„ოცნების“ შიდა სამზარეულოში კი კვლავ დიდი არეულობაა. წესითა და რიგით, მმართველ გუნდს სიის პირველი ათეული გასულ კვირას უნდა დაესახელებინა, შემდეგ მეორე ათეული და ასე, თვის ბოლომდე 40 კაცზე უნდა ასულიყო (უფრო სწორედ, 30 კაცზე და 10 ქალბატონზე), მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს და ახლა ამტკიცებენ, სრულ სიას თვის ბოლოს დავდებთო. სერიოზული ეჭვი გვაქვს, ეს თვის ბოლო 10 სექტემბრამდე გადაიწევს, რადგან ყველაზე მეტად „ოცნებას“ სიაში ვერმოხვედრილი ადამიანების შურისძიების ეშინია და ამიტომ, დროს მაქსიმალურად გაწელავს. ისე, რამდენიმე ადამიანმა გარანტირებულად იცის, რომ სიაში იქნება და ისინი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები. სახელებსა და გვარებს ვრცლად შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ, მანამდე კი…
როგორც გვეუბნებიან, ივანიშვილი ძალიან უკმაყოფილოა პარტიაში შესული შემოწირულობების ოდენობით. მან ყველაზე კარგად იცის, რომ რაც ნაკლები იქნება პარტიული ბიუჯეტი, მით მეტი თანხის გაღება მოუწევს თავად მას და სწორედ ამიტომ, გუნდის ლიდერები შეაფუცხუნა, თუ მსურველებს ვერ პოულობთ, კეთილი ინებეთ და თანხები თავად შემოწირეთო. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ შემოწირულობებში დეპუტატების „დანაზოგი“ სოლიდურად იქნება წარმოდგენილი.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, არჩევნებისთვის მზადების პარალელურად, „ქართულ ოცნებაში“ იმისთვისაც სცალიათ, რომ რიგ მუნიციპალიტეტებში კვლავ იგეგმება მერების შეცვლა. შეცვლა რა, შინ გაშვება და ეს პროცესი აქტიური სწორედ არჩევნების მიმდინარეობისას იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ოქტომბრის ბოლოდან გადაყენებული მერის ადგილმონაცვლე მისი პირველი მოადგილე ხდება და რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე წელზე ნაკლები იქნება დარჩენილი, პირველი მოადგილე 2021 წლის ბოლომდე მერის მოვალეობას შეასრულებს. „ლაფათქაზე“ არც თუ მცირე ზომის მუნიციპალიტეტების პირველი პირები არიან და ნურც იმას გაიკვირვებთ, თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში, არჩევნების შემდეგ „მოულოდნელად“ პირველ მოადგილედ ამ მოწვევის პარლამენტარი დანიშნეს, შემდეგ კი მოვალეობის შესრულებაც დააკისრეს. ასეთი მოთხოვნები და მოსაზრებები „ოცნებაში“ მრავლად არის და არც თუ უსაფუძვლოდ.
ანი დვალიშვილი, ალია №29
კომენტარები