არამედ თავისუფალი ხარ მაშინ, როცა შენი ქმედება და საქციელი სათნოა უფლისთვის და რაც სათნოა უფლისთვის, ის სასარგებლოა შენი მოყვასისთვის. რუსი ფილოსოფოსი ბერდიაევი აღნიშნავდა: „თავისუფლება არის უფლება უთანასწორობაზე“, – აი, ვისი დებულებით ხელმძღვანელობენ, როცა თავისუფლებაზე ლაპარაკობენ ეს ვითომ „დემოკრატები“, უფრო სწორად, შეიარაღებული დემოკრატები. თავისუფლება გამორიცხავს უზნეობასა და უკეთურებას. თავისუფლება ზნეობისა და ტრადიციების ორბიტაზე ყოფნაა.
ქართულ სინამდვილეში თავისუფლებასთან მიმართება მეტად საფრთხილო და საპასუხისმგებლოა, რადგან ქართველი ნიჭიერი და თეატრალური ბუნებისაა. ამიტომ ხელისუფლება იდეოლოგიის განსაზღვრისას და ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გამომდინარეობდეს ქართველი ერის შინაგანი მორალური კონსტიტუციიდან. რაც სხვებისთვის შეუძლებელია, ქართველისთვის შეიძლება სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს. არ შეიძლება ერთ სივრცეში ამყოფო ცეცხლი და წყალი. ყველაფერს თავისი ადგილი და სახელი აქვს. მსოფლიო მებატონეები ახალი მსოფლიოს შექმნას ცდილობენ, ხალხების და ქვეყნების კიდევ უფრო მეტად დამონება სურთ, მთელი კაცობრიობის გაგიჟებას ცდილობენ. აბა, წარმოიდგინეთ ოჯახი ქართველისთვის, სადაც მამაც მამრია და დედაც მამრია. უკვე არიან ასეთები და მოქმედებენ კიდეც. ეს თავისუფლება კი არა, ღმერთის წინააღმდეგ აშკარა ბრძოლის გაჩაღებაა. და ამას ჩვენი ხელისუფლებები ხელს უწყობენ და ტაშს უკრავენ. მერე კი უკვირთ, რატომ სძულთ ხალხს და რატომ უნდათ მათი გაძევება და გადაშენება. ასევე საპარლამენტო ოპოზიცია – რომელმა გონებაზე მყოფმა ადამიანმა უნდა მისცეს მათ ხმა. ვიცი, ძნელია ცდუნების დაძლევა, თან ისეთი ცდუნების, როგორიცაა შეთავაზებული კოლოსალური თანხები, კომფორტი და ძალაუფლება, მაგრამ პატრიოტი ადამიანი უფლის მოშიშია. ასეთები არ იყიდებიან. უზნეოები იყიდებიან. მე არ მინდა, უზნეო ადამიანების საბატონო სახელმწიფო მქონდეს, თორემ ერი და სამშობლო ღვთაებრივი მყავს.
ახლა გამოდიან მოტყუებული ახალგაზრდები და ყვირიან, თავისუფლება სექსუალურ გარყვნილებასო. სხვა გამოდის და წიკვინებს, არ გათხოვდეთ, ოჯახი ძალადობის კერააო. ახლა სხვა კნავის, ერთნაირსქესიანები დაქორწინდნენ და ბავშვებიც იყიოლიონო. ეს კატასტროფა არ არის? განა, ეს ადამიანები შერყეულები არ არიან? ხელისუფლება კი ამას ყველაფერს ხელს უწყობს. დენდროლოგიური პარკი კარგია, მაგრამ ის ვერ გადაარჩენს სიყვარულს, რწმენას, სინდის-ნამუსს და ზოგადად, ქვეყანას. როცა ამ ყველაფერს უფიქრდები, გგონია, რომ ესენი არა თუ უნამუსოები, სასტიკი დამნაშავეები არიან. ზოგი გადმოაგდებს ენას და გვიკიჟინებს – თავისუფლება ნარკოტიკების ლეგალიზაციას! იქნებ, აგვიხსნათ, დაბოლილმა ერმა როგორ უნდა ააშენოს თავისი ქვეყანა და თავისი მომავალი? ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც ამათ თუ იმათ მიუძღვით, ესაა ახალგაზრდების ერთი ნაწილის მენტალური რღვევა. ყველაფერი გათვლილია ახალგაზრდა თაობის გადაგვარებისკენ. რაც შეეხება სამების ტაძრის აშენებით სპეკულირებას, რა აზრი აქვს ტაძარს, თუ იქ გადაგვარებულებიღა შევლენ, სადაც რწმენისა და სიყვარულის ნატამალიც არ იქნება??? შეიგნოს ყველამ, მთავარი ტაძარი სულიწმინდისა არის ადამიანი და მხოლოდ ადამიანი. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა აშენდეს ადამიანი სულიწმინდის ტაძრად და ასეთი ადამიანები უნდა ჩაერთონ ქვეყნის შენებაში. უღმერთოები ვერაფერს უფლის მოსაწონს ვერ გააკეთებენ, რადგან მათ უკვე ეშმაკთან აქვთ ხელშეკრულება დადებული. მტკივნეული და მოუშუშებელია ტერიტორიების დაპყრობა, მაგრამ გაცილებით რთული და მომაკვდინებელია სულის დაპყრობა, რადგან ჯანსაღი სულის მქონენი ტერიტორიებს დაიბრუნებენ, ხოლო სულდაკარგულს ან მიწა რაღაც უნდა და ან სამშობლო?
„გადი-გამოდი გუთანო,
გუთნის დედა მყავს უთავო“.
მეცენატობაზე პრეტენზიის მქონე ბიძინა ივანიშვილს ვეკითხები მე, ქართველი პოეტი: 1. სად არის ის ფაბრიკა-ქარხნები, ათასობით ადამიანი რომ უნდა დასაქმებულიყო? 2. სად არის აყვავებული სოფელი, კოოპერატივები რომ უნდა აშენებულიყო? გლეხი ზურგზე გდია. 3. სად არის განათლება, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები რომ ამოიღეთ სკოლის პროგრამიდან? 4. სად არის ქართული პროდუქცია, რატომ გვწამლავენ? 5. რატომ იხოცება ახალგაზრდობა სამუშაო ადგილებზე? 6. თქვენ რომ ამბობდით, მე ისეთ დემოკრატიულ ქვეყანას ავაშენებო, ეს არის თქვენი გასაოცარი დემოკრატია? 7. სად არის თქვენი სამართლიანობის აღდგენა? უდანაშაულო ადამიანები ციხეებში რომ აწამეს და ჩახოცეს სააკაშვილის ჯალათებმა, რომელი გამოიძიეთ? ჩვენ, მილიონ ას ოთხმოცდა ხუთმა ადამიანმა, ხმა იმიტომ მოგეცით, რომ ამ ჯალათებს პასუხი ეგოთ, თქვენი კი თითქმის ყველა მოაბრუნეთ. ერთი-ორს დაჭერობანას ეთამაშებით. 8. თქვენ არ დაგვპირდით, ყველა ქართული ოჯახი იგრძნობს სიკეთესო? მე, პოეტი, ღატაკი რატომ ვარ? ამომრჩევლის გადაგდებას ლექსით ვუპასუხებ:
„სული ზედმეტად ტკბილია,
ჭირმა რომ გამაკაჟა,
ვაგლახ, არა მყავს ილია,
და მეც არა ვარ ვაჟა.
დამიგეს ღვარძლის ფაცერი,
ორთავ მომტეხეს მხარი,
ლუკმა ვარ ქონდრის კაცების,
პოეტი მათხოვარი“.
-ბატონო გოჩა, თქვენ ბრძანეთ, ერთად დამდგარ ერს ეშმაკის ლეგიონიც ვერ დაამარცხებსო. მაინც, როგორ?
-300 ათასი ქართველი რომ გამოვარდეს ქუჩაში, დაიწყოს მასობრივი გაფიცვები, გაჩერდეს ტრანსპორტი, ოლიგარქია დამთავრდება. მე ვაძლევ ქართველ ხალხს პირობას, ასამდე ეროვნული ცნობიერების ადამიანს, პროფესიონალს მოვიყვან, რომლებიც სოფლის მეურნეობას, ეკონომიკას ააყვავებენ, განათლებას და კულტურას მიხედავენ, ასევე სოციალურ სფეროს. ჩვენ ამ ორ პოლუსს შორის გავიხლიჩეთ – ამერიკასა და რუსეთს შორის. ამას წინათ ტელევიზიით გამოვედი. ან, რატომ მიმიწვიეს? წამყვანმა არ მალაპარაკა. მაგრამ ლექსით ვთქვი უარესი. მერე იყო ემიგრანტის ემოციური ჩართვა – მოდით პოლიტიკაში, ბატონო გოჩა, სათავეში ჩაუდექით საერთო სახალხო ეროვნულ მოძრაობასო, და ეთერიც დამთავრდა.
ამას წინათ ერთმა ახლობელმა მითხრა, ბოდიში, გოჩა, მაგრამ დასუფთავების სამსახურში იმუშავებო? შრომა არ მეთაკილება-მეთქი. ხელფასი 1000 ლარამდე გექნებაო. მე ვიფიქრე, მეშველა-მეთქი, თურმე, აკადემიკოსად მოწყობა უფრო იოლია დღეს, ვიდრე დასუფთავებაში დასაქმება. ამიტომ თქვენთან საუბარს ამ ეტაპზე ჩემი ერთი ლექსით დავასრულებ:
„მე წინაპართან შევკრულვარ ფიცით,
ფიცით ქართული მთისა და ბარის,
მე მტერთან ერთი პირობა ვიცი,
თავზე დამხობა ჭერის და ბანის“.
ნანა სულავა, ალია №29
გაგრძელება, დასაწყისი იხ. „ალია“ №28
კომენტარები