დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, ჯამში 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს.
„ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებპლატფორმა – WWW.CHARGERS.TBILISI.GOV.GE, სადაც ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 118 მოთხოვნაა დაფიქსირებული. კონკრეტულ ადგილებზე უკვე დამონტაჟებულია 28 დამტენი, ასევე, 12-ის მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის შემდეგ დამტენებით სარგებლობა ფასიანი იქნება. ფასი მას შემდეგ დადგინდება, რაც აუქციონს გამოვაცხადებთ და გამარჯვებული კომპანია გვეყოლება“
კომენტარები